რა კავშირი აქვს ნაწლავის მუშაობას ტვინსა და ნერვულ სისტემასთან - გასტროენტეროლოგი ნინო ბაჩიაშვილი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შესახებ - მშობლები

რა კავშირი აქვს ნაწლავის მუშაობას ტვინსა და ნერვულ სისტემასთან - გასტროენტეროლოგი ნინო ბაჩიაშვილი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შესახებ

2026-02-26 15:52:02+04:00

მუცლის ტკივილი, შებერილობა და ნაწლავების მოქმედების ანუ პერისტალტიკის დარღვევა დიარეისა და ყაბზობის მონაცვლეობით - ეს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომია. რომის მე-4 კონსენსუსის კრიტერიუმების მიხედვით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აღნიშნული ფუნქციური დარღვევის დროს აღნიშნული სიმპტომები მეორდება მინიმუმ 1-ჯერ კვირაში და გრძელდება 3 თვეზე მეტხანს. ამასთან ნაწლავის ორგანული ცვლილება, როგორიცაა ანთება, წყლული ან სიმსივნური წარმონაქმნი არ ფიქსირდება.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ თერაპევტი-გასტროენტეროლოგი ნინო ბაჩიაშვილი განმარტავს, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს არსებული სიმპტომები კუჭ-ნაწლავის სისტემის სხვა პათოლოგიების დროსაც გვხვდება.

„თუმცა გნს-ის დროს სხვა პათოლოგიებისგან განსხვავებით არ ფიქსირდება ე.წ. „განგაშის სიგნალები“: სისხლის კვალი, წონის კლება, ცხელება. სიმპტომები ხშირად დაკავშირებულია სტრესთან. ქრონიკული ტკივილი და ნაწლავების მოძრაობის დარღვევები ნარჩუნდება. ნაწლავის ანთებითი დაავადებებისა ან სიმსივნეებისგან განსხვავებით, გნს-ის დროს კოლონოსკოპია და სისხლის ანალიზები არ აჩვენებს ანთებას, ეროზიებს, წყლულებს ან სტრუქტურულ ცვლილებებს ნაწლავის ქსოვილებში,“ - განმარტავს ნინო ბაჩიაშვილი.

რა იწვევს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს?

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა რამდენიმე ფაქტორი ზრდის ამ დაავადების განვითარების ალბათობას.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფსიქონევროლოგიურ ფაქტორებს, როგორიცაა: სტრესი, შფოთვა და დეპრესია. აღნიშნული ზემოქმედებას ახდენს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, რაც შემდგომში ნაწლავის სპაზმებს იწვევს. ასევე ძილის დარღვევები და ნევროზული მდგომარეობები რამდენჯერმე ზრდის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის განვითარების რისკს.

გამომწვევ მიზეზებს შორის დიდი ადგილი უკავია წარსულში არსებულ ნაწლავურ ინფექციებს. ვირუსები და ბაქტერიები აზიანებენ ნაწლავის ნერვულ წნულს, რაც იწვევს ხანგრძლივ ჰიპერმგრძნობელობას.

ანტიბიოტიკებისა და სხვა მედიკამენტების მიღება არღვევს მიკრობიოტას ბალანსს, რამაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს დისბიოზი და ნაწლავის ფუნქციური დარღვევები.

არაჯანსაღი კვება, მარტივი ნახშირწყლებით მდიდარი დიეტა იწვევს ნაწლავში დუღილს და შებერილობას. ცხარე და ცხიმიანი საკვები, ყავა და ალკოჰოლი აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, არღვევს მის რიტმს. ეს ყველაფერი კი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომში შეიძლება გადაიზარდოს.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ოჯახური ისტორია ზრდის მისი განვითარების რისკს. ფუნქციური კუჭ-ნაწლავის დარღვევების ოჯახური ისტორიის მქონე ადამიანებში სიმპტომები შეიძლება უფრო ადრე გამოვლინდეს და უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს.

მჯდომარე ცხოვრების წესი გავლენას ახდენს გნს-ს განვითარებაზე. ფიზიკური უმოქმედობა არღვევს პერისტალტიკას, იწვევს აირების დაგროვებასა და შეკრულობას და სისხლის მიმოქცევის შენელებას მცირე მენჯში.

ვინ არიან რისკჯგუფში?

აღსანიშნავია, რომ ქალებში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი 1.5-3-ჯერ უფრო ხშირად ვლინდება, ვიდრე მამაკაცებში. ეს დაკავშირებულია ქალის სასქესო ჰორმონების გავლენასთან კუჭ-ნაწლავის მოძრაობასა და ტკივილის მგრძნობელობაზე. ყველაზე ხშირად ვლინდება 25-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. თუმცა, დაავადება ასევე გვხვდება მოზარდებსა და ხანდაზმულებში.

რა სიმპტომებით ვლინდება გნს?

გნს გამოვლინდება უპირველესად მუცლის შებერილობით, ტკივილით მუცლის მიდამოში და ნაწლავის მოქმედების ანუ პერისტალტიკის დარღვევებით, ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობით. ზოგჯერ განავლოვან მასებში შერეულია ლორწო ან მასებს აქვს მკვრივი დანაწევრებული ფორმა, ასევე შესაძლებელია არაფორმირებული ფაფისებური მასების არსებობა.

პათოლოგიის გამომწვევ მიზეზად პირველ რიგში ფსიქონევროლოგიურ ფაქტორები დაასახელეთ. რა კავშირი აქვს ნაწლავის მუშაობას ტვინთან და ნერვულ სისტემასთან და რატომ ეძახიან გნს-ს ნაწლავისა და ტვინის ურთიერთქმედების დარღვევას?

საუკუნეზე მეტია, რაც მეცნიერებმა შეისწავლეს სტრესის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და აღმოაჩინეს კავშირი ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის. კერძოდ, ტვინიდან სხეულზე, მათ შორის ნაწლავებზე ბრძანებები გადაეცემა ავტონომიური ნერვული სისტემის ნერვული გზებით და სისხლის მიმოქცევის ჰუმორული სისტემებით. ორივე ეს საკომუნიკაციო არხი აქტიურდება სტრესის დროს და გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაზე. ბოლო ორი ათწლეულია, რაც მკვლევრებმა დაიწყეს საპირისპირო კავშირის ანუ „ქვემოდან ზემოთ“ ურთიერთობის შესწავლა. მათ აღმოაჩინეს, რომ ნაწლავს, უფრო კონკრეტულად კი, ნაწლავის მიკრობიოტას შეუძლია გავლენა მოახდინოს ტვინის ფუნქციონირებაზე. დღეს მეცნიერები უკვე საუბრობენ ე.წ. საკომუნიკაციო ღერძების არსებობის შესახებ , მაგ., „ნაწლავ-ტვინის“, „ნაწლავ-ფილტვის“, „ნაწლავ- თირკმლის“ და ა.შ. ნაწლავსა და ტვინს შორის კომუნიკაცია ხდება პერიფერიული ნერვული სისტემის ნერვული დაბოლოებებიდან „ცდომილი ნერვის“ ანუ ვაგუსის გზის გავლით ჰიპოთალამუსამდე, რომელიც აქტიურდება ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ზემოქმედებისას და იწვევს „სტრესულ რეაქციებს“. მაგ. ნაწლავის მიკრობიოტაზე ძლერი ანტიბიოტიკების ზემოქმედებისას ვითარდება მიკრობიოტას წონასწორობის დარღვევა, წარმოიქმნება ჭარბი აირები, ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ზემოქმედებენ ნაწლავის კედელზე და შედეგად ვითარდება ე.წ. „სტრესული რეაქცია“.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობის დროს საჭიროა თუ არა ფსიქოთერაპევტის ჩართულობა?

მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. გასტროენტეროლოგებთან ერთად ფსიქოთერაპევტებისა და ნევროლოგების ჩართულობა მნიშვნელოვანია. აღნიშნული გულისხმობს კოგნიტიურ-ქცევითი თერაპიის კურსების ჩატარებას, ასევე რელაქსაციის ტექნიკის გამოყენებას, ანტიდეპრესანტებისა და სხვა სპეციალური მედიკამენტების დანიშვნას.

როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

პაციენტები ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას, იყენებენ სიმპტომურ საშუალებებს, მაგალითად, სპაზმოლიზურ, მეტეორიზმის საწინააღმდეგო მედიკამენტების. ისინი მდგომარეობას ნაწილობრივ აუმჯობესებენ. თუმცა თუ გნს-ის სიმპტომების ხანგრძლივდება, კერძოდ კვირაში 1-2 ჯერ მუცლის ტკივილი და შებერილობა ფიქსირდება, რაც 3 თვის განმავლობაში გრძელდება და სიმპტომური საშუალებების ფონზე არ უმჯობესდება, აუცილებელია გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია. სპეციალისტი ჩაატარებს შესაბამის კვლევებს, დააზუსტებს დიაგნოზს და დანიშნავს ადეკვატური მკურნალობის სქემას.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა?

პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია პაციენტის გამოკითხვას, ანამნეზის დეტალურ შესწავლას. ეს გვაძლევს საშუალებას გამოვავლინოთ კავშირი სტრესულ სიტუაციებთან, გადატანილ ინფექციურ დაავადებებთან, დავადგინოთ თანმხლები დაავადებების არსებობა. ვაზუსტებთ მიმდინარე პერიოდში რა მედიკამენტებს იღებს პაციენტი. ასევე, ექიმი იღებს ინფორმაციას, თუ რა ტიპისაა მუცლის ტკივილები, რამდენად უკავშირდება კვებას, როგორია დეფეკაციის სიხშირე და ფეკალური მასების კონსისტენცია და ა.შ.

შემდგომ გადავდივართ დიაგნოსტიკურ კვლევებზე, რაც მოიცავს ლაბორატორიული კვლევების გარკვეულ ჯგუფს, ასევე მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიას, კოლონოსკოპიას მიზნობრივი ბიოფსიებითა და მასალის ჰისტომორფოლოგიური შესწავლით. ასევე, საჭიროა გამოირიცხოს ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ცელიაკია.

მკურნალობა მოიცავს ფაღარათის ან შეკრულობის კორექციას შესაბამისი მედიკამენტებით, ასევე სპაზმოლიზური საშუალებების ჩართვას, ადსორბენტებს, პრობიოტიკებს, ანტიდეპრესანტებსა და ნეიროლეპტიკურ საშუალებებს.

რა როლი აქვს მის მართვაში ცხოვრების წესსა და კვებას? კონკრეტულად რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან პაციენტებმა? დაშვებულია თუ არა ალკოჰოლი,კოფეინი, გაზიანი...

გნს-ის მართვაში უდიდესი როლი ენიჭება კვების რეჟიმის დაცვას, წილადურ კვებას, პროდუქტებში ჭარბი ნახშირწყლების შეზღუდვას, სითხეების მიღებას, ღამის საათებში კვების აკრძალვას. ასევე მნიშვნელოვანია ალკოჰოლისა და გაზიანი სასმელების შეზღუდვა, რაც გნს-ის გამოწვევაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მაპროვოცირებელ ფაქტორს წარმოადგენს.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ქრონიკული პათოლოგიაა?

დიახ, გნს არის ქრონიკული დაავადება, უფრო ზუსტად, სიმპტომების კომპლექსი, რომელიც თავს იჩენს სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორის ზემოქმედებისას ადამიანის ორგანიზმზე და იწვევს ტკივილის აღმოცენებას მუცლის მიდამოში, ზოგჯერ ფსიქოემოციურ დარღვევებსაც.

შესაძლებელია რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში მიმდინარეობს და ამავდროულად, გენეტიკურ წინასწარგანწყობასაც უკავშირდებოდეს.

R