ლია კაპანაძე 45 წელია, დიზაინერია. წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო ნამუშევარი შექმნა და როგორც თავად ამბობს, დღემდე უამრავი მომხმარებელი ჰყავს. დის გარდაცვალების შემდეგ კი, გადაწყვიტა, ცოდნა სხვა ქალებისთვის უსასყიდლოდ გადაეცა და მათთვის კერვა ესწავლებინა. მან "ელზას სკოლა" ჩამოაყალიბა და გარდაცვლილი დის ხსოვნას მიუძღვნა.
ქალბატონი ლია ორი შვილის დედაა. ის საკუთარი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრება:
- 1981 წლიდან დიზაინერი ვარ. საკუთარი ატელიე მაქვს. პარალელურად, წლების მანძილზე, ქველმოქმედება ჩემი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ ამაზე არასდროს ვსაუბრობდი. დანაზოგით მოხუცებულთა თავშესაფარში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, შეჭირვებულებთან დავდიოდი და როგორც ვახერხებდი, ვეხმარებოდი.
ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ, ერთ თვეში, კორონავირუსი გავრცელდა. პირბადეებს ვკერავდი და საჩუქრად ვარიგებდი. ამის შესახებ არაერთმა ტელევიზიამ გაიგო და ჩემზე სიუჟეტები მოამზადეს.
ამის შემდეგ, გადავწყვიტე, ქალებისთვის კერვა უსასყიდლოდ მესწავლებინა. ჩემს მოძღვარს ვუთხარი. მან მეუფე სტეფანეს უთხრა და საპატრიარქოში დამიბარეს. აქცენტი მრავალშვილიანებზე, სოციალურად დაუცველ ქალებსა და ონკოპაციენტებზე გავაკეთე.

ჩემი და ონკოპაციენტი იყო. ორ თვეში დაავადებაც აღმოაჩნდა და გარდაიცვალა კიდეც. საკმაოდ ახალგაზრდა, 47 წლის იყო. გადავწყვიტე, ონკოპაციენტი ქალებისთვის ეს შესაძლებლობა მიმეცა, მათი დღეები გამეხალისებინა და მოტივაციის პოვნაში დავხმარებოდი.
პირველ ჯგუფში 27 მოსწავლე მყავდა. კერვასა და მოდელირებას უფასოდ ვასწავლიდი. ქალს რამდენი პროფესიაც არ უნდა ჰქონდეს, ხელსაქმე ყველასთვის კარგია. ვინაიდან საპატრიარქო გვერდით დამიდგა და ოთახი გამომიყვეს, გადავწყვიტე, რომ ჩემს მოსწავლეებთან ერთად სტიქარის ფორმები შემეკერა. ფული ავკრიბეთ, შესაბამისი მასალა ვიყიდეთ, 21 სტიქარი შევკერეთ და საპატრიარქოს გადავეცით.
ამის შემდეგ, როგორც გითხარით, არაერთი ტელევიზია დაინტერესდა და ჩვენ შესახებ სიუჟეტები მოამზადეს. რეგიონებიდან გამოგვეხმაურნენ და ქალები წერდნენ, რომ მათაც სურდათ, მათსავე რეგიონში, ასეთი შესაძლებლობა ჰქონოდათ.
კოლეგები გამოვიწვიე. ყველას ვთხოვე, ვინც შეძლებდა, კვირაში ორჯერ, ორი საათი ქალებისათვის ეს საქმე უსასყიდლოდ ესწავლებინათ. ქალების მხრიდან, სწავლის კუთხით, დაინტერესება მართლაც ძალიან დიდი იყო.

წარმოშობით საჩხერიდან ვარ. კორბოულიდან მკერავი, ქალბატონი ნინო გველესიანი გამომეხმაურა და თქვა, რომ ჩემს ინიციატივას შემოუერთდება. ასეთი თანადგომა ბევრს არ შეუძლია და მისი ძალიან მადლობელი ვარ. ქალებს კერვას უსასყიდლოდ ასწავლის. ამას ვერავის დააძალებ. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში "ელზას სკოლის" ფილიალი ვერ გავხსენი, არ იყო თავად მკერავების მხრიდან დაინტერესება. კეთილი ნება და სურვილი უნდა იყოს. როგორც ვთქვი, ვერავის დააძალებ, უსასყიდლოდ იმუშაოს. კორბოულიდან ქალბატონი ნინო გვერდით დამიდგა. უხელფასოდ, უანგაროდ ასწავლის. 16 მოსწავლე ჰყავს. ვიდეოც მაქვს, 16 ქალი ზის და სტიქარის ფორმას კერავს. უნდა ჩავიდე, ჩავიბარო და თან სერტიფიკატებსაც გადავცემ. სტიქარის ფორმები კორბოულის 4 მოქმედ ტაძარს გადაეცემა.
- როგორც გითხარით, სხვადასხვა ტელევიზიაში რამდენჯერმე აღმოვჩნდი და ქალებმა ჩემ შესახებ გაიგეს. სოციალურ ქსელებშიც ძალიან ბევრი გამომწერი მყავს. 45 წელია, ამ საქმეს ვაკეთებ. შესაბამისად, მიკავშირდებიან და რამდენსაც ვახერხებ, კერვას ყველას უსასყიდლოდ ვასწავლი.

- ახლა 28-30 ქალი დაასრულებს ამ კურსს. ვასწავლი თეორიას, დაფაზე ნახაზებს ვაჩვენებ, შემდეგ პრაქტიკულად ვაკეთებინებ. ქსოვილები თავადაც მოაქვთ, მეც მაქვს. ჩემი პროგრამა შევიმუშავე, ვასწავლი ნახაზს, მოდელირებას, თარგის აღებას - ყველაფერს. ძალიან კარგად ფლობენ იმას, რასაც ვუზიარებ.
- დიახ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ის, რომ საქმდებიან, მირეკავენ და მადლობას მიხდიან. ძალიან კარგი ჯგუფები მყავდა.

- "ელზას სკოლა" საჯარო რეესტრში დავარეგისტრირე. ვიქნები დამფუძნებელიც და დირექტორიც. ქუთაისისთვის, გორისა და კახეთისთვის გამზადებული პროექტები მაქვს. მინდა, რომ იქ "ელზას სკოლის" ფილიალები გავხსნა. ყველგან სწავლა უფასო უნდა იყოს. ერთადერთი, ვფიქრობ, თუ ამ ფონდში ვინმე შემომეშველება, მასწავლებლები ფინანსურად წავახალისო და მეტი სტიმული მივცე. ბევრ ქალს, სამწუხაროდ, არ აქვს იმის საშუალება, რომ თვეში 200-250 ლარი გადაიხადოს და კერვა შეისწავლოს. ძალიან მინდა, მათ ამის შესაძლებლობა უფასოდ მივცეთ.
რასაც მოვინდომებთ და მიზნად დავისახავთ, რთული არაფერია. მთავარი სურვილი და მონდომებაა. ყველა ქალბატონს 8 მარტსა და დედის დღეს მივულოცავ. მინდა, ყველა მათგანი ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. რამდენი პროფესიაც არ უნდა გვქონდეს, ქალისთვის ხელსაქმე ყოველთვის საჭირო და გამოსადეგია. ერთად თუ დავდგებით, ერიც გადარჩება, ჩვენც გადავრჩებით და უფალიც დაგვინახავს ამ სიკეთეს.
თამარ იაკობაშვილი