ზოგი დედა მუდმივად „მიკრულ“ ბავშვზე ჩივის, რომლებიც ნაბიჯითაც არ შორდებიან დედას, სხვები კი პირიქით — ნერვიულობენ, რომ მათ შვილს მოფერება და ჩახუტება არ უყვარს. ასეთ დროს მშობლებს ხშირად უჩნდებათ ფიქრები: „ალბათ არ ვუყვარვარ“, „იქნებ აუტიზმი აქვს“, „ვინმე ხომ არ მოექცა უხეშად“, ან „ალბათ არასწორად ვზრდი“. თუმცა რეალობა გაცილებით უფრო მრავალფეროვანია და ერთმნიშვნელოვანი პასუხი იშვიათად არსებობს.
რატომ იქცევა ასე ბავშვი?
ბავშვის ქცევას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დააკვირდეთ, როგორ არის თქვენს ოჯახში მიღებული ემოციების გამოხატვა. ბავშვი ხშირად იმეორებს იმას, რასაც უფროსებში ხედავს. როგორ ესაუბრებით ერთმანეთს თქვენ და მეუღლე? როგორ გამოხატავთ სითბოს? ხედავს თუ არა ბავშვი, როგორ ეხუტებით ბებიას ან სხვა ახლობლებს? თუ ოჯახში ფიზიკური სითბოს გამოხატვა ნაკლებად მიღებულია, გასაკვირი არ არის, რომ ბავშვიც მსგავსად იქცევა.
კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება არასწორად შერჩეული მომენტი იყოს. შესაძლოა ბავშვს მაშინ მიუახლოვდით, როცა თამაშში ან მულტფილმში იყო ჩართული. ჰკითხეთ საკუთარ თავს — ხომ არ ტოვებთ უყურადღებოდ იმ მომენტებს, როცა ბავშვი თქვენთან კონტაქტს ეძებს, რადგან თქვენ საქმით ხართ დაკავებული?
ასევე შესაძლებელია, რომ საქმე ბავშვის ხასიათთან გვქონდეს. ზოგი ბავშვი ბუნებით ნაკლებად ტაქტილურია და უბრალოდ, არ უყვარს ხშირი ჩახუტება. თუ ის სიყვარულს სხვა გზებით გამოხატავს — თამაშით, საუბრით, მზერით, თქვენთან სიახლოვის ძიებით — მაშინ, სავარაუდოდ, ეს მისი ინდივიდუალური თავისებურებაა და არა პრობლემა.
შეიძლება ეს ჩვევა შეიცვალოს?
ტაქტილურობა შეიძლება თანდათან განვითარდეს. სასურველია მშვიდ გარემოში ესაუბროთ ბავშვს და გაარკვიოთ, რას გრძნობს. მნიშვნელოვანია არა შეფასება, არამედ ყურადღებით მოსმენა და მისი განცდების მიღება.
სიყვარულის გამოხატვა მხოლოდ ჩახუტება არ არის. შეგიძლიათ გამოიგონოთ თქვენი საკუთარი პატარა რიტუალი — მაგალითად, ხელის ჩაკიდება ან რაიმე განსაკუთრებული ჟესტი, რომელიც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. ეს შეიძლება გახდეს თქვენი უნიკალური გზა სითბოს გამოსახატად.
დახმარებას შეიძლება საბავშვო წიგნებმაც გაგიწიოთ. როდესაც პერსონაჟები ერთმანეთს ეფერებიან ან ეხუტებიან, შეგიძლიათ თამაშის ფორმით გაიმეოროთ ეს მოქმედებები და ბავშვს ნაზად შეეხოთ.
როდის არის საფუძვლიანი აუტიზმის შიში?
ზოგი მშობელი შიშობს, რომ ჩახუტებისგან თავის არიდება აუტისტური სპექტრის აშლილობას უკავშირდება. თუმცა ასეთი დიაგნოზისთვის მხოლოდ ჩახუტების არ სიყვარული საკმარისი არ არის. აუტიზმს თან ახლავს სოციალური კონტაქტის სირთულეები და სხვა სიმპტომებიც. თუ ბავშვი არ ამყარებს თვალით კონტაქტს, არ რეაგირებს სახელზე, არ ინტერესდება თანატოლებით ან აქვს კომუნიკაციის მნიშვნელოვანი შეფერხება, ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია სპეციალისტთან კონსულტაცია.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ თითოეულ ბავშვს თავისი ტემპერამენტი და სიყვარულის გამოხატვის გზა აქვს. ყურადღება და მოთმინება ბევრ შემთხვევაში საკმარისია იმისთვის, რომ მშობელმა და შვილმა ერთმანეთს უკეთ გაუგონ.