ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული სამხედრო შეტევის შედეგებიდან ერთ-ერთი უმძიმესი შედეგების მომტანი სამხრეთ ირანში მდებარე სკოლაზე შეტევა იყო. ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ჰორმაზაგანის პროვინციის ქალაქ მინაბში მდებარე გოგონების სკოლაზე აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 63-მდე გაიზარდა.
გამოცემა გარდიანი ირანში შექმნილ ვითარებაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
ირანელმა მშობლებმა შაბათ დილით ბავშვები სკოლაში მიიყვანეს და დატოვეს, თუმცა მალევე სირბილით დაბრუნდნენ სკოლისკენ — სწორედ იმ დროს, როცა ქვეყნის მასშტაბით აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი თავდასხმის შედეგად ბომბები ჩამოცვივდა.
ირანის სახელმწიფო კონტროლირებადი მედიის ცნობით, ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში მათ ადგილზე სრული განადგურება დახვდათ. საინფორმაციო სააგენტო IRNA იუწყება, რომ სამხრეთ ირანში, მინაბში მდებარე გოგონათა სკოლა „შაჯარე თაიიბეჰზე“ განხორციელებული დარტყმის შედეგად სულ მცირე 80 ბავშვი დაიღუპა, ხოლო ათობით მოსწავლის ბედი ამ დრომდე უცნობია.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ერთ ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ დარტყმის შედეგებს ასახავს, დამწვარი კედლებიდან კვამლი ადის, ხოლო გზაზე ნანგრევებია მიმოფანტული. ადგილზე ასობით ადამიანი შეიკრიბა, ზოგი აშკარა შოკსა და სასოწარკვეთილებაში იყო. ყვირილი ისმის. „გარდიანმა“ ვერ შეძლო დაედასტურებინა მსხვერპლის რაოდენობა და ვიდეოს წყარო. თუმცა სპარსულმა ფაქტჩეკინგის სერვისმა Factnameh-მა ვიდეო სხვა ფოტოებთან შეადარა და დაასკვნა, რომ მასალა ავთენტურია. სააგენტო Reuters-მაც განაცხადა, რომ კადრები სწორედ აღნიშნული სკოლის ტერიტორიაზეა გადაღებული.
როგორც ჩანს, სკოლა რევოლუციური გვარდიის ბარაკებთან ახლოს მდებარეობს. თუ მსხვერპლის რაოდენობა დადასტურდება, ეს აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებული თავდასხმის ყველაზე მასშტაბური მსხვერპლიანი შემთხვევა იქნება ამ დრომდე.
ირანელები ამბობდნენ, რომ დაბომბვების ფონზე შიშისა და იმედის ნაზავს გრძნობდნენ. რეჟიმის ოპონენტები იმედს გამოთქვამდნენ, რომ ეს შესაძლოა პოლიტიკური ცვლილებების დასაწყისი გამხდარიყო. თუმცა ორივე განცდას თან ახლდა შიში, რომ თავდასხმები კიდევ უფრო მეტ სამოქალაქო მსხვერპლს გამოიწვევდა ქვეყანაში, რომელიც ისედაც ბოლო პერიოდში ბევრი დაიღვარა.
თეირანში ზოგმა საკუთარ სახლებს შეაფარა თავი, სხვები კი საცობებში გაჭედილ გზებზე შვილების საპოვნელად მიიჩქაროდნენ, რადგან სკოლები დაიხურა. ბევრმა თქვა, რომ შესაძლო ომისთვის კვირების განმავლობაში ემზადებოდა — იმარაგებდნენ წყალსა და პირველადი საჭიროების ნივთებს.
თეირანში მცხოვრები 37 წლის ამირი ამბობს, რომ შვება იგრძნო, როცა გაიგო, რომ დარტყმები სამთავრობო შენობებს მოხვდა, თუმცა ეშინოდა ადამიანური მსხვერპლის. „ჩემი შიში ის არის, რომ უდანაშაულო ადამიანები დაიღუპებიან,“ — ამბობს ის.
ამირის ოჯახის წევრები რეჟიმის მიერ ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობისას დაშავდნენ და მას ეშინია, რომ სისხლისღვრა გაგრძელდება. „იმდენი ტკივილი გამოვიარეთ — მიუხედავად ამისა, არ გვინდა ქუჩებში ცხედრების ვიხილოთ აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების გამო,“ — ამბობს ის.
თავდასხმები განხორციელდა დაახლოებით შვიდი კვირის შემდეგ, რაც თეირანმა ძალადობრივად ჩაახშო ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო დემონსტრაციები, როდესაც ძალოვნებმა უიარაღო მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. აშშ-ში დაფუძნებული სააგენტო Human Rights Activist News Agency (HRANA), რომელიც მსხვერპლის რაოდენობას აღრიცხავს, აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დროს დადასტურებულია 7,000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი, ხოლო 11,000-ზე მეტი შემთხვევა ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.
თეირანში მცხოვრები 25 წლის IT სპეციალისტი მოჰსენი ამბობს: „გვაშინებს, რომ თანამოქალაქეები დაიღუპებიან აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით, მაგრამ მე საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დახვრიტეს ჩემი მეგობრები რეჟიმის ძალებმა.“
„არ ვიცი, რას ვიხილავთ, მაგრამ რეჟიმისა და მისი მკვლელი მანქანის წყალობით, ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს ომის ზონა.“
თეირანის უნივერსიტეტის 21 წლის სტუდენტი მოეინი ამბობს, რომ უნივერსიტეტთან ახლოს ძლიერი აფეთქებების ხმა ესმოდა.
ის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა და ორი მეგობარი დაკარგა ძალადობრივი ჩახშობისას. „ჩვენ არ ვიყავით უცხოური ჩარევის მომხრეები, რადგან არ გვინდოდა ჩვენი საყვარელი ადამიანები დაღუპულიყვნენ, მაგრამ რეჟიმმა მაინც ამოხოცა ჩვენი ოჯახები. როცა იარაღი აშშ-დან მოდის, უფრო რბილად გვარტყამს, ვიდრე რეჟიმის მკვლელი მანქანები?“ — ამბობს ის.
მოეინის თქმით, ქალაქში დაძაბულობა იგრძნობოდა, თუმცა პანიკა არ დაწყებულა. „ომისთვის ვემზადებოდით, ამიტომ პირველადი საჭიროების ნივთები მოვიმარაგეთ,“ — ამბობს ის. „როგორც ვიცი, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ბომბსაფარები არ არსებობს.“
მისი და სხვა ადგილობრივების თქმით, პერიოდულად ვერ ახერხებდნენ სახელმწიფო მედიაზე წვდომას, თუმცა გაურკვეველია, ეს კიბერშეტევების ბრალიათუ საიტების გადატვირთვის.
„არ გამკვირვებია, რადგან კვირების განმავლობაში ველოდით შეტევას,“ — ამბობს თეირანში მცხოვრები 27 წლის მეჰნაზი*.
ის საუზმობდა, როდესაც დაახლოებით დილის 9 საათზე ძლიერი აფეთქებების ხმა გაიგო. „ჩვენ პრეზიდენტის ოფისთან და მთავრობის ლიდერის ადმინისტრაციულ შტაბთან ახლოს ვცხოვრობთ,“ — ამბობს ის. პირველი დარტყმები, როგორც ჩანს, უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ოფისებსა და კომპლექსთან ახლოს განხორციელდა.
მეჰნაზის თქმით, განსაკუთრებით მოქმედი ხელისუფლების მოწინააღმდეგეებში გრძნობები შერეული იყო. „უცნაური შეგრძნებაა,“ — ამბობს ის. „ერთდროულად შიში და იმედი — რომ რეჟიმის დასასრული დადგება.“
როგორც ცნობილია, 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ აშშ-მა და ისრაელმა ერთობლივი დარტყმები განახორციელეს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით,„ისრაელის სახელმწიფომ ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა განახორციელა ისრაელის სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხის აღმოფხვრის მიზნით".
ისრაელი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა და მის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები (ჰეზბოლა, ჰამასი და სხვ.) მის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამის გამო პრევენციული დარტყმა განახორციელა იმ ობიექტებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, მომავალში მის წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული.