გავლენა და ფული ხშირად დიდ ცდუნებებს აღვიძებს. ცნობილი ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის გახმაურებული საქმე, რომელიც სექს-ტრეფიკინგის, ადამიანებით ვაჭრობისა და პედოფილური ქსელის შექმნის ორგანიზებისთვის გაასამართლეს, ამის ნათელი მაგალითია. მსგავსი სკანდალები, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით, სსრკ-შიც მოხდა. მიუხედავად საბჭოთა იდეოლოგიური მანქანის მცდელობისა, კომუნისტები უშიშარ და უმწიკვლო პროლეტარ ლიდერებად წარმოეჩინა, წარმოუდგენელი ამბები მაინც გავრცელდა.
1950-იანი წლების შუა პერიოდში მოსკოვში პარტიული ჩინოვნიკებისთვის მიწისქვეშა ბორდელის შესახებ დაირხა ჭორები. პარტიის მაშინდელმა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა შესაბამის ორგანოებს გამოძიების ჩატარება დაავალა. გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ მწერალმა და დრამატურგმა კონსტანტინე კრივოშეინმა მოსკოვის მახლობლად, ვალენტინოვკაში, თავის აგარაკზე საიდუმლო გაცნობის კლუბი შექმნა. იქ ფილოსოფიისა და ფილოლოგიის სპეციალობის ქალ სტუდენტებს, ასევე ბალეტისა და თეატრის სკოლების ახალგაზრდა წარმომადგენლებს იტყუებდნენ და საინტერესო, შემეცნებითი საღამოების გატარებას ჰპირდებოდნენ.სინამდვილეში, აგარაკზე ცნობილი ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები იკრიბებოდნენ. ყველაზე მაღალი რანგის კლიენტი კულტურის მაშინდელი მინისტრი გეორგი ალექსანდროვი იყო.
1955 წლის თებერვალში, სკკპ ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა, მიიღო ანონიმური წერილი, რომელშიც პარტიის ლიდერს მოუწოდებდნენ, ყურადღება მიექცია ისეთი "მნიშვნელოვანი" პირების მორალური ხასიათისთვის, როგორებიც იყვნენ კულტურის მინისტრი გეორგი ალექსანდროვი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალექსანდრე ეგოლინი და მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი სერგეი პეტროვი. წერილს 18 წლის გოგონას დედა წერდა, რომელიც, მისი თქმით, დიდ უსიამოვნებაში ჩავარდა. ქალი იხსენებდა, თუ როგორ გააცნო მეგობარმა მის ქალიშვილს ხანდაზმული მამაკაცი, დაახლოებით 60 წლის, რომელმაც თავი მწერალ კონსტანტინ კირილის ძე კრივოშეინად წარუდგინა. ამის შემდეგ, წერილში ნათქვამია, რომ მათ დაიწყეს კინოში სიარული, რესტორნებში შეხვედრები და ბოლოს, კაცმა გოგონა დაარწმუნა, რომ მასთან წასულიყო, სადაც ის "პიესას წაუკითხავდა".
ქალის თქმით, ის შეშფოთდა, როდესაც შენიშნა, რომ მისმა ქალიშვილმა სწავლა მიატოვა და ჩაიკეტა. გოგონა იძულებული გახდა, დედისთვის ყველაფერი მოეყოლა. შემდეგ დედა კრივოშეინის სახლში წავიდა. მისი თქმით, მწერალი "ძვირად ღირებულ ბინაში" ცხოვრობდა და ქალი იმ დასკვნამდეც მივიდა, რომ ის საერთოდ არ იყო მწერალი:
"მისი ცინიკური მსჯელობის მოსმენა შემზარავი იყო. ეს ყველაფერი ჩვენს დედაქალაქში ხდება. ის საერთოდ არ არის მწერალი. როგორც ჩანს, მას ორი ან სამი პიესა აქვს დაწერილი, რომლებიც არასდროს დაიდგმება. მაგრამ, მას ბევრი ფული აქვს; ფუფუნებაში ცხოვრობს. ბინის გარდა, მოსკოვის შემოგარენში აგარაკი აქვს. როგორც ჩანს, მისი შემოსავლის მთავარი წყარო ბინაა. ჩემი ქალიშვილის თქმით, ის მუდმივად ხვდება ადამიანებს. მათ შორის არიან კულტურის მინისტრი ალექსანდროვი, კინომსახიობ ლარიონოვასთან ერთად, აკადემიკოსი ეგოლინი ვახტანგოვთან ერთად და კიდევ მრავალ სხვა ადამიანს, რომელთა სახელებიც ჩემმა ქალიშვილმა არ იცოდა. ბინა ნამდვილი ბუნაგია. გარყვნილება, სმა, ქალების ცდუნება. მე მაშინვე მოვითხოვე, რომ ჩემს ქალიშვილს ყველანაირი ურთიერთობა შეეწყვიტა და ის ასეც მოიქცა. ჩვენ მისგან არაფერი გვჭირდება, მაგრამ ჩემს მორალურ მოვალეობად მიმაჩნია, ეს გითხრათ, რათა ეს მდგომარეობა შეწყდეს. ძალიან მრცხვენია საკუთარი თავის და ჩემი ქალიშვილის და არ მინდა, სხვა დედებმაც განიცადონ ეს გრძნობა." - წერია ნიკიტა ხრუშჩოვისადმი გაგზავნილ ანონიმურ წერილში.

გაბრაზებულმა დედამ დასძინა, რომ კრივოშეინის ბინა მხატვრებსა და მწერლებს შორის ძალიან პოპულარულია და იქ ფარული ბორდელია მოწყობილი.
როგორც ცნობილია, ხრუშჩოვმა ანონიმური წერილის წაკითხვის შემდეგ გამოძიება დაიწყო. გამოძიების დროს გაირკვა, რომ პროკურატურამ ადრე საჩივარი სხვა დედისგანაც მიიღო, რომელსაც, ხრუშჩოვისადმი გაგზავნილი წერილისგან განსხვავებით, საკუთარი სახელით ხელმოწერის არ ერიდებოდა. ზინაიდა პეტროვნა ლობზიკოვამ, მოსკოვის პროლეტარსკის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის კულტურის ინსტრუქტორმა, დახმარება ითხოვა თავისი ქალიშვილის, ალინას, საბალეტო სკოლის სტუდენტის, გადასარჩენად, რომელიც ძალიან დიდ დროს ატარებდ ამწერალ კრივოშეინის აგარაკზე .
ამის შემდეგ, კულტურის მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები დედაქალაქის საქალაქო პარტიულ კომიტეტში დაიბარეს და მათთვის განსასჯელად თავად ხრუშჩოვი მივიდა. ამბობდნენ, რომ მან დიდი საყვედური გამოუცხადა დამნაშავეებს, შემდეგ კი ეგოლინს ჰკითხა: "კარგი, ალექსანდროვი ახალგაზრდა კაცია, მესმის. მაგრამ რატომ შეწუხდით თქვენს ასაკში იქ წასვლით?" ეგოლინმა თავის გამართლება სცადა: "მე არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ ვეფერებოდი..."
ამის შემდეგ, ადამიანებმა გამოძიებას "გლადიატორების საქმე", ხოლო ყველა გოგონას, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართული, "ალექსანდროვის ფილოსოფიური სიყვარულისა და ცეკვის ანსამბლი" უწოდეს.
შედეგად, პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გამოსცა 1955 წლის 10 მარტით დათარიღებული დადგენილება, "ამხანაგების, გ.ფ. ალექსანდროვის, ა.მ. ეგოლინის და სხვების უღირსი საქციელის შესახებ". მასში მხოლოდ "დედის" სახელით ხელმოწერილი ანონიმური წერილი იყო ნახსენები, მაგრამ არა ლობზიკოვას მიერ პროკურატურაში შეტანილი მიმართვა.
პარტიულ დოკუმენტში ეწერა: "კ. კრივოშეინი, რომელიც საკუთარ თავს მწერალსა და დრამატურგს უწოდებს, აცდუნებს და აზიანებს ახალგაზრდა გოგონებს (მათ შორის წერილის ავტორის ქალიშვილს) და აწყობს ბორდელს, რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარკვეული მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის კულტურის მინისტრი ალექსანდროვი და სხვები".
გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში თავგადასავლების მოყვარული კრივოშეინი მართლაც მართავდა ბორდელს, "პაემნების სახლს" თავის ბინასა და აგარაკზე, სადაც ახალგაზრდა გოგონებსა და ქალებს სისტემატურად იტყუებდა, ინტიმური ურთიერთობების სანაცვლოდ კი, კარიერულ წინსვლასა და წარმატებას ჰპირდებოდა. გოგონები, ძირითადად, თეატრალური სასწავლებლების სტუდენტები იყვნენ.

გამოქვეყნებულ რეზოლუციაში კრივოშეინი საეჭვო პიროვნებად იყო მოხსენიებული, მათ შორის "პოლიტიკურად". აღნიშნული იყო, რომ 1920-იან წლებში მან ხუთი წელი გაატარა ციხეში სპეკულაციისთვის, რის შემდეგაც სამუდამოდ ჩამოერთვა საპასუხისმგებლო თანამდებობების დაკავების უფლება. დადგენილებაში ეწერა:
"ის ასევე ურთიერთობდა საეჭვო უცხოელებთან, აპირებდა ქვეყნის დატოვებას და ცნობილია, როგორც მორალურად კორუმპირებული".
გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია: "ბოლო წლებში კრივოშეინი, რომელიც არ იყო საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი და არსად არ მუშაობდა, ლიტერატურულ გარემოს შეუერთდა და ხელოვნების ნიმუშები უღიმღამო ნაშრომებად გადააკეთა. სტაბილური შემოსავლის არარსებობის მიუხედავად, კრივოშეინს მოსკოვში სამოთახიანი ბინა და დიდი აგარაკი ჰქონდა, სადაც ძვირად ღირებული ავეჯი, ხალიჩები, ძვირად ღირებული ნახატები და ა.შ. იყო განთავსებული. კრივოშეინი ამჟამად დაკავებულია", - ნათქვამია დადგენილებაში.
სინამდვილეში, კრივოშეინი ლიტერატურული სცენის საკმაოდ ცნობილი წევრი იყო. მისი პიესები პროვინციულ თეატრებსა და სამოყვარულო თეატრალურ დასებში იყო პოპულარული, ითარგმნებოდა და იდგმებოდა სოციალისტური ბლოკის ქვეყნებშიც.
ეპშტეინის მსგავსად, მისი საბჭოთა წინამორბედი, კრივოშეინი, ყველაზე მეტად დაზარალდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა, ვისი სახელიც გამოძიების დროს გაჟღერდა. ის ერთადერთი იყო, ვინც დააპატიმრეს. თუმცა, არა უშუალოდ ბორდელის მართვისთვის... მწერლის შემოსავლის მთავარი წყარო, რა თქმა უნდა, არა მისი წერა ან თუნდაც ბორდელის მართვა, არამედ ანტიკური ნახატების შეძენით და შემდგომი გაყიდვით მიღებული მოგება იყო, რაც პროგრესულ სოციალისტურ საზოგადოებაში უარყოფითად ითვლებოდა და სისხლის სამართლის წესით ისჯებოდა. კერძოდ, სკკპ ცენტრალური კომიტეტის იმავე დადგენილებაში ნათქვამია, რომ "სკკპ ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების ხელმძღვანელი, ამხანაგი ვ.ს. კრუჟკოვი, რომელიც ალექსანდროვის რეკომენდაციით კრივოშეინს 1954 წლის აგვისტოში შეხვდა, სამჯერ ან ოთხჯერ ეწვია მას [კრივოშეინს] მის ბინასა და აგარაკზე და ერთხელ ახლო ნაცნობთან ერთად გაატარა დასვენების დღე".
ცნობილია, რომ კრუჟკოვმა ბორდელის შესახებ არაფერი იცოდა. იმდენად ენდობოდა კრივოშეინს, რომ მისგან რამდენიმე ნახატი 25 000 რუბლად იყიდა, რითაც კრიმინალს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია.
"გლადიატორების საქმის" სხვა ბრალდებულებმა პატიმრობა თავიდან აიცილეს. კერძოდ, გეორგი ალექსანდროვს მინისტრის თანამდებობა ჩამოართვეს და მინსკში გაგზავნეს, სადაც მან მარქსისტული ფილოსოფიის შესწავლა ბელორუსიის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიისა და სამართლის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელის რანგში განაგრძო.
დარჩენილი "გლადიატორებიც" თანამდებობებიდან გაათავისუფლეს და სხვა ქალაქებში გაამწესეს. მაგალითად, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და სკკპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების ყოფილი მოადგილე ვლადიმერ კრუჟკოვი სვერდლოვსკში გაგზავნეს, სადაც ის რეგიონული გაზეთის მთავარი რედაქტორი გახდა. ამ სამარცხვინო დამცირების შედეგად ყველაზე მეტად ალექსანდრე ეგოლინი დაზარალდა; ის ჩუმად გაქრა სამეცნიერო საზოგადოებიდან და შემდგომში ხშირი და ხანგრძლივი ავადმყოფობებით იტანჯებოდა. ოთხი წლის შემდეგ სანატორიუმში გარდაიცვალა.
მეორე მხრივ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უვნებლად გადარჩნენ. მაგალითად, პროფესორი სერგეი პეტროვს არაფერი შეხებია. მან სადოქტორო დისერტაცია 1957 წელს წარმატებით დაიცვა.
"გლადიატორების საქმის" სკანდალი სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარისა და ნიკიტა ხრუშჩოვის ძალაუფლებისთვის მთავარი მეტოქის, გეორგი მალენკოვის გადადგომის შემდეგ თითქმის მაშინვე აფეთქდა. სასწაულებრივი დამთხვევით, ყველა "გლადიატორი", გარკვეულწილად, თავად მალენკოვის პროტეჟე იყო. სავარაუდოდ, ალექსანდროვი და მისი გუნდი კარგად აცნობიერებდნენ საქმის პოლიტიკურ შედეგებს. უფრო მეტიც, ისინი ცდილობდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის იმ თანამოაზრეების ჩართვასაც კი, რომლებიც კრივოშეინის ბორდელშიც კი არ გამოჩენილან.

...ალექსანდროვი ეგოლინის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა. 1961 წელს კრუჟკოვი სვერდლოვსკიდან მოსკოვში დააბრუნეს და სსრკ კულტურის სამინისტროს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად დანიშნეს. პეტროვმა, რომელმაც სკანდალიდან ორი წლის შემდეგ დოქტორის ხარისხი დაიცვა, წარმატებით განაგრძო ლიტერატურათმცოდნედ მოღვაწეობა და 1964 წელს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გახდა.
ზინაიდა პეტროვნა ლობზიკოვასთვის საქმე გაცილებით უარესად დასრულდა. ის ქალიშვილის გადასარჩენად პროკურატურაში მივიდა და საკუთარი სახელის დაწერა გაბედა. ასეთი გამბედაობა მას ძვირად დაუჯდა: ქალს უცნობი პირები თავს დაესხნენ და მალევე საავადმყოფოში გარდაიცვალა...