„ჩვენ საგნებს კი არ ვასწავლით, არამედ საგნების მეშვეობით ბავშვს ვავითარებთ“ – „მწვანე სკოლის“ ქსელის დამფუძნებელი ბაკურ სულაკაური - მშობლები

„ჩვენ საგნებს კი არ ვასწავლით, არამედ საგნების მეშვეობით ბავშვს ვავითარებთ“ – „მწვანე სკოლის“ ქსელის დამფუძნებელი ბაკურ სულაკაური

2026-02-23 15:05:58+04:00

დღეს აქტუალურია იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური სკოლა. არის თუ არა ეს ადგილი, სადაც მხოლოდ აკადემიურ ცოდნას გასცემენ, თუ სივრცე, რომელიც ბავშვის პიროვნულ ფორმირებაზეა პასუხისმგებელი?

რეალურად ეს არის გარემო, სადაც პიროვნების ფუნდამენტი იგება, ყალიბდება ღირებულებები, მსოფლმხედველობა და ის სოციალური უნარები, რომლებიც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება. სწორედ სასკოლო ასაკში ხდება თვითშემეცნების პირველი ნაბიჯების გადადგმა, საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების აღმოჩენა. თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია, სკოლის როლი შეიცვალა: მისი მთავარი მისია უკვე არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ ბავშვის ემოციური ინტელექტის განვითარება, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და იმ შემოქმედებითი პოტენციალის გაღვიძებაა, რომელიც თითოეულ მათგანში ინდივიდუალურად არსებობს.

შესაძლებელია თუ არა, რომ სწავლის პროცესი სიხარულთან ასოცირდებოდეს და როგორ უნდა მოახერხოს ეს სკოლამ? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „მწვანე სკოლის“ ქსელის გენერალური დირექტორი ბაკურ სულაკაური გვესაუბრება.

634988925-1513778126939802-5321828064192746772-n-1771844808.jpg

ბატონო ბაკურ, რას ნიშნავს რეალურად ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა და რით განსხვავდება ის ტრადიციული სწავლებისგან?

როდესაც ვსაუბრობთ ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომაზე, უნდა გვესმოდეს, რომ სკოლაში ცენტრალური ფიგურა სწორედ მოსწავლეა. ხშირად გვხვდება მეთოდოლოგია, სადაც მთავარი ამოსავალი წერტილი სასწავლო პროგრამაა. ის არის უცვლელი მოცემულობა, რომელსაც ბავშვი უნდა მოერგოს, მიუხედავად მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა. ჩვენი მიდგომა კი განსხვავებულია.

ბავშვზე ორიენტირებულობა ნიშნავს იმას, რომ სწავლის პროცესში სრულად ვითვალისწინებთ ბავშვის განვითარების კოგნიტიურ, ემოციურ და სოციალურ თავისებურებებს. სწავლება ისე იგეგმება, რომ მოსწავლემ თავი დაცულად იგრძნოს. უსაფრთხოება აქ არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ გარემოს. ეს არის ფსიქოლოგიური უსაფრთხოებაც. ბავშვს არ უნდა ეშინოდეს შეცდომის დაშვების ან კითხვის დასმის. ჩვენ საგნებს კი არ ვასწავლით, არამედ საგნების მეშვეობით ვავითარებთ ბავშვს.

592069360-759646217209983-9103149254375256172-n-1771844828.jpg

როგორ ხდება მოსწავლეების შეფასება თქვენს სკოლაში?

ტრადიციულად სკოლებში შეფასება ხდება იმის მიხედვით, თუ რამდენად დაძლია ბავშვმა სასწავლო პროგრამა. ჩვენს შემთხვევაში აქცენტი ბავშვის პერსონალურ განვითარებაზე კეთდება. სწორედ ამიტომ, პირველი ექვსი კლასის განმავლობაში ჩვენთან ნიშნები საერთოდ არ იწერება. ამის ნაცვლად, ვიყენებთ განმავითარებელ შეფასებას. პედაგოგები აკვირდებიან ბავშვის წინსვლას ყველა მიმართულებით და ამის შესახებ დეტალურ რეპორტინგს აკეთებენ. ეს გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ ბავშვის ძლიერი მხარეები და დავეხმაროთ მას სირთულეების დაძლევაში.

„მწვანე სკოლა“ დიდ ყურადღებას აქცევს ბუნებასთან სიახლოვეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ნაძალადევის კამპუსი, რომელიც ფაქტობრივად ტყეში მდებარეობს. რამდენად დიდ როლს თამაშობს ინფრასტრუქტურა და ბუნებასთან სიახლოვე აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში?

„მწვანე სკოლისთვის“ პრიორიტეტულია, რომ ბავშვებმა გარკვეული დრო ბუნებაში გაატარონ. თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ სუფთა ჰაერზე ყოფნა და ღია სივრცეში აქტივობა პირდაპირპროპორციულად აუმჯობესებს აკადემიურ შედეგებს.

შიდა სასკოლო სტანდარტით, ბავშვმა დღეში მინიმუმ ერთი საათი გარეთ უნდა გაატაროს. მასწავლებლები გაკვეთილების ნაწილს ეზოში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ატარებენ. ეს ცვლის გაკვეთილის დინამიკას და სწავლას უფრო საინტერესოს ხდის.

636891275-4212655922284546-208891497551543644-n-1771844851.jpg

დავალებების მომზადების პროცესი ხშირად სტრესულია როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის. როგორია თქვენი მიდგომა ამ საკითხის მიმართ? ბავშვს უნდა ჰქონდეს თუ არა საშინაო დავალება?

ჩვენი მიდგომაა, რომ ბავშვმა დავალებები სკოლაშივე მოამზადოს. არ შეიძლება მოზარდი და განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლე მთელი დღე მხოლოდ სწავლით იყოს დაკავებული.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ბავშვს სჭირდება თავისუფალი დრო საკუთარი ინტერესებისთვის. დავალება არ უნდა იყოს ისეთი მოცულობის ან სირთულის, რომ სახლში მისულმა მოსწავლემ კიდევ საათები გაატაროს სამუშაო მაგიდასთან. ამავდროულად, ჩვენ არ ვაძლევთ ისეთ დავალებებს, რომელთა დამოუკიდებლად დაძლევაც ბავშვს არ შეუძლია.

რას სთავაზობთ მოსწავლეებს არაფორმალური განათლების მიმართულებით?

აკადემიური პროგრამის პარალელურად, „მწვანე სკოლაში“ კლუბების მრავალფეროვანი არჩევანია. კლუბები მოიცავს სხვადასხვა სფეროს ლიტერატურიდან დაწყებული, კულინარიით დასრულებული. გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები სწორედ იმ მიმართულებებით არიან დაკავებულნი, რაც მათ აინტერესებთ.

637700495-2001802860740511-1141566252239958783-n-1771844873.jpg

როგორია „მწვანე სკოლის“ მიდგომა ფორმებთან დაკავშირებით?

ამ საკითხზე ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს. თუმცა, განვითარებული განათლების სისტემების გამოცდილებამ დაადასტურა, რომ სკოლის ფორმა არ ახდენს გავლენას არც დისციპლინაზე, არც აკადემიურ შედეგებზე და არც ბულინგის შემცირებაზე. სწორედ ამიტომ ჩვენთან ფორმები არ არის.

რას ურჩევდით მშობლებს, რომლებიც ახლა არჩევენ სკოლას?

ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ბავშვის ცხოვრებაზე გავლენას ახდენს.

ხშირად მშობლები არჩევანს ინტუიციურად აკეთებენ. როდესაც ისინი ჩვენს სივრცეში ხვდებიან, გრძნობენ იმ განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რომელიც აქ სუფევს. ჩვენი სკოლა მათთვისაა, ვისაც უნდა, რომ შვილი ნაკლებად სტრესულ გარემოში გაიზარდოს. ბავშვი ბუნებით ცნობისმოყვარეა და ჩვენი ამოცანაა, ეს ცნობისმოყვარეობა არ ჩავუკლათ. სწავლის პროცესი უნდა ანიჭებდეს სიამოვნებას და არა ტრავმას.

„მწვანე სკოლა“ ქმნის გარემოს, რომელიც არის უსაფრთხო, კომფორტული და შინაგან მოტივაციაზე ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, ბავშვებს სკოლაში მოსვლა უხაროდეთ. ეს ხდება არა ნიშნების ან სასჯელის შიშით, არამედ იმის გამო, რომ სწავლისა და აღმოჩენების პროცესი მათთვის სასიამოვნოა. ჩვენი ოთხივე კამპუსი სხვადასხვა ლოკაციაზე სწორედ ამ ერთიანი ფილოსოფიითა და პროგრამით მუშაობს, რათა ხარისხიანი განათლება გეოგრაფიულადაც ხელმისაწვდომი იყოს.

R