ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გამთენიისას მოხდა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ახალშობილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ამავე კლინიკაშია მოთავსებული დედაც.
"კლინიკა მედინას თანამშრომელი იყო, ქმარი გარდაცვლილი ჰყოლია, ორი ბიჭი ჰყავს, თანამშრომლებთან არ ამბობდა ფეხმძიმობის შესახებ. დღეს დილით საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოჭრა, ქალი საოპერაციოში შეიყვანეს, ბავშვი გადარჩა და რეანიმაციაში. ქალი კი პალატაშია გადაყვანილი", - აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.
კლინიკა "მედინას" კლინიკური დირექტორი, ექიმი, ჯუმბერ უნგიაძე აცხადებს, რომ ქალს ფსიქიატრიული შემოწმება უტარდება.
"საპირფარეშოში შესულა და უმშობიარია....ჰქონია მცდელობა [მკვლელობის], ნუ, მკვდარია ეს ბავშვი, ყელი აქვს გამოღადრული. არ გამოვიდა საპირფარეშოდან და ამ ბავშვსაც, ქალსაც უამრავი სისხლის ჰქონდა დაკარგული, მერე ერთი ამბავი ატყდა. ბავშვი არის ცოცხალი, მაგრამ ფაქტობრივად, ყელი აქვს გამოღადრული. შეიძლება ტრაქეაც იყოს დაზიანებული. ფსიქიატრს დავუძახეთ, დაცვა დავაყენეთ, რომ თავი არ მოიკლას", - განაცხადა ექიმმა "ტვ. პირველთან".
"განყოფილების გამგემ ჰკითხა, ფეხმძიმედ ხომ არ ხარო - იქით დაუწყია წყევლა თანამშრომლებისთვის. ეტყობა გავსუქდიო," - აცხადებს უნგიაძე.
"ტვ.პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 40 წლამდე ქალი, რომელმაც ბავშვს ჯერ ყელი გამოღადრა, მის მოშორებას პარკით, ნაგავსაყრელზე გადაგდებით ცდილობდა.
ის ამავე კლინიკაში უმცროსი მედდა იყო. მისი სამორიგეო საათების დროს ქალი გაუჩინარდა. დიდხნიანი ძებნის შემდეგ კი პერსონალმა საპირფარეშოში იპოვა. ჩვილი პოლიეთილენის პარკში სისხლისგან იცლებოდა. სავარაუდოდ, ფიზიკური ზეწოლის შედეგად ყელსა და სახეზე უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა. ახალშობილისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ამ დრომდე იბრძვიან.
სავარაუდო მოტივი, არასასურველი ნაყოფის თავიდან მოშორება გახდა. კლინიკის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ქალი 8 თვის განმავლობაში ფეხმძიმობას მალავდა.
კლინიკა "მედინაში" საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 40 წლამდე ქალს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.