2026 წლის 26 თებერვლიდან პლანეტა მერკურმა რეტროგრადული მოძრაობა დაიწყო. ის რეტროგრადულ ფაზას 20 მარტს დაასრულებს.
ასტროლოგიაში მერკური კომუნიკაციას, ლოგიკურ აზროვნებას, დოკუმენტაციას, მიმოწერას, ტექნოლოგიებსა და მგზავრობას განაგებს. რეტროგრადული ფაზის დროს კი ჩვეული პროცესები, თითქოს, ფერხდება: გზავნილები იკარგება, შეთანხმებები ირევა, კომუნიკაცია რთულდება, ტექნიკა კი მოულოდნელად ფუჭდება.
ამჯერად რეტროგრადული ფაზა თევზების ნიშანში გაივლის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელ შეფერხებებს გაფანტულობა და ემოციური ფონი დაემატება, ფაქტების ემოციებისაგან გამიჯვნა კი გართულდება. თუმცა, ეს არა კატასტროფული, არამედ განსაკუთრებული პერიოდია, როდესაც სწორი რეკომენდაციებით სირთულეების თავიდან არიდება შესაძლებელია.
რეტროგრადული მერკურის გავლენას ყველაზე მძაფრად ის ადამიანები განიცდიან, რომელთა ყოველდღიურობაც მის ენერგიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ესენი ტყუპები და ქალწულები არიან - ვინაიდან მერკური ამ ნიშნების მმართველია, კომუნიკაციისა თუ ლოგიკურ ხარვეზს ისინი სხვებზე მწვავედ აღიქვამენ. მათთან კონცენტრირება, მოლაპარაკებების წარმოება და დეტალებზე ყურადღების შენარჩუნება შესაძლოა, გართულდეს. "დარტყმის" ქვეშ თევზები და მშვილდოსნებიც აღმოჩნდებიან - რეტროგრადული მერკური მათ ასტროლოგიურ ღერძზე გადადის, რაც გეგმებში არეულობასა და სტაბილურობის ნგრევის შეგრძნებას აჩენს.
სასწორები და მერწყულები შესაძლოა, ინფორმაციული გადატვირთვისა და შინაგანი შფოთვის წინაშე აღმოჩნდნენ. დანარჩენი ნიშნები ამ ზეგავლენას შედარებით რბილად იგრძნობენ, თუმცა საყოფაცხოვრებო გაუგებრობები ყველასთვის მოსალოდნელია.

ვერძი
შესაძლოა, მოვლენების მიმართ ზედმეტად იმპულსური რეაქცია გქონდეთ და ეს ემოციური არასტაბილურობით აიხსნება. ამ პერიოდში სხვისი სიტყვებისა თუ ქმედებების არასწორად გაგება და მათში ფარული ქვეტექსტების ძიება ადვილია. კამათში ჩაბმამდე პაუზა აიღეთ და დეტალები დააზუსტეთ - ურთიერთობებში კომპრომისები ახლა სიმართლის დამტკიცებაზე ბევრად მნიშვნელოვანია.
კურო
კუროებს ასტროლოგები მასშტაბური საქმეების წამოწყებას არ ურჩევენ. გაცილებით ნაყოფიერი იქნება, თუ არსებულ სამუშაო პროცესებში ყველაფერს მოაწესრიგებთ, დაგროვილ ამოცანებს გადახედავთ და ძველ საკითხებს მოაგვარებთ. ასეთი მიდგომა ფინანსური და ორგანიზაციული შეცდომების რისკს მინიმუმამდე დაიყვანს.
ტყუპები
ტყუპებისთვის მთავარ იარაღად თავშეკავებულობა იქცევა. ნებისმიერმა გაუფრთხილებელმა სიტყვამ შესაძლოა, კონფლიქტი გამოიწვიოს. ზოგჯერ დუმილი და მიმოწერაში პაუზის აღება საკუთარი პოზიციის თავგამოდებით დაცვაზე უკეთ მუშაობს…
კირჩხიბი
კირჩხიბების ცხოვრებაში შესაძლოა, წარსულში დატოვებული ურთიერთობები კვლავ გააქტიურდეს. ძველი პარტნიორები თუ მეგობრები თავს მოულოდნელად შეგახსენებენ. ურთიერთობის განახლებაზე გადაწყვეტილება თქვენზეა, თუმცა ნოსტალგიას ნუ აჰყვებით და რეალობა საღად შეაფასეთ.

ლომი
ლომებს კოლექტივში ავტორიტეტის მოსაპოვებლად ბრძოლა მოუწევთ. საკუთარი აზრის გატანის სურვილი შესაძლოა, სხვებმა ზეწოლად აღიქვან. შეინარჩუნეთ ბალანსი თავდაჯერებულობასა და სიმკაცრეს შორის. ნებისმიერი უადგილო სიტყვა მომავალში შესაძლოა, თქვენი იმიჯისა და რეპუტაციისთვის განსაკუთრებით დამაზიანებელი აღმოჩნდეს.
ქალწული
ქალწულებისთვის ეს არა მხოლოდ რთული, არამედ პროდუქტიული პერიოდიცაა. შესაძლოა, იმ გაურკვეველ სიტუაციაში, რომელიც წლის დასაწყისიდან ჭიანურდება, მოულოდნელად სიცხადე გაჩნდეს. გამოიყენეთ ეს შანსი სტრატეგიის მშვიდად მოსაფიქრებლად ან მის დასახვეწად. დაუსრულებელი საქმეების საბოლოოდ დახურვის შესაძლებლობა მოგეცემათ.
სასწორი
სასწორებმა წარსულის გამოცდილება უნდა გააანალიზონ. ძველი შეცდომები კვლავ შეგახსენებთ თავს. მეტიც, ეს საუბრებსა თუ სამუშაო პროცესებში ამოტივტივდება. გარშემომყოფებს აჩვენეთ, რომ სათანადო დასკვნები გამოიტანეთ და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეთ. ეს კოლექტივში თქვენ მიმართ ნდობას კიდევ მეტად განამტკიცებს.
მორიელი
მორიელებისთვის ამ პერიოდში საკუთარ თავზე ფოკუსირება აუცილებელია. მედიტაცია, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პროფილაქტიკური შემოწმება შინაგანი სტაბილურობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია დაავადებები, რომლებიც სამუშაო რიტმიდან ამოგაგდებთ. ორგანიზმის დაღლილობის სიგნალებს ნუ უგულებელყოფთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრძელვადიანი პრობლემების რისკი გაიზრდება.

მშვილდოსანი
მშვილდოსანმა შესაძლოა, ემოციური არასტაბილურობა და შფოთვა იგრძნოს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ეს ტრანზიტის დროებითი გამოძახილია და არა რეალური კატასტროფა. სამუშაო დატვირთვა შეამცირეთ, რომ საკუთარი თავი ჩიხში არ მოაქციოთ. ამ პერიოდში ყველაზე გონივრული ნაბიჯი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების სამომავლოდ გადადებაა. ემოციური პერიოდი მალე გაივლის და საქმეებს ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდებით.
თხის რქა
თხის რქებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. მოგიწევთ, აღიაროთ, რომ დაგროვილი პრობლემების იგნორირება და საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე თვალის დახუჭვა აღარ შეიძლება. ეს მარტივი არ იქნება, თუმცა სწორედ ასეთი ნაბიჯი ზედმეტი დაძაბულობისგან გაგათავისუფლებთ და უფრო გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.
მერწყული
როგორც ასტროლოგები ამბობენ, მთლიანობაში თქვენთვის პოზიტიური სურათი იკვეთება, თუმცა ახლობლებთან უთანხმოება მაინც მოსალოდნელია. ამ დროს საკუთარი თავისთვის გვერდიდან შეხედვა და პოზიციის სარკაზმის გარეშე, მშვიდად გააზრება სწორი დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ. რაც უფრო არგუმენტირებული იქნებით, მით ნაკლები მიზეზი დარჩება გაუგებრობისთვის.
თევზები
თქვენთვის რთული პერიოდი დგება, რომელმაც შესაძლოა ემოციურად საკმაოდ დაგაზიანოთ. მერკურის ყველა ახირებას განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობთ - ტექნიკა მწყობრიდან გამოვა, ციფრულ სერვისებს კი თქვენი პაროლები ყველაზე შეუფერებელ მომენტში "დაავიწყდება"... წინასწარ გადაამოწმეთ ყველა მონაცემი, რომ გადახდის ან პასუხის გაცემის ვადები არ გამოგეპაროთ. პრევენცია თქვენს სიმშვიდეს ნამდვილად დაიცავს.
რეტროგრადული მერკურის დროს მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება და ახალი პროექტების წამოწყება არ ღირს - გაუგებრობებისა და დეტალებში ფარული შეცდომების რისკი მაღალია. მსხვილი ტექნიკის შეძენაც უმჯობესია, გადადოთ: იმედგაცრუების ალბათობა იმატებს. სამსახურის შეცვლა, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა და საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღება ასევე რეკომენდებული არ არის. როგორც აღვნიშნეთ, მერკური ლოგიკის პლანეტაა, რეტროგრადულ ფაზაში კი ადამიანებს გონივრული გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ. აქტიური ნაბიჯების გადადგმა 20 მარტის შემდეგ აჯობებს.
რეტროგრადული მერკური საუკეთესო დროა დაუსრულებელი საქმეების დასაგვირგვინებლად, ციფრული და ფიზიკური ქაოსის მოსაწესრიგებლად და ძველი შეთანხმებების გადასასინჯად. წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი და ძველ ნაცნობებთან შეხვედრა, თუკი დაუსრულებლობის შეგრძნება გაქვთ, სასარგებლოა. ეს გადაფასებისა და გაანალიზების პერიოდია და არა მარცხის. თუ მას საკუთარი ნაბიჯების გულწრფელი ანალიზისთვის გამოვიყენებთ, 20 მარტის შემდეგ ბევრად ყურადღებიანები გავხდებით და წარსულის გამოცდილების სასარგებლოდ გამოყენებასაც შევძლებთ.