"დედის გარდაცვალების შემდეგ ჩემი ბღავილი მთელ საბურთალოს ესმოდა. კინაღამ მომკლა დედაჩემის სიკვდილმა..." - ნუგზარ რუხაძე დედის გარდაცვალებაზე - მშობლები

"დედის გარდაცვალების შემდეგ ჩემი ბღავილი მთელ საბურთალოს ესმოდა. კინაღამ მომკლა დედაჩემის სიკვდილმა..." - ნუგზარ რუხაძე დედის გარდაცვალებაზე

2026-02-23 10:39:10+04:00

ჟურნალისტი, ინგლისური ენის სპეციალისტი, ნუგზარ რუხაძე, გადაცემაში "ნოესთან" დედის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მისი გარდაცვალება ძალიან მძიმედ გადაიტანა:

- ცხონებული მამაჩემი ძალიან ადრე გარდაიცვალა. 43 წლის ვაჟკაცი გამოგვეცალა ხელიდან. მარჩენალი მამა და უსაყვარლესი კაცი. მე 14 წლის ვიყავი, ეს რომ მოხდა. დედას ვეხმარებოდი. იმიტომ დავიწყე მუშაობა და ენის სწავლება. სტუდენტობის დროს არასდროს გავჩერებულვარ. სულ ვასწავლიდი ენას. რა თქმა უნდა, ეს ფული ნელ-ნელა გაიზარდა. ასე იყო თუ - ისე, თავის რჩენა შეიძლებოდა. დედაჩემს, რომელიც ადრე, 39 წლის ასაკში დაქვრივდა, მხარში დავუდექი, ძალიან კაცურად ისე, რომ ოჯახს ჩემი ხელი დავატყვე.

დედის გარდაცვალების შემდეგ ჩემი ბღავილი მთელ საბურთალოს ესმოდა. დედაჩემს ისე მოვთქვამდი, როგორც დედაკაცი. კინაღამ მომკლა დედაჩემის სიკვდილმა. იმიტომ კი არა, რომ მე სხვაზე მეტად მიყვარს დედა. არა, დედა მიყვარს ისე, როგორც თქვენ ან სხვა ადამიანს უყვარს. მაგრამ, ერთ ამბავს მოგიყვებით და მიხვდებით, რაშია საქმე:

ავად იყო... ჩემმა დამ შემომითვალა, ცუდადაა და ეს წამალი უნდაო. ავთვისებიანი იყო... ჩამოვედი, ცოცხალი დამხვდა, მაგრამ ძლივს დაბარბაცებდა, ძალიან გამხდარი, ძლივს დადიოდა, მაგრამ მაინც დადიოდა, დაცოცავდა. რომ ჩამოვედი, თავისი საძინებელი დამითმო. თვითონ ლოჯში გავიდა. ერთ დილას თვალი რომ გავახილე, ნახევრად მეძინა, მაგრამ ვხედავდი, ჩემკენ რაღაც ლანდი მოდიოდა. დედაჩემი მოდიოდა, ჯოხით ხელში, ნელ-ნელა. ფანჯარასთან მივიდა, დარაბა დახურა და ფარდა გადაწია. ჩემზე, ამ ხნის კაცზე, იფიქრა, ბავშვი არ გამიღვიძოსო. მერე გაცოცდა და ძლივს წავიდა თავის ადგილას, ლოჯში. ამას ყველა დედა იზამდა, მაგრამ მაგალითი ჩემია. მე შემხვდა ეს ამბავი...

დედაჩემი ძალიან მკაცრი ქალი იყო, რომელმაც ბავშვობაში შრომაში ამომხადა სული. არ მასვენებდა. სოფელში რომ მივდიოდით, როგორც მონას, ისე მაშრომებდა. ძალიან მომთხოვნი იყო. მაგრამ, სიკეთით სავსე იყო. რომ გარდაიცვალა, ჩვენი ნათესავები მოსთქვამდნენ, მორჩა, ჩვენი ნათესაობის წებო აღარ არის, ამით ყველაფერი დამთავრდაო... მართლა ასე მოხდა, დედაჩემი რომ წავიდა, ერთმანეთი დავკარგეთ. ყველას უვლიდა. ქმრისა და თავის ნათესავებს, თავის ძმებსა და მაზლებს ისე აერთებდა ბუნებრივად, ოჯახურად, რომ დედაჩემის ხელში, ჩვენს ყურებას არაფერი ჯობდა. დაგენანებოდა, აბა, რა იქნებოდა?!

ჩემი ბღავილი და ტირილი კიდევ იცით რამ გამოიწვია? დიდხანს წასული რომ ვიყავი, დედაჩემთან სიყვარულით გული ვერ ვიჯერე. ძალიან დიდხანს ვიყავი ხოლმე წასული. ხან ნეპალში გადავიკარგე, ხან ინდოეთში, ხან ეგვიპტეში, ხან ინგლისში, ხან - ამერიკაში. სულ წასული ვიყავი. 84 წლიდან, ალბათ, 35 წელი მაინც საზღვარგარეთ მაქვს გატარებული. სულ მონატრებაში იყო, სულ შარას გასცქეროდა, რომ ახლა გამოჩნდებაო. ამან დამწყვიტა გული. მაგრად მენატრება...