"ჩემს თავს შევპირდი, რომ ერთხელაც ნამდვილი მოცეკვავე გამოვალ", - ამბობს პატარა მოცეკვავე, დათა თურაძე. მის შესახებ სიუჟეტი გადაცემამ "დილა მშვიდობისა საქართველო" მოამზადა. სიუჟეტში არა მხოლოდ დათა, არამედ დედა და ქორეოგრაფები ბავშვის ყველაზე დიდი ოცნების შესახებ საუბრობენ. პატარა მოცეკვავის ისტორიას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
8 წლის დათა თურაძის ცხოვრება 4 თვეა, რაც ჯადოსნურად შეიცვალა. ქართული ცეკვის სურვილი სოციალურ ქსელში, თანატოლი ბავშვების ვიდეოების ნახვის შემდეგ გაუჩნდა.
"როცა ვიდეოებს ვუყურებდი, სხვები რომ ცეკვავდნენ, მეც სურვილი გამიჩნდა. დედიკოს ვუთხარი, ძალიან მომეწონა ცეკვა და შემიყვანე-თქო. რადგან ყველა ბავშვი იყო, მეც მინდოდა და შევედი. ცეკვის დროს მეფიქრება, რომ მე ნამდვილი მოცეკვავე ვარ და ყველა ილეთი ვიცი. ზოგიერთს ახლა ვსწავლობ, მაგრამ ზოგიერთი დამამახსოვრდა და ვიცი. ოთხი ცეკვა ვიცი: აჭარული, მთიულური, აფხაზური და რაჭული. ჩემი აზრით, გამორჩეული აფხაზურია. აფხაზურში ყველაზე მეტად მომწონს სისწრაფე", - ამბობს დათა.
სახლიდან დარბაზამდე სულ რამდენიმე წუთის გზაა. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მოუთმენლად ელის, როდის შეაღებს სარეპეტიციო დარბაზის კარს და კუთვნილ ადგილს დაიკავებს:
"ერთი სული მაქვს... გაცდენაც არ მინდა. ერთი-ორჯერ გამიცდენია, მაგრამ სახლში ვმეცადინეობდი. ხან ვმეცადინეობ და ასე, მივყვები, როგორც ნამდვილი მოცეკვავე... ცეკვა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან მაგარია. გირჩევთ, ყველას. ჩემნაირები შემოდით ცეკვაზე, შეუძლებელი არაფერია და ცეკვა არის ყველასთვის. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ისაა, რომ მინდა, ფეხზე ავდგე და ყველას დავანახო ჩემი სიძლიერე. როგორი ძლიერი და კარგი ადამიანი ვარ", - ამბობს დათა.
დათა ნანატრი შვილია. თურაძეების ოჯახში ის 13-წლიანი ლოდინის შემდეგ დაიბადა. ჟღალთმიანი ბიჭი ოჯახის მთავარ სხივად იქცა და მას ხშირად პატარა უფლისწულსაც ადარებენ.
ინგა სურმანიძე, დათას დედა ამბობს: "13 წლის შემდეგ დაიბადა. დიდი სიხარული და ბედნიერება მოგვანიჭა. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი და ნათელი წერტილია. არც მინდოდა, სახლში ჩამეკეტა და ეფიქრა, რომ სხვა ბავშვებისგან განსხვავებულია ან რამეს ვერ გააკეთებს, ვერ შეძლებს, როგორც საჭიროა. 4 თვის შემდეგ მითხრა, რომ ჩემი ცეკვით ფეხებში რაღაც ძალა ვიგრძენიო. ამით ძალიან გახარებული იყო. როცა ცეკვიდან ბრუნდება, სულ ცეკვავს, არ ჩერდება."
მურმან ბიბინიძე, მასწავლებელი: "ჩვენ როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ყოველთვის მარტო ხელის ჩამორთმევით კი არა, ერთმანეთს ვეხუტებით. ხშირად ვხუმრობთ. ჩვენთან ასაკს მნიშვნელობა არ აქვს."
დათას არტისტული ხასიათი და რიტმის განსაკუთრებული შეგრძნება მის მასწავლებელსაც სასიამოვნოდ აკვირვებს
"რომ მითხრა, ცეკვაზე შემოსვლა უნდაო, არც დავფიქრებულვარ, მაშინვე ვუთხარი, მოიყვანე-თქო. მუსიკა ძალიან მაგრად ესმის. ჩანს, როგორი თვალებით, როგორი ხელით, როგორი ძალით მუშაობს. შეუძლებელი მართლაც არაფერია. სახიდან, მეტყველებიდან გამომდინარე, ეტყობა, რომ გრძნობს. მგონი, მისი თმის ღერიც კი მოძრაობს", - ამბობს დათას ქორეოგრაფი, დავით ქამადაძე.