"პურის გარეშე ნუ ჭამ, ვერ დანაყრდება!“, „წვნიანი ყოველდღე უნდა ჭამოს ბავშვმა, თორემ კუჭ-ნაწლავი გაუღიზიანდება!“, - ეს ფრაზები ბავშვობიდან ბევრს კარგად ახსოვს და ხშირად ახლაც გაიგონებთ, არადაამ დროს ბავშვი აქტიურია, დანაყრებულია და გასტრიტიც არ აწუხებს. თუმცა ბებიების დარწმუნება, რომ თანამედროვე კვების მიდგომები ყოველთვის „არასწორი“ არ არის, სულ უფრო რთულდება.
ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ უპუროდ ჭამა არ შეიძლება, წვნიანი ყოველდღე აუცილებელია, საჭმლის „ცოტ-ცოტა“ ჭამა ცუდია. მაგრამ მართლა ასეა? სპეციალისტების შეფასებით, ამ მიდგომებიდან ზოგი უბრალოდ მოძველებულია, ზოგი — მავნე, ზოგს კი ნაწილობრივ მაინც აქვს საფუძველი.
წარმოგიდგენთ იმ წესებსა და კვებით ჩვევებს, რომლებიც საბჭოთა წარსულიდან მოგვყვება და დღეს მათი გათვალისწინება საჭირო აღარ არის.
ყველაფერს პური უნდა მივაყოლოთ?
პურის მიყოლების ტრადიცია იმ დროიდან მოდის, როცა სხვა პროდუქტები დეფიციტი იყო. პური კუჭს ავსებდა და დანაყრების შეგრძნებას აძლევდა.
სრულფასოვანი კვებისას ყოველ ულუფაზე დამატებითი პურის ნაჭერი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი აღარ არის. პირიქით — ერთი ნაჭერი დაახლოებით 60 კკალს შეიცავს, და თუ დღეში სამჯერ მივიღებთ, უკვე თითქმის 200 დამატებითი კალორიაა. თანამედროვე ჭარბი კვების პირობებში ეს შეიძლება წონის მატებასაც უწყობდეს ხელს. გაცილებით სასარგებლო ჩვევაა თითოეულ კვებაზე ბოსტნეულის დამატება.
სადილი აუცილებლად პირველი, მეორე და დესერტი უნდა იყოს?
პირველი, მეორე და დესერტი — ეს უფრო კულტურული ტრადიციაა, ვიდრე ჯანმრთელობის მოთხოვნა. მნიშვნელობა არა კერძების რაოდენობას, არამედ მათ შემადგენლობას აქვს.
თუ სადილი შედგება ძეხვისა და ცხიმიანი მაკარონისგან, სუპისა და შაქრიანი კომპოტისგან, ორგანიზმი დიდ სარგებელს ვერ მიიღებს. გაცილებით მნიშვნელოვანია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსი, ასევე ვიტამინებისა და მინერალების შემცველობა.
„სანამ ბოლომდე არ შეჭამ, მაგიდიდან არ ადგები“
ეს ფრაზა ბევრ ადამიანს დაეხმარა არაჯანსაღი კვებითი ქცევის ჩამოყალიბებაში. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ მოუსმინოს საკუთარ სხეულს — შიმშილისა და დანაყრების სიგნალებს.
თუ ბავშვი იძულებულია თეფში ბოლომდე დაცალოს, მომავალში ის შესაძლოა საკუთარ ორგანიზმს აღარ ენდოს და ჭამა სხვა ფაქტორებზე — ემოციებზე, სტრესზე ან ჩვევაზე — ააგოს. ეს კი კვებითი აშლილობების, მათ შორის კომპულსიური ჭამის, ბულიმიისა და ანორექსიის რისკს ზრდის.
წვნიანი ყოველდღე აუცილებელია?
არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ წვნიანი კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის შეუცვლელია. ხშირად სუპები არც ენერგეტიკულად და არც საკვები ღირებულებით მდიდარი არ არის.
ამიტომ მხოლოდ სუპით სადილი კარგი არჩევანი არ არის — დიდი ალბათობით ბავშვს მალე კვლავ მოშივდება და სწრაფ, ნაკლებად ჯანსაღ წახემსებას აირჩევს. თუ ოჯახში სუპი ტრადიციაა, უმჯობესია მასში მეტი ხორცი და ბოსტნეული დაამატოთ.
უნდა ვჭამოთ მხოლოდ რეჟიმით და არ წავიხემსოთ?
წახემსებაც სრულფასოვანი კვებაა, თუ მას ასე ვუყურებთ. პრობლემა ისაა, რომ ბევრს „მცირე ლუკმა“ საჭმლად არ მიაჩნია — ერთი სენდვიჩი, ორი ნამცხვარი, შოკოლადი. საბოლოოდ კი ეს ზედმეტ კალორიებად გროვდება.
ოპტიმალურია დღეში 3–4-ჯერ კვება, სადაც თითოეული ულუფა შეიცავს ცილას, ჯანსაღ ცხიმს, რთულ ნახშირწყლებსა და ბოჭკოს.
ხოლო კვება მკაცრი საათის მიხედვით ყოველთვის სწორი არ არის. შიმშილის ციკლი ინდივიდუალურია, ამიტომ სჯობს მაგიდასთან დაჯდომა ორგანიზმის სიგნალების მიხედვით და არა საათის ისრების მიხედვით.
საუზმეზე ფაფა?
ფაფა ძირითადად ნახშირწყლებს შეიცავს. შედეგად სისხლში გლუკოზა სწრაფად იზრდება და მალევე ეცემა, რაც შიმშილის სწრაფ დაბრუნებას იწვევს. თუ სადილამდე დიდი დროა დარჩენილი, ბავშვი შესაძლოა ტკბილეულსა და სნექებს მიუბრუნდეს.
უკეთესია ფაფა შევუთავსოთ ცილას — მაგალითად, ყველს ან ომლეტს — და დავამატოთ ბოსტნეული ან ხილი. ასეთი საუზმე უფრო დიდხანს ანაყრებს.
არ შეიძლება უპუროდ ჭამა და ჭამის დროს წყლის დალევა?
არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჭამის დროს წყლის დალევა მავნეა. წყალი ვერ „გააზავებს“ კუჭის მჟავას ისე, რომ საჭმლის მონელება დააზიანოს. კუჭს pH-ის რეგულირება თავად შეუძლია, ხოლო წყალი მასში დიდხანს არ ჩერდება.
შეგიძლიათ დალიოთ როგორც ჭამამდე, ისე ჭამის შემდეგ — ეს მონელებაზე არსებით გავლენას არ მოახდენს. მთავარი ზომიერებაა და არა ერთდროულად დიდი რაოდენობის სითხის მიღება.
თანამედროვე კვების მიდგომები სულაც არ ნიშნავს ტრადიციების უარყოფას. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, გავარჩიოთ, რომელი ჩვევა არის მართლაც სასარგებლო და რომელი — მხოლოდ წარსულის გადმონაშთი. ბავშვის ჯანმრთელობის საფუძველი ბალანსი, მრავალფეროვნება და ინდივიდულობის გათვალისწინებაა.