"ეს არ ემსახურება 6 წლამდე ასაკის ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს..." - მშობელთა მოთხოვნა, 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში იმ ბავშვების ჩარიცხვის უფლებაზე, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ, არ დაკმაყოფილდა - მშობლები

"ეს არ ემსახურება 6 წლამდე ასაკის ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს..." - მშობელთა მოთხოვნა, 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში იმ ბავშვების ჩარიცხვის უფლებაზე, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ, არ დაკმაყოფილდა

2026-02-21 10:11:34+04:00

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტმა არ გაიზიარა მშობელთა მოთხოვნა,რომლებიც 2026-2027 სასწავლო წლისთვის გამონაკლისის დაშვებას და პირველ კლასში იმ ბავშვების ჩარიცხვის უფლებას ითხოვენ, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

აღნიშნული მოთხოვნა პარლამენტს პეტიციის სახით წარედგინა და ის საკანონმდებლო ორგანოში 500-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით შევიდა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პეტიციაზე იმსჯელა და დასმულ საკითხზე განხილვის გაგრძელება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

პეტიციაში საუბარია 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვებისთვის გამონაკლისის დაშვებაზე. პეტიციის ავტორებმა ხელისუფლებას საკითხის გადაჭრის ორ გზა შესთავაზეს - 2026/2027 სასწავლო წლისათვის, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვებისთვის მიეცათ ან სკოლისთვის მზაობის შეფასების მექანიზმის გამოყენებით იმ ბავშვების მზაობის შეფასება მომხდარიყო, რომელთაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ და 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვაზე გადაწყვეტილების მიღება შეფასების საფუძველზე მომხდარიყო.

როგორც კომიტეტის სხდომაზე პეტიციის ავტორთა მხრიდან აღინიშნა, გარკვეული გარემოების გამო ბავშვები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და სახელმწიფო მათ წინაშე პასუხისმგებელი იყო. ყურადღება იმაზეც გამახვილდა, რომ პარლამენტმა ორი წლის წინ მიღებული კანონით, ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში უსრულდებოდათ, პირველ კლასში დარეგისტრირების უფლება მისცა.

„მე წარმოვადგენ მშობლებს, რომელთა შვილებსაც უნდა გადაუწყვიტოთ, მისცემთ თუ არა შანსს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობდნენ და სკოლაში მისვლის და განათლების მიღების უფლება ჰქონდეთ. ჩვენ პარლამენტში პეტიციით მოვედით, რათა გვქონდეს სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ გამონაკლისი დაუშვათ.

მანამდე არსებული კანონის შესაბამისად, ბავშვები მზად იყვნენ, რომ სკოლაში შესულიყვნენ. სკოლის გარეშე დარჩენა ბავშვებისთვის დიდი სტრესი იქნება, როცა მათი ყველა თანატოლი სკოლაში წავა და ესენი სკოლის გარეშე რჩებიან. გარდა ამისა, ეს ბავშვები განვითარების ისეთ ეტაპზე არიან, რომ მზად არიან სკოლისთვის და ამ დროს მათთვის იმის თქმა, რომ განვითარების იგივე ეტაპი უნდა გაიარონ, ბავშვების მიმართ დიდი უსამართლობა იქნება“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე პეტიციაზე ერთ-ერთმა ხელმომწერმა მარიამ ბოხუამ.

მშობლებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა სამინისტროს წერილობითი პასუხი გააცნო. როგორც უწყება, ასევე განათლების კომიტეტი აცხადებს, რომ პეტიციის ფარგლებში დაყენებული მოთხოვნა 6 წლამდე ასაკის ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს არ ემსახურება.

„კონსტიტუციით სკოლამდელი განათლება სავალდებულო არ არის. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე - პირველ კლასში სწავლას იწყებენ ბავშვები როგორც სკოლამდელი განათლების გამოცდილებით, ასევე მის გარეშე. ასევე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები მკაფიოდ განსაზღვრავს ბავშვის განვითარების იმ კომპეტენციებსა და უნარებს, რომელიც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის არის აუცილებელი. ბავშვის სასკოლო მზაობა მხოლოდ აკადემიური ცოდნით არ შემოიფარგლება. ის მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე კოგნიტიურ, ემოციურ, სოციალურ და ქცევის მზაობას, რაც ასაკთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასკოლო მზაობის პროგრამების განახლება დაასრულა. 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში, 5-6 წლიან ასაკობრივ ჯგუფებში ახალ კურიკულუმს განახორციელებენ, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ჰოლისტურ განვითარებას - მათ შორის სოციალურ, ემოციურ, მოტორულ და კვლევის უნარების განვითარებას, ცნობისმოყვარეობის და შემოქმედებით უნარებთან ერთად, სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებულია და მანამდე მოქმედ რესურსთან შედარებით საკმაოდ გამდიდრებულია პრაქტიკული სცენარებით და მაგალითებით, განახლებული გეგმის ნიმუშებით სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში გადაღებული ვიდეო მაგალითებით. კურიკულუმი შინაარსობრივად სრულიად შეიცვალა, რაც გასათვალისწინებელია როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პეტიციით მოთხოვნილ პირველ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს ამის განხილვა მიზანშეუწონლად მიაჩნია, ვინაიდან ეს არ ემსახურება 6 წლამდე ასაკის ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს. განაგრძეთ კითხვა

პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ ბავშვებს, რომლებიც, ტერიტორიული პრინციპით, კონკრეტულ სკოლასთან ახლოს ცხოვრობენ - რა სიახლეებია პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში
პირველკლასელების საყოველთაო რეგისტრაციის პროცესში ცვლილებაა - რას გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის შესაძლებლობა