სოციალურ ქსელში მშობლებს თავიანთ გამოცდილებას ხშირად აზიარებენ. ერთ-ერთია ეს ამბავიც: 4 წლის შვილმა მამას წიგნის წაკითხვა სთხოვა. მამა გვერდით მიუჯდა შვილს, რომ წაეკითხა, მაგრამ ბავშვმა უცებ გეგმები შეცვალა და გადაწყვიტა, თავად „წაეკითხა“ წიგნი მამასთვის. პატარა თავდაჯერებით ფურცლავდა გვერდებს და ტექსტს თითქმის სიტყვა-სიტყვით ამბობდა, თითქოს მართლა კითხულობდა.
მამა გაოცებული დარჩა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს უბრალოდ მისი საყვარელი წიგნი იყო, რომელიც იმდენჯერ ჰქონდათ წაკითხული, რომ ბავშვმა ტექსტი მთლიანად დაიზეპირა და ზუსტად ახსოვდა, რომელ გვერდზე რა ეწერა. რადგან წიგნი სურათებით იყო გაფორმებული, ამის დამახსოვრება ბავშვისთვის რთული არ ყოფილა.
თუმცა სწორედ ამ მომენტში გახდა ნათელი ერთი მნიშვნელოვანი რამ — ბავშვს უკვე ჰქონდა კითხვის სურვილი, და ეს სურვილი აუცილებლად უნდა განვითარდეს.
ბევრ მშობელს აინტერესებს: რატომ ხდება ისე, რომ ზოგი ბავშვი უკვე სამი წლის ასაკში სწავლობს კითხვას, მაშინ როცა სხვებთან, რამდენიც არ უნდა იმეცადინონ ან ანბანი ასწავლონ, შედეგი მაინც არ ჩანს?
მეცნიერები ამბობენ, რომ ბავშვებში კითხვის სწავლების უნარი ერთმანეთისგან განსხვავდება. ეს პირველ რიგში დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მარტივად იმახსოვრებს ბავშვი ასოებს. თუ ბავშვს ადვილად ამახსოვრდება ასო ბგერები, მას ასევე მარტივად შეუძლია მარცვლების დამახსოვრება და შემდეგ სიტყვების წაკითხვაც.
კითხვის სწავლა ასოების დამახსოვრებით იწყება.ზოგი მეთოდიკა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბავშვმა თავიდანვე მარცვლები ისწავლოს. ეს გარკვეულწილად სწორიც არის, რადგან სიტყვები სწორედ მარცვლებისგან შედგება. არსებობს მეთოდიც, სადაც მარცვლები კუბებზე წერია და ბავშვი თამაშის დროს სწავლობს, როგორ ააწყოს ამ კუბებისგან სიტყვები.
თუმცა ასეთი მეთოდიც არ იძლევა ასპროცენტიან გარანტიას, რომ ბავშვი სწრაფად ისწავლის კითხვას. იმისთვის, რომ ბავშვმა თავისუფლად იკითხოს, საჭიროა სიტყვების მთლიანად დამახსოვრება. სწორედ თავისუფალი კითხვა არის მთავარი მიზანი, რადგან მხოლოდ ასეთ დროს იწყებს კითხვა ბავშვისთვის საინტერესო პროცესად ქცევას.
ზოგ ბავშვს მარტივი სიტყვის დასამახსოვრებლად ოთხ-ხუთჯერ წაკითხვა სჭირდება. საშუალოდ კი ერთი სიტყვის დასამახსოვრებლად დაახლოებით ოცჯერ, ზოგჯერ კი უფრო მეტჯერაც წაკითხვაა საჭირო.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამ არის: კითხვა მხოლოდ მაშინ არის სასიამოვნო, როცა ბავშვს ტექსტის მნიშვნელობაც ესმის.
ამის განვითარებისთვის მშობლებს შეუძლიათ ბავშვს წაკითხულის შესახებ რამდენიმე მარტივი კითხვა დაუსვან:
რაზე იყო ეს ტექსტი?
ვინ იყვნენ მთავარი გმირები?
ვინ იყო კარგი და ვინ — ცუდი?
რა მოხდა?
რას ფიქრობდა ავტორი?
შენ რას ფიქრობ ამ ამბავზე?
როდესაც ბავშვი სწავლობს, როგორ მოძებნოს ამ კითხვებზე პასუხები თავად წიგნში, კითხვა ნელ-ნელა საინტერესო და ამაღელვებელ პროცესად იქცევა — ისეთად, რომელიც ბევრ თამაშსაც კი ჩაანაცვლებს.
კითხვას კიდევ ერთი დიდი უპირატესობა აქვს — ის ხშირად ანაცვლებს პლანშეტზე თამაშს. როცა ბავშვს კითხვა უყვარდება, ეკრანუ მისთვის ნაკლებად საინტერესო ხდება.
ამიტომ ბავშვებს კითხვა უნდა ასწავლოთ თამაშით და სიამოვნებით — ასე მათი განვითარება ბუნებრივად და ჰარმონიულად მოხდება.