2026-2027 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტებში სტუდენტთა მისაღები რაოდენობა შეიცვალა. ზოგიერთ პროგრამას ადგილები დაემატა, ზოგს კი მოაკლდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიისთვის 140 ადგილი იყო გათვალისწინებული, განახლებულ სიაში კი 125 ადგილი წერია.
5 ადგილი დაემატა ფილოსოფიის პროგრამას.
კულტურის კვლევებს კი 5 ადგილი მოაკლდა. აქამდე 30 ადგილი იყო გათვალისწინებული, განახლებულ სიაში კი 25-ია.
არაბისტიკას 15 ადგილი დაემატა და 45 გახდა.
არმენოლოგიაზე კი 10-ით გაიზარდა ადგილები და 20 გახდა. ებრაისტიკას კი 5 ადგილი მოაკლდა და 15 გახდა.
ინგლისური ფილოლოგიის პროგრამაზე ადგილები გაიზარდა და თუ აქამდე სიაში 100 ადგილი ეწერა, ახლა 220-ია გათვალისწინებული.
გერმანულ ფილოლოგიაზე კი ადგილები 20-ით შემცირდა და 30 გახდა.
რუსულ ფილოლოგიაზე 50 ადგილი იყო გათვალისწინებული, ახლა კი 15-მდე შემცირდა.
განახლებული სიის მიხედვით, ადგილები მოაკლდა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამასაც. აქამდე 1800 ადგილი იყო გათვალისწინებული, განახლებულ სიაში კი 1765 ადგილი წერია.
სტუდენტთა მისაღები რაოდენობები, ცალკეულ პროგრამებზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც შეიცვალა.
მაგალითად, მშენებლობის პროგრამისთვის აქამდე 260 ადგილი იყო გათვალისწინებული, ახლა 310 ადგილია დადგენილი.
ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის პროგრამისთვის 210 ადგილი ეწერა, განახლებულ სიაში კი 310 ადგილია გათვალისწინებული.
საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა - 50 ადგილი იყო, ახლა კი 60 გახდა.
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია - 210 ადგილი იყო გათვალისწინებული, ახლა კი 110 ადგილია.
მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის პროგრამას 5-5 ადგილი მოაკლდა და 25-25 სტუდენტი მიიღება.
პროგრამების ჩამონათვალშიც მცირე სიახლეა. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერება დაემატა, სადაც 20 სტუდენტი მიიღება.
ვრცლად განახლებულ ჩამონათვალს შეგიძლიათ, საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გაეცნოთ.
შედარებისთვის კი შეგიძლიათ, გაეცნოთ Mshoblebi.ge-ს სტატიას, რომელიც წინა დოკუმენტის მიხედვითაა შედგენილი.
თამარ იაკობაშვილი