საუკეთესო წიგნები დედაშვილობაზე - რა ვაჩუქოთ დედას 3 მარტს - მშობლები

საუკეთესო წიგნები დედაშვილობაზე - რა ვაჩუქოთ დედას 3 მარტს

2026-02-25 13:24:32+04:00
საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღვნიშნავთ - დღესასწაულს, რომელიც სიყვარულს, მადლიერებასა და იმ უხილავ, მყარ კავშირს ეძღვნება, რაც დედასა და შვილს შორის არსებობს. ამ დღის ტრადიცია მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკელი ანა ჯარვისის ინიციატივით დამკვიდრდა, რომელსაც სურდა პატივი მიეგო საკუთარი დედის ხსოვნისთვის. საქართველოში კი ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად 1991 წელს გამოცხადდა და მას შემდეგ გაზაფხულის შემობრძანებასთან ერთად გვიწევს კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმ ადამიანზე, ვინც სიცოცხლე გვაჩუქა.

წიგნი უნივერსალური საჩუქარია, რადგან ის დროსაც უძლებს. წიგნი არ არის მხოლოდ ნივთი - ეს არის გამოცდილება, ემოცია და ახალი სამყაროების აღმოჩენის შესაძლებლობა.

„ბიბლუსი“ გთავაზობთ 5 გამორჩეულ წიგნს დედაშვილობაზე, რომლებიც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, რა აჩუქოთ დედას 3 მარტს:

1. ხალედ ჰოსეინი - „ათასი მოელვარე მზე“

ავტორი საოცარი ოსტატობით აღწერს დედობის ტკივილსა და სიხარულს ავღანეთის მკაცრი რეალობის ფონზე. ეს არის მსოფლიო ბესტსელერი, რომელიც მწერალმა ავღანელ ქალებს მიუძღვნა. წიგნი მოგვითხრობს უფლებაწართმეული ქალების ყოველდღიურობაზე, ოჯახში ძალადობასა და „თალიბანის“ სისასტიკეზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას გამუდმებით მტრის ბომბები აცვივა, აქაური ქალები განათლებისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვიან და ჩამოყრილ ჭურვებში ყვავილებს ახარებენ.

2. გიორგი კეკელიძე - „დედა და ილია“

წიგნი გვიყვება ინგა ბენდელიანი-თოფურიას დაუჯერებელ ცხოვრებისეულ გზას, რომელიც აფხაზეთის ომით იწყება და მისი შვილის, ილია თოფურიას ისტორიული ტრიუმფით სრულდება. მკითხველს ელოდება ემოციური მოგზაურობა სოხუმიდან ჭუბერამდე და ალიკანტედან კალიფორნიამდე. ეს არის არა მხოლოდ სპორტსმენის ისტორია, არამედ ქალის, რომელიც ებრძოდა ყველა სირთულეს, რათა თავისი შვილი წარმატების გზაზე დაეყენებინა. ეს არის გზა, სავსე ბრძოლით, მოთმენითა და დაუღალავი სიყვარულით.

3. ბერნარდინ ევარისტო - „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“

ბუკერის 2019 წლის ლაურეატის ეს პოლიფონიური რომანი პირველად წარუდგება ქართველ მკითხველს. ნაწარმოები 12 ქალის ცხოვრების ამსახველი პანოა, სადაც 93 წლის ჰეტის, 19 წლის იაზისა და სხვების გულის ამაჩუყებელი ამბებია მოთხრობილი. მთავარი პერსონაჟი, ამა ბონზუ, რადიკალი ფემინისტია, რომელმაც ზუსტად იცის, როგორი შვილი უნდა გააჩინოს და ამ მიზნისთვის კომპრომისზეც კი მიდის. ეს არის შთამაგონებელი ამბები მილიონობით ქალის ცხოვრებაზე, რომლებზეც აქამდე არავის დაუწერია.

4. ნაირა გელაშვილი - „დედის ოთახი“

ეს რომანი მარტოხელა დედისა და მისი სამი შვილის ღრმა ურთიერთობის შესახებ გვიყვება. ის იზიდავს სრულიად განსხვავებულ მკითხველს, რადგან შეგვახსენებს, რომ ადამიანი სამყაროს დიდი საიდუმლოს ნაწილია. სამყაროს მთელი იდუმალება ყველაზე მეტად სწორედ დედის არსებაშია კონცენტრირებული. რომანის მთავარი პერსონაჟი მქარგავია და თავად ნაწარმოების თხრობის მანერაც საოცარ ნაქარგს წააგავს.

5. კრისტინ ჰანა - „ოთხი ქარი“

საერთაშორისო ბესტსელერი „ოთხი ქარი“ 2021 წლის საუკეთესო წიგნად დასახელდა. მოქმედება 1934 წლის ტეხასში, დიდი დეპრესიის პერიოდში ვითარდება, სადაც ფერმერები გვალვასა და ქარიშხლებს ებრძვიან. მთავარი გმირი, ელსა მარტინელი, მტკივნეული არჩევანის წინაშე დგას: დარჩეს საყვარელ მიწაზე თუ შვილებთან ერთად კალიფორნიაში გაეშუროს უკეთესი ცხოვრების საძებნელად. ეს არის ამბავი თავგანწირვასა და ქალის სიმამაცეზე, რომელმაც იცოდა, რომ მხოლოდ სიყვარული გადაარჩენს სამყაროს.

R