ირანის მხრიდან განხორციელებული იერიშების შემდეგ, მოსახლეობამ ტელეფონებზე საგანგაშო შეტყობინებები მიიღო, თუმცა გაფრთხილებები მხოლოდ მას შემდეგ დაიგზავნა, რაც უპილოტო საფრენი აპარატი დუბაის სიმბოლოს, სასტუმრო "ბურჯ-ელ-არაბს" დაეჯახა.
"ქალაქი თითქოს მოკვდა" - ბოლო დღეებია, ეს ფრაზა დუბაის მისამართით სულ უფრო ხშირად ისმის. საჰაერო თავდასხმების ფონზე, ტურისტებმა სასტუმროებში დარჩენა ამჯობინეს, ბევრი მათგანი კი დასვენების შეწყვეტასა და ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებაზე ფიქრობს. ადგილობრივი მცხოვრებლები ამასობაში, ყოველი შემთხვევისთვის, უახლოესი თავშესაფრების მდებარეობას აზუსტებენ.
სანაპირო ზოლები, სავაჭრო ცენტრები და რეკრეაციული ზონები სრულიად დაცარიელდა. უსაფრთხოების ნორმების გამო, რესტორნები და კაფეები დაიხურა, დამსვენებლებისთვის კი პლაჟებზე გასვლა შეიზღუდა.
1-ელი მარტის მონაცემებით, "პალმ ჯუმეირასა" და ქალაქის სხვა რაიონებში ზღვაში ბანაობა შეუძლებელია. ადამიანები სასტუმროების ტერიტორიაზე არსებულ აუზებთანაც აღარ ჩნდებიან. გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა საგრძნობლად შემცირდა და ავტომობილები იშვიათად გადაადგილდებიან. სეირნობა ან შოპინგი აღარავის სურს - მოსახლეობა გარეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გადის.
"მაღაზიები და რესტორნები, რომლებიც ჩვეულებრივ შუაღამემდე მუშაობენ, გუშინ საღამოს 9 საათიდან დაიკეტა. ტურისტული ქუჩები სრულიად დაცარიელდა, შაბათ საღამოს ისინი ასეთ მდგომარეობაში არასდროს მინახავს. თუმცა, ეშმაკის ბორბალი მაინც ბრუნავდა, ზღვაში კი იახტაზე ხმაურიანი წვეულება იმართებოდა - ეს აქ ყოველთვის ასე იყო და იქნება", - აღნიშნავს ეკატერინე, რომელიც დუბაიში უკვე სამი წელია, ცხოვრობს.

28 თებერვალს ქალაქის თავზე ასზე მეტი რაკეტა და 200-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. ტურისტების თქმით, სასტუმროების პერსონალი შიშისგან ძლივს იკავებს თავს, თუმცა სტუმრებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. მიუხედავად ამისა, პანიკის დათრგუნვას ყველა ვერ ახერხებს. ადგილობრივი მოსახლეობა მაღაზიებში პირველადი მოხმარების პროდუქტებს იმარაგებს. დახლებიდან სასმელი წყალი, ტუალეტის ქაღალდი და სწრაფი მომზადების საკვები მომენტალურად ქრება...
"ემზადება თუ არა ხალხი ომისთვის, ამის გარკვევა მაღაზიებში ყოველთვის შეიძლება. გუშინ საღამოს პროდუქტებისთვის ჰიპერმარკეტში შევედით და აღმოჩნდა, რომ პური და რძე აღარ აღარ იყო. დახლებიდან ბანანი, კარტოფილი, სასმელი წყლის დიდი ბოთლები და ქათმის სრული მარაგი უკვე გაყიდული იყო", - ამბობენ ადგილობრივები.
მათი თქმით, სალაროებთან უზარმაზარი რიგები დგას, მყიდველები კი პროდუქტებს დიდი მარაგით ყიდულობენ.
1-ელი მარტის დილიდან ცაზე აფეთქებების სერია კვლავ განახლდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, სულ მცირე 10 მძლავრი ხმა გაისმა. მანამდე იერიში დუბაიში მდებარე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) შტაბ-ბინასა და ჯებელ ალის პორტზე მიიტანეს, რომელსაც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები იყენებენ. ირანული უპილოტო აპარატი დუბაის სიმბოლოს - ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "ბურჯ-ელ-არაბს" შეეჯახა. ღამით შენობის ზედა სართულებიდან დიდი კვამლი ამოდიოდა.

სასტუმროდან სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა, დაშავებულთა შესახებ კი მონაცემები არ გავრცელებულა. მცირე ხნით ადრე დრონი სასტუმრო Fairmont The Palm-ის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობასაც მოხვდა. თავდასხმა ადგილობრივ აეროპორტზეც განხორციელდა, რამაც ნაწილობრივი ნგრევა გამოიწვია. მგზავრებისა და პერსონალის ევაკუაცია დროულად მოხდა.
იერიშის შედეგად აზიის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა, ხოლო შვიდი ადამიანი დაშავდა. 1-ელი მარტის ღამეს მოსახლეობამ მობილურებზე შეტყობინებები მიიღო, თუმცა მთელი დღის განმავლობაში, სანამ სარაკეტო იერიში მიმდინარეობდა, არანაირი ინსტრუქცია არ გაცემულა. გაფრთხილებები მხოლოდ ღამით, "პალმაზე" მდებარე სასტუმროზე დარტყმის შემდეგ დაიგზავნა.
აღსანიშნავია, რომ განგაშის სიგნალს უხმო რეჟიმზე მყოფი ტელეფონებიც კი გამოსცემდნენ. ტურისტები, რომლებმაც ქვეყნიდან გაფრენა ვერ შეძლეს, საცხოვრებელთან დაკავშირებულ პრობლემებს დამოუკიდებლად აგვარებენ. სოციალურ ქსელებში მომხმარებლები წერენ, რომ თავისუფალი სასტუმრო ნომრის პოვნა ქალაქში ამჟამად თითქმის შეუძლებელია.