გასულ წლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მარტის დასაწყისში ცხადდებოდა და აბიტურიენტები განახლებულ ცნობარსაც სწორედ ამ პერიოდში ეცნობოდნენ.
თუმცა, როდის დაიწყება 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია, ჯერჯერობით უცნობია. აბიტურიენტების ჯგუფში კი ეს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და აქტუალური თემაა.
საკითხის დასაზუსტებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ სიახლეებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის თარიღმა გადაიწია. თუმცა, ჯერჯერობით ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ და აბიტურიენტებს მოუწოდებენ, მათ ვებგვერდს სიახლეებისთვის თვალი ადევნონ.
შეგახსენებთ, რომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის მთელი რიგი ცვლილებებია დაგეგმილი. კერძოდ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება, საგრანტო სისტემა კი უქმდება. შესაბამისად, ის სტუდენტები, რომლებიც კერძო უნივერსიტეტებში ჩააბარებენ, სახელმწიფო გრანტს ვეღარ მოიპოვებენ.
ამავე სასწავლო წლიდან "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" პრინციპი ამოქმედდება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, სამართალი, ჟურნალისტიკა, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, საჯარო მმართველობა, თბილისში,სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება ხელმისაწვდომი. აბიტურიენტები, მაგალითად, სამართალზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ან ტექნიკურ უნივერსიტეტში ვეღარ ჩააბარებენ. სამაგიეროდ, შეუძლიათ ქუთაისის, ბათუმის ან სხვა ქალაქის სახელმწიფო უნივერსიტეტებიც აირჩიონ.
ახალი სასწავლო წლიდან 3+1 სისტემა ამოქმედდება, რაც საბაკალავრო პროგრამების 3 წლამდე, სამაგისტრო პროგრამების 1 წლამდე შემცირებას გულისხმობს.
ცნობილია ისიც, რომ წელს აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ.
შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ, რომ რეგისტრაციის თარიღმა გადაიწია, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია.
თამარ იაკობაშვილი