პირადობის ელექტრონული მოწმობა პირის მოქალაქეობისა და ვინაობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია. საქართველოში საბანკო თუ სხვა სერვისების მისაღებად პირადობის მოწმობის ქონა აუცილებელია.
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდება 14 წელი, ვალდებულია 6 თვის ვადაში აიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის გაცემა ასევე შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეზე.პირადობის ელექტრონული მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით.
თუ პირადობის მოწმობა არ გექნებათ, დაკარგავთ ან მას ვადა გაუვა, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, სადაზღვევო, საბანკო და ფინანსური ოპერაციები შეგეზღუდოთ, სახელმწიფოს სერვისებთან სათანადო წვდომა ვერ შეძლოთ, ხელშეკრულებების გაფორმება გაგიჭირდეთ, მგზავრობასთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ. თუმცა, ეს, როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განგვიცხადეს, ინდივიდუალურად, საჭიროებიდან გამომდინარე, უნდა გადაამოწმოთ და გაიგოთ, მაგალითად, საბანკო ანგარიშების შემთხვევაში, პირადობის მოწმობის ვადის გასვლის დროს, რა შეზღუდვები დაგიწესდებათ.
ზოგადად კი, პირადობის მოწმობის შეცვლა შემდეგ შემთხვევებშია სავალდებულო:
- ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას;
- ბ) მოქმედების ვადის გასვლისას;
- გ) სახელის ან გვარის შეცვლისას;
- დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;
- ე) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.
პირადობის მოწმობის მისაღებად უნდა წარადგინოთ:
- ორი ფოტოსურათი (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ იუსტიციის სახლში, ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, ფასი – 5 ლარი);
- შესაცვლელი პირადობის მოწმობა (გარდა დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევისა);
- პირადი მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელის/გვარის შეცვლა და ა.შ.).
პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
- სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს – სრულად, აგრეთვე ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;
- მეორე მსოფლიო ომის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირები – სრულად, აგრეთვე ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;
- პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით – სრულად, აგრეთვე ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;
- სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში – 10 ლარით, განმეორებით – 10 % (6 ლარით), ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;
- პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის ელექტრონული მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით, დაწესებული მომსახურების საფასურისგან – 50%-ით;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვნები – 50%-ით.
პირადობის მოწმობის გაცემის ვადა და ღირებულება:
- მე–10 სამუშაო დღეს – 60 ლარი;
- მე-5 სამუშაო დღეს – 80 ლარი;
- მე-3 სამუშაო დღეს – 100 ლარი;
- მე-2 სამუშაო დღეს – 120 ლარი;
- იმავე დღეს – 150 ლარი.
ვრცლად ინფორმაცია შეგიძლიათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე ნახოთ.