ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა გადაცემაში "დღის პოსტი" რამაზ ნოზაძესთან ოჯახის შექმნის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ დედამთილთან თავიდან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა:
- მე არ ვუნდოდი ჩემს დედამთილს. ძალიან სერიოზული დაძაბულობა იყო იმიტომ, რომ ჩემი დედამთილი წინა თაობის წარმომადგენელია. მე მაგ დროს ტელევიზიაში ვმუშაობდი და სრულიად საქართველო ურეკავდა, ეს გოგო სახლში არ შეუშვაო. ეს "ენები" მაინც მოქმედებს. ჩვენზე მოქმედებს, არათუ წინა თაობაზე... შესაბამისად, თავს იკლავდა, არ მინდაო. იმ დროს ჩემმა ქმარმა არჩევანი გააკეთა და შევქმენით ოჯახი. ეს ერთპიროვნულად ჩემი ქმრის გადაწყვეტილება იყო. მერე უკვე ხიდის აშენება მე დავიწყე. შემეძლო, ასე ცივად დამეტოვებინა ყველაფერი. სახლში რომ შევედი და ჩემი დედამთილი დამხვდა, პირველი წინადადება, რაც ვუთხარი, იყო ეს: "თქვენ შემირიგდით და მიმიღეთ იმიტომ, რომ გიყვართ თქვენი შვილი. მეც მიგიღეთ იმიტომ, რომ მიყვარს თქვენი შვილი. ერთი და იგივე მიზეზი გვაქვს. როგორი ხიდი აშენდება ჩვენ შორის, ამას დრო გვანახებს." დედას ვერც ერთი ცოლი ვერ შეცვლის და სულ არ მინდოდა, რომ ჩემ გამო და იმ არჩევანის გამო, რომელიც ჩემ სასარგებლოდ გააკეთა, ჩემი ქმრის ცხოვრებაში შავი ლაქა დარჩენილიყო. ამიტომ, მაქსიმალურად ვეცადე, რომ ეს ხიდი ამეშენებინა. გადასარევი ხიდი ავაშენე.