13 შვილის დედა და 22 შვილიშვილის ბებია, ნინო ბზვანელი - "10 ბავშვი მყოლია ერთად ვირუსიანი, ჩამოწერილი მქონდა კედელზე, ვის რა დოზა წამალი სჭირდებოდა..." - მშობლები

13 შვილის დედა და 22 შვილიშვილის ბებია, ნინო ბზვანელი - "10 ბავშვი მყოლია ერთად ვირუსიანი, ჩამოწერილი მქონდა კედელზე, ვის რა დოზა წამალი სჭირდებოდა..."

2026-03-04 11:41:37+04:00

ნინო ბზვანელი 13 შვილის დედა და 22 შვილიშვილის ბებია. ის გადაცემაში "დღის პოსტი" მრავალშვილიან დედობასა და მთავარ გამოწვევაზე საუბრობს:

- 13 შვილის დედობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ძალიან ბევრი ადამიანი მიყურებს და განცდა მაქვს, რომ ლუპით მაკვირდებიან. ჩემი მეუღლე ტაძრის წინამძღვარია და ძალიან დიდი მრევლი ჰყავს. მეც, როგორც მისი მეუღლე, სამაგალითო უნდა ვიყო და ყოველთვის ფორმაში, ყველანაირი გაგებით. მე ის მიხარია, რომ ჩვენ მაგალითი ვუჩვენეთ არა მარტო ჩვენს მრევლს, არამედ სრულიად საქართველოს, სანაცნობოს. ძალიან ბევრი ახლობელი გვყავს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ჩემი შვილებიც, ნაწილი საზღვარგარეთ ცხოვრობს.

ვცდილობდით, შვილები იუმორში გაგვეზარდა, მსუბუქად ყოფილიყო ეს ყველაფერი და მათ მრავალშვილიანი ოჯახის დატვირთვა არ ეგრძნოთ. ბავშვებს არანაირ განსაცდელს არ ვაგრძნობინებდით. ყოველ შემთხვევაში, გვინდოდა, ასე ყოფილიყო.

ჩვენი მაგალითით ბევრმა ადამიანმა გააჩინა ბევრი შვილი და ეს ძალიან მახარებს. ჩვენს ტაძარში მრავალშვილიანი დედების ორგანიზაცია შევქმენი. 35 ისეთი ოჯახი გვყავს, რომლებსაც 5 და მეტი შვილი ჰყავთ. ჩვენს ორგანიზაციაში 230-ზე მეტი ბავშვია. ერთი ოჯახივით ვართ.

ოლღა ბოლქვაძე, შვილი - იმდენად ყველას ერთნაირად გვინაწილებდნენ სითბოს, რომ არაფერი დაგვკლებია.

ნინო ბზვანელი - თეატრალური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, მასობრივი რეჟისურის მიმართულებით. ვიდრე დეკრეტში გავიდოდი, ერთი წელი ვიმუშავე. იმის მერე, სულ დეკრეტში ვიყავი. ჩემი პროფესია, მასების რეჟისორობა, სახლში გადავიტანე. მგონია, ოჯახში ჩემს პროფესიას თავი კარგად გავართვი. დედის პროფესიაში ყველაფერია შერწყმული. ფსიქოლოგიც უნდა იყო, მსახიობიც, მზარეულიც, კარგი ორგანიზატორიც... დედობა უამრავ პროფესიას მოიცავს. ყოველთვის შემართული ვიყავი, ყოველთვის ვცდილობდი, პოზიტიური ვყოფილიყავი. მამაოს იუმორი არ აკლდა და ბავშვებს იუმორით ვზრდიდით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უფალს მინდობილები.

ნებისმიერი დედისთვის განსაკუთრებული სირთულეა ის, როცა შვილი ავად ხდება. იყო ისეთი შემთხვევა, ვირუსი ყველას ერთად გადასდებია. 10 ბავშვს უნდა მისცე წამალი, სხვადასხვა დოზა. ჩამოწერილი მქონდა, ვის რა დოზა სჭირდებოდა და პლუსებს ვუსვამდი, რომ არ ამრეოდა. ოღონდ ბავშვები ცუდად ნუ გახდებიან... ამაზე დიდი სირთულე არ მქონია.

მამაო, გარდა იმისა, რომ იდეალური მეუღლეა, იდეალური მამა და ბაბუაა. ბავშვებს ისე ტკბილად ვზრდიდით, რომ ამბობენ, რაც მშობლებმა მოგვცეს, გვინდა, იგივე ჩვენმა შვილებმაც განიცადონო.

ცამეტივე ფეხმძიმობაზე 9 თვის განმავლობაში ტოქსიკოზი მქონდა. სულ გადასხმებს მიკეთებდნენ... იუმორში, ხალისში ვზრდიდით შვილებს – 13 შვილის დედა საკუთარ გამოცდილებაზე