მაღაზია „ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის, „წიგნის კაცის“ ემოციური და მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა. ეს ნამუშევარი მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, ირაკლი გაგნიძეს და მის ხსოვნას ეძღვნება.
პრეზენტაციამ გააერთიანა ადამიანები, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ირაკლი გაგნიძის გამორჩეული ღვაწლი ქართული წიგნიერების წინაშე.
„წიგნის კაცი“ - გიორგი კეკელიძის ნამუშევარი არის ერთგვარი ძეგლი ადამიანისა, რომელმაც საკუთარი ცხოვრება წიგნიერების გავრცელების საქვეყნო საქმეს მიუძღვნა.
რატომ უნდა წაიკითხონ ეს წიგნი მათ, ვინც ირაკლი გაგნიძეს არ იცნობდა?
„წიგნის კაცი“ არ არის მხოლოდ ბიოგრაფიული ნარკვევი. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს, საკუთარი სტრატეგიული გადაწყვეტილებებითა და თანამედროვე მიდგომებით, წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. მათთვის, ვინც არ იცნობდა ირაკლი გაგნიძეს, ეს წიგნი იქნება აღმოჩენა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მმართველი, რომლის მთავარი მოტივაცია ქვეყნის განათლება და წიგნიერების ამაღლებაა.
„ეს წიგნი ეხება ირაკლი გაგნიძეს, ოღონდ არ არის ტიპური ბიოგრაფია, უფრო ემოციური ესკიზებია. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი ადამიანისთვის მისი მარადისობის ყველაზე უფრო უკეთესი მისამართი იქნებოდა სწორედ წიგნი... დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ბუნებრივია ბოლო ამბავი, რომელიც ირაკლიზე იწერება, მაგრამ ემოციური თვალსაზრისით ალბათ ბევრი მისი ახლობლისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.“- განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
„სიყვარული არ მთავრდება გარდაცვალებით“
ღონისძიება სავსე იყო ემოციებით. ირაკლი გაგნიძის მეგობრებმა და კოლეგებმა ისაუბრეს მის უდიდეს წვლილზე ქართული წიგნიერების განვითარებაში.
მაია ალუდაური (პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი) - „ირაკლი გაგნიძე იყო ადამიანი, რომელმაც განუზომლად დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე საქართველოში წიგნისა და წიგნიერების გავრცელების საქმეში. ამ წიგნით ჩვენ შევეცადეთ, მკითხველისთვის უფრო პირადი კუთხით გაგვეცნო ირაკლი - ეს ღირსეული ადამიანი და თანამედროვე მოღვაწე“.
სოფო გორდაძე („ბიბლუსის“ საოპერაციო დირექტორი) - „ჩემი გადასახედიდან, ეს ღონისძიება სამყაროში ღირსების, ადამიანობისა და პიროვნულობის მაგალითს ეძღვნება. ჩემთვის ირაკლიზე წარსულ დროში საუბარი შეუძლებელია; მასზე ყოველთვის ისე ვსაუბრობ, როგორც აწმყოში, რადგან მჯერა - სიყვარული გარდაცვალებით არ მთავრდება“.
ზვიად კვარაცხელია (მწერალი) - „წიგნის კაცი ძალიან კარგად წარმოაჩენს ერთი თავის საქმეზე და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანის ცხოვრების ამბავს. რატომ არის ასეთი წიგნები მნიშვნელოვანი და საინტერესო? იმიტომ, რომ ყველა მკითხველს ძალიან კარგად უხსნის და უყვება ისეთი ადამიანების ცხოვრებას, რომლებმაც შექმნეს მემკვიდრეობა, რომელიც მათი გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებენ ცხოვრებას“.
ირაკლი გაგნიძის პროფესიონალიზმი და თანამედროვე ხედვა იყო ის საფუძველი, რაზეც „ბიბლუსი“ აშენდა. მისი საქმიანობა ემსახურებოდა წიგნის ხელმისაწვდომობის გაზრდას ქვეყნის ყოველ კუთხეში. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ გიორგი კეკელიძის ეს ნამუშევარი იქნება ირაკლი გაგნიძის სახელის მარადიულობის საუკეთესო გამოხატულება.
„წიგნის კაცი“ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში 22 თებერვლიდან გაიყიდება. ეს არის წიგნი, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ნამდვილი საქმე და ქვეყნის სიყვარული დროსა და სივრცეს უძლებს.
R