ტეხასის შტატის ქალაქ ლაფკინში მცხოვრებ მეგან ფარს სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება არასრულწლოვანი შვილებისთვის ტატუს გაკეთებას, თანაც ძალადობრივი გზით. მეგან ფარის მეუღლეს, განერ ფარს, აპრილში ამავე საქმეზე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მეგან ფარმა აპრილში აღიარა დანაშაული — ბავშვის უკანონო თავისუფლების აღკვეთა და არასრულწლოვნისთვის ზიანის მიყენება. მან აირჩია, რომ სასჯელი ნაფიც მსაჯულთა კოლეგიას კი არა, მოსამართლე ტოდ კასავს დაედგინა. სასამართლომ მას ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა უკანონო თავისუფლების აღკვეთისთვის და სამი წლით — ბავშვისთვის ზიანის მიყენებისთვის. სასჯელები პატიმარმა ერთდროულად უნდა მოიხადოს.
განაჩენის გამოტანამდე მეგან ფარმა სასამართლოსა და საკუთარ შვილებს მიმართა. წერილში, რომელიც ხმამაღლა წაიკითხეს, იგი წერდა: „მინდოდა კარგი დედა ვყოფილიყავი... ყველაფერს გავაკეთებდი, რომ მიყენებული ზიანი გამესწორებინა.“ შვილებს კი ასე მიმართა: „თქვენ უსაზღვროდ მიყვარხართ. ვერ შევძელი თქვენთვის უსაფრთხო ვყოფილიყავი.“
სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ოჯახმა მასთან დამშვიდობება შეძლო. შვილებმა დედას ბოლოს ერთხელ მოეხვივნენ, რის შემდეგაც ის ხელბორკილებით გაიყვანეს დარბაზიდან.
პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაული 2023 წლის აპრილში მოხდა. გამოძიების მასალებით დადგენილია, რომ მეგან ფარმა ხუთი წლის ბავშვს ხელ-ფეხი შეუკრა, პირი წებოვანი ლენტით დაუხურა და სახე დაუფარა, რადგან ბავშვი ქმრის, განერ ფარის, მიერ ტატუს გაკეთებას ეწინააღმდეგებოდა.
ტატუ გაუკეთეს ასევე ცხრა წლის ბავშვს. ხუთი წლის გოგონას ფეხზე ტატუ მასწავლებლებმა აღმოაჩინეს, როცა ბავშვმა ფეხის ტკივილზე დაიჩივლა. ცოტა ხანში გამოვლინდა ცხრა წლის ბავშვის ტატუც.
საქმის გახმაურების შემდეგ მეგან ფარმა ბავშვებისთვის ტატუს მოცილება ლიმონის წვენის, მარილისა და ძმრის ნარევით, ასევე უხეში საწმენდი ღრუბლით სცადა. ამან უარესი დაზიანება გამოიწვია.
შემდგომში გაირკვა, რომ ხუთი წლის ბავშვისთვის ტატუს წაშლა ფეხიდან კანის მოცილების გზით სცადეს, რამაც მძიმე დაზიანება გამოიწვია.
გამოძიების მიმდინარეობისას, პროკურატურის ცნობით, მეგან ფარი უარყოფდა, რომ ბავშვებს ტატუ ჰქონდათ და აცხადებდა, თითქოს ეს მხოლოდ კალმით გაკეთებული ნახატი იყო. მან სამართალდამცავებს დაუმალა ცხრა წლის ბავშვი, დროებით გამოიყვანა შვილები სკოლიდან, დამალა ტატუს აპარატურა, რათა გამოძიებისთვის მიუწვდომელი ყოფილიყო.
სასამართლო პროცესზე მოსამართლე ტოდ კასავმა აღნიშნა, რომ ბრალდებულმა მშობელთა აღზრდის კურსები გაიარა და გარკვეული ცვლილებები შეიმჩნევა, თუმცა დასძინა: „ეს არ ცვლის იმ ქმედებების შედეგებს, რომლებიც თქვენ ჩაიდინეთ.“