ბრიტანელი ბლოგერი ჯორდან პარკი, რომელიც მრავალი პლასტიკური ოპერაციის გამო „ტუჩების მეფედ“ იყო ცნობილი, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ლონდონის ლინკოლნ პლაზას სასტუმროში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. The Sun-ის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი კიდევ ერთი პლასტიკური ოპერაცია გახდა. ზუსტი პროცედურა ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის 18 თებერვალს, სილამაზის კიდევ ერთი პროცედურის შემდეგ, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი, 43 წლის მამაკაცი და 52 წლის ქალი, დააკავეს, თუმცა ისინი უკვე გირაოთი გაათავისუფლეს. ბლოგერის გარდაცვალებას „აუხსნელად“ მიიჩნევენ. ზუსტი მიზეზი, სავარაუდოდ, გაკვეთის შემდეგ დადგინდება.
ჯორდან ჯეიმს პარკი სილამაზის სხვადასხვა პროცედურის მიმართ დამოკიდებულებით იტანჯებოდა. ის კიმ კარდაშიანს კერპად თვლიდა. მისივე თქმით, დაახლოებით 50 ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. ჯორდანს სურდა, უნაკლოდ გამოჩენილიყო და კიმს რაც შეიძლება მეტად დამსგავსებოდა. მან ინტერვიუებში არაერთხელ აღიარა, რომ აღფრთოვანებული იყო ტელეწამყვანით.






პარკი ასევე მუშაობდა კოსმეტოლოგიაში და ფლობდა საკუთარ კლინიკას. ბლოგერი თავის კლიენტებს სხვადასხვა პროცედურას უტარებდა. 2024 წელს იგი დააკავეს ხუთი შვილის დედის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით. ქალს ბრაზილიური დუნდულების ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. თუმცა, პარკისთვის ოფიციალურად ბრალი არ წაუყენებიათ. გაუშვეს და გარდაცვალებამდე მოგზაურობის შეზღუდვები ჰქონდა.

