"თანამედროვე მულტფილმები ტვინის აგზნებას იწვევს, ბავშვის ტვინი სწავლობს, რომ აქ და ამწუთას უნდა მიიღოს ყველაფერი... მერე ამ ბავშვს სკოლაში ვთხოვთ, რომ გაჩერდეს... ტვინმა რაც 6 წლამდე ვერ ისწავლა, იმას უცებ ვერ გააკეთებს" - მშობლები

"თანამედროვე მულტფილმები ტვინის აგზნებას იწვევს, ბავშვის ტვინი სწავლობს, რომ აქ და ამწუთას უნდა მიიღოს ყველაფერი... მერე ამ ბავშვს სკოლაში ვთხოვთ, რომ გაჩერდეს... ტვინმა რაც 6 წლამდე ვერ ისწავლა, იმას უცებ ვერ გააკეთებს"

2026-02-24 11:09:12+04:00

ნეიროფსიქოლოგი, მარიამ ხვადაგიანი, პოდკასტში "ჯანმრთელობის დღიურები" საუბრობს, რა გავლენას ახდენს ციფრული ტექნოლოგიები ბავშვის განვითარებაზე:

- როგორც კი ვთხოვთ, რომ გამორთეთ, თუ შეიძლება, ყველა ტიპის ციფრული ტექნოლოგია, და რთავენ, 2-3 თვეში, დარწმუნებული ვარ, ჩემ გარდა ყველა სპეციალისტს აქვს ეს გამოცდილება, მშობელი მოდის და ამბობს, რომ აბსოლუტურად სხვა ბავშვიაო. თურმე თვალით კონტაქტიც შეუძლია, ქცევაც მოუწესრიგდა, ღამე ძილიც მოუწესრიგდა და ასე შემდეგ იმიტომ, რომ ტელეფონები კომუნიკაციითა და განმავითარებელი აქტივობებით ჩაანაცვლეს... ეს ყველაფერი ძალიან რთულია. ზოგადად, მშობელს ძალიან ხშირად დანაშაულის შეგრძნება აქვს. როდესაც დიაგნოზზე ვსაუბრობთ ხოლმე, შემდეგ შეხვედრებზე ისე გადადიან თავის მართლებაზე, თითქოს, მათი ბრალია რაიმე. თავის დროზე არსებობდა ასეთი თეორია, იმის გამო, რომ დედა საკმარისად ვერ ზრუნავს, თუ ვერ აძლევს რაღაცას, ბავშვი ამიტომ ვერ ვითარდება, რაც ასევე არ შესაბამება სიმართლეს. დედის დეპრესიას, შფოთვასა და მის ემოციურ მდგომარეობას რომ ბავშვზე გავლენა აქვს, ყველამ ვიცით. მაგრამ, ეს აუტიზმს ვერ გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, მშობლებს აქვთ განცდა, თითქოს, რაღაც ვერ გააკეთეს და მათი ბრალია. როდესაც გაჯეტებზეც ვსაუბრობთ, ფსიქოლოგებზე ბრაზდებიან, "ტვინი შევჭამეთო" და სულ ამბობთ, "მოაშორეთ ბავშვებსო" - ეს იმიტომ კი არა, რომ ცუდი დედა ხართ. გასაგებია, დედა რომ 9 საათზე გადის და 8 საათზე მოდის სახლში, ფიზიკურად დრო არ რჩება. მაგრამ, მე, როგორც სპეციალისტი, ვერ მოვიტყუები, რომ ამას გავლენა არ აქვს. ექიმთან რომ მივდივარ და მაქვს დიაბეტი, მეუბნება, რომ თუ შოკოლადს შევჭამ, შაქარი ამიწევს. შოკოლადს შევჭამ თუ არა, ჩემზეა, ხომ? მაგრამ, მე უნდა ვიცოდე, რას რა მოჰყვება.

მარიამ ხვადაგიანი ამავე პოდკასტში საუბრობს, როგორ შეიცვალა თანამედროვე მულტფილმები და რა გავლენას ახდენს ის ბავშვის განვითარებაზე:

- მულტფილმების ხარისხი ძალიან შეიცვალა. მულტფილმს თავისი შინაარსი ჰქონდა. რაღაცაზე დაფუძნებული იყო. ახლა როგორი მულტფილმებია, ძირითადად რაც გადის: მოქმედებები აჩქარებულია. ბავშვებს რატომ არ უყვართ ძველი მულტფილმების ყურება? იმიტომ, რომ მოქმედება იქ ბევრად ნელია, ვიდრე აქ. აჩქარებულია მოქმედება, არის ძალიან ბევრი ფერი და თავის ტვინის აგზნებას იწვევს. თავის ტვინის აგზნებას რომ იწვევს, იმპულსის შეკავება უჭირთ. სქროლვაც ამას აკეთებს. ადამიანი საკვებს რომ უკვეთავს, 15 წუთში თუ არ მოიტანეს, ესეც იმპულსის შეუკავებლობაა, რომ გადავადება აღარ შეუძლიათ, ამწუთას გვინდა ყველაფერი. ამას რომ 2 წლის ბავშვის თავის ტვინი სწავლობს, რომ აი, აქ და ამწუთას უნდა მივიღო ყველაფერი, მერე ამ ბავშვს სკოლაში ვთხოვთ, რომ მასწავლებელთან გაჩერდეს. ფიზიკურად ვერ გაჩერდება იმიტომ, რომ უნდა, იდგეს, ირბინოს. თავის ტვინმა რაც 6 წლამდე არ ისწავლა, ის უცებ გვინდა, რომ სკოლაში გააკეთოს. ვერ გააკეთებს...