როგორ შევინარჩუნოთ რკინა ხორციდან და როგორ მივიღოთ კალცის დღიური დოზა რძით - მარი მალაზონიას რჩევები - მშობლები

როგორ შევინარჩუნოთ რკინა ხორციდან და როგორ მივიღოთ კალცის დღიური დოზა რძით - მარი მალაზონიას რჩევები

2026-02-23 11:50:17+04:00

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს რატომ არ უნდა მივაყოლოთ ხორცს რძის ნაწარმი, რატომ არ არის სასურველი, ჩაი ან ყავა ძირითად კვებას მაშინვე დავაყოლოთ და როგორ გავზომოთ კალციუმის რაოდენობა რძით:

- თუ ხორციან კერძს ყველის ნაჭერს მიაყოლებთ, დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ეს კომბინაცია ძალიან უყვარს. მაგრამ, ორგანიზმი დილემის წინაშე აღმოჩნდება. მას გაუჭირდება, შეინარჩუნოს რკინა და შეიძლება, ასეთი რთული არჩევანის პირობებში ვერც რკინა შეითვისოს სათანადო რაოდენობით და ვერც კალციუმი. ხორციან პროდუქტებსა და რძის ნაწარმს შორის 2-საათიანი ინტერვალი მაინც უნდა იყოს იმისათვის, რომ ხორციდან რკინა სრულფასოვნად შევითვისოთ, რძის ნაწარმიდან - კალციუმი.

- როგორ გავზომოთ კალციუმის რაოდენობა რძით და რა არის რეკომენდებული დოზა ასაკობრივ ჭრილში?

- ერთი ჭიქა რძე, დაახლოებით, 300 მილიგრამი კალციუმი გახლავთ. 11-დან 18 წლის ჩათვლით რეკომენდებულია, 1300 მილიგრამი კალციუმი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი ჭიქა 300 მილიგრამია, ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 4 ჭიქაზე მეტი გამოდის. 19-დან 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, 3 ჭიქაზე ცოტა მეტ რძეს ვითვალისწინებთ, რადგან 1000 მილიგრამ კალციუმზეა ლაპარაკი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ 50 წლის შემდეგ, აქ ასაკთან ასოცირებული საჭიროება აუცილებლად უნდა გავიხსენოთ და 1200 მილიგრამი კალციუმია რეკომენდებული.

- რატომ არ არის სასურველი, ჩაი ან ყავა მაშინვე დავაყოლოთ ძირითად კვებას?

- როდესაც ძირითად კვებას მაშინვე ყავას ან ჩაის დავაყოლებთ, ეს მაინცდამაინც კარგი გადაწყვეტილება არ არის. აღმოსავლური ტრადიცია ჩაის სმისა, ყოველთვის ცალკე, განყენებულად, მარტო ამ პროდუქტის მოხმარებას გულისხმობს. ანუ, ძირითადი კვებიდან დისტანცირებულად. იმიტომ, რომ ჩაისა და ყავაში არსებული ფიტინის მჟავა ასევე კალციუმს, რკინას, მაგნიუმს და მრავალ სხვა მინერალს გვაკარგვინებს. რკინის შემთხვევაში, ხორცის წყარო შეიძლება, უფრო ადვილად გაუმკლავდეს და ნაკლები დავკარგოთ. მაგრამ, თუ მცენარეული პროდუქტებისგან მომზადებული კერძი მივიღეთ და იქიდან ვივსებთ კალციუმს ან რკინას, ასეთ შემთხვევაში, ეს მინერალები შეიძლება, დაკარგვისთვის იყოს განწირული, თუ კვებას მაშინვე ჩაისა და ყავას დავაყოლებთ.

- შედის თუ არა კარაქი და კრემყველი რძის პროდუქტის კატეგორიაში?

- კარაქი, კრემყველი, კრემი და მსგავსი პროდუქტები რძის ნაწარმად არ ითვლება. ანუ, მათში კალციუმის დონე იმდენად დაბალია, რომ რძე და რძის ნაწარმი, რომლებიც კალციუმის მაღალი შემცველობით უნდა გამოირჩეოდეს, მათ თავის ჯგუფში ვერ ითვისებს. თანამედროვე კლასიფიკაციით, მიუხედავად იმისა, რომ კარაქი რძის ნაღებისგან მიიღება, კალციუმის დაბალი შემცველობის გამო, რძის ნაწარმად არ განიხილება.

სწორედ ასე შეიძლება, გამოიყურებოდეს, მაგალითად, სოიოს რძე. მოგეხსენებათ, სოიო პარკოსანია და ცხოველური წარმოშობის ნატურალურ რძესთან სრულიად შეუსაბამოა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თანამედროვე მეცნიერება, კალციუმით გამდიდრებულ, ე.წ. ფორტიფიცირებულ სოიოს რძეს რძის ნაწარმად განიხილავს. ეს ყველაფერი ცოტა უჩვეულოდ ჟღერს. მაგრამ, მე ვფიქრობ, ამის გათვალისწინება ყოველდღიურ რეალობაში გვჭირდება, როდესაც ერთი შეხედვით, დამკვიდრებული სტერეოტიპის შესაბამისად ვირჩევთ პროდუქტებს და სწორედ ჩვენმა ინტუიციურმა, ან სტერეოტიპზე დაფუძნებულმა არჩევანმა შეიძლება, შეცდომაში შეგვიყვანოს და კალციუმის შევსების მოლოდინში, სხვა პროდუქტები ავირჩიოთ, რომლებიც ნაკლებად დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას.

როგორ გამოვიყენოთ და მოვამზადოთ შვრია სწორად, რომ მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებები არ დავკარგოთ - მარი მალაზონია საუბრობს