ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დიქტატორად არის აღირებული, ოჯახის ძალაუფლებას ამყარებს. კიმ ჩენ ინმა თავისი 13 წლის ქალიშვილი, ჯუ აე, ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამის უფროსად დანიშნა. ამის შესახებ სამხრეთ კორეული გაზეთი The Chosun Daily იტყობინება, დაზვერვასთან დაკავშირებულ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.
ჯუ აე ფხენიანის სარაკეტო ძალების დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს და ამჟამად, სავარაუდოდ, სამხედრო პროექტებთან დაკავშირებულ წარმოებას ზედამხედველობს. დაზვერვის ანგარიშები ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გენერალი ჯან ჩენ ჰა ოფიციალურად ხელმძღვანელობს ამ დეპარტამენტს, სწორედ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ქალიშვილი იღებს სამხედროებისგან ანგარიშებს და იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
ექსპერტების ვარაუდით, ეს დანიშვნა შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ჯუ აე მამის შესაძლო მემკვიდრედ განიხილება. ამ მოსაზრებას დაკვირვებები ამყარებს: ბოლო წლებში ის რეგულარულად ახლდა კიმ ჩენ ინს საჯარო ღონისძიებებზე, მათ შორის რაკეტების ტესტირების ადგილებში ვიზიტებზე.

ჯუ აე კიმ ჩენ ინისა და მისი მეუღლის, რი სოლ ჯუს სამი შვილიდან შუათანაა. გოგონას სახელი პირველად 2013 წელს ამერიკელმა ყოფილმა NBA-ს მოთამაშემ დენის როდმანმა გამოაცხადა, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ეწვია.
კიმ ჩენ ინის ოჯახის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ ცნობების თანახმად, წყვილის უფროსი შვილი 2010 წლის ბოლოს ან 2011 წლის დასაწყისში დაიბადა, მეორე - 2012 წლის დეკემბრის ბოლოს, ხოლო მესამე - 2017 წელს.