თუ ერთხელ მაინც მოგისმენიათ მოსაზრება, რომ ტექნოლოგიები და ინფორმატიკა მამაკაცების საქმეა, მაშინ მარიამ ფიფიას ისტორია ამ სტერეოტიპის სრულად დამსხვრევაში დაგეხმარებათ. საინფორმაციო ტექნოლოგიური ცენტრ „მზიურის“ აღზრდილი და საქართველოს ნაკრების წევრი, სწორედ იმ გოგოების მოტივაცია შეიძლება გახდეს, ვინც ტექნოლოგიებითაა დაინტერესებული.
ინფორმატიკა ბევრისთვის რთული ამოცანებისა და კოდების სამყაროა. მარიამს კი ამ სამყაროში პირველი ნაბიჯები ცნობისმოყვარეობამ გადაადგმევინა.
„ბევრ გოგოს ჰგონია, რომ ალგორითმული აზროვნება და ტექნოლოგიური სფერო მხოლოდ „განსაკუთრებული ნიჭის“ მქონე ადამიანებისთვისაა. ჩემი გამოცდილება კი სრულიად საპირისპიროს მაჩვენებს. ინფორმატიკის ოლიმპიადებში ჩართვის მთავარი იმპულსი იყო უბრალო ცნობისმოყვარეობა და სურვილი, საკუთარი თავი გამომეცადა ისეთ სფეროში, რომელიც თავდაპირველად რთულად და მიუწვდომლად მეჩვენებოდა. პირველი წარმატებული ამოხსნილი ამოცანები გახდა ის მომენტი, როცა მივხვდი ეს არ იყო მხოლოდ ნიჭის საკითხი, არამედ შრომის, სისტემური აზროვნებისა და მუდმივი ვარჯიშის შედეგი,“— იხსენებს ის.
მარიამი გასულ წელს ევროპის გოგოების ოლიმპიადაზე (EGOI) საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდა. როგორც თავად იხსენებს EGOI-ისთვის მზადების პროცესში საკუთარი შესაძლებლობები ხელახლა აღმოაჩინა.
„EGOI-სთვის მზადების პროცესი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან ის დამეხმარა საკუთარი შესაძლებლობების ხელახლა აღმოჩენაში. ამ გზაზე არაერთხელ შემხვდა რთული ეტაპი, როდესაც პროგრესი ნელდებოდა და საკუთარ თავში ეჭვი მიჩნდებოდა, თუმცა სწორედ ამ მომენტებმა მასწავლა, რომ შეცდომები და დროებითი წარუმატებლობები განვითარების ბუნებრივი ნაწილია. EGOI-სთვის მზადებამ გამაძლიერა არა მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ თავდაჯერებულობაშიც. ვისწავლე, რომ შემიძლია რთულ პრობლემებთან მარტო დარჩენა, სტრესის მართვა და ბოლომდე ბრძოლა. ამ გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ალგორითმული აზროვნება ის უნარია, რომელიც შრომითა და სწორი მიდგომით ყველას შეუძლია განავითაროს, განსაკუთრებით გოგოებს, რომლებიც ხშირად საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებენ. ეს გზა ასწავლის სტრესის მართვას, რთულ პრობლემებთან პირისპირ დარჩენას და ბოლომდე ბრძოლას. ეს არის გარემო, სადაც კონკურენცია არა დამთრგუნველი, არამედ მოტივაციის წყაროა,“ - განმარტავს მარიამი.
ევროპის გოგოების ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI) 2021 წლიდან ტარდება და 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. საქართველოს ნაკრები 2022 წლიდან აქტიურად მონაწილეობს და უკვე შთამბეჭდავი შედეგებიც აქვს: 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მარიამისთვის კი ეს ოლიმპიადა პრესტიჟულ ტიტულზე მეტია.
„ეს არის ხიდი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და ტექნოლოგიურ გიგანტებში მოსახვედრად,“ - აღნიშნავს ის.
გასულ წელს საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შეიქმნა
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს ნიჭიერი მოსწავლეების შერჩევას, მათ წვრთნასა და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას. პროექრის მხარდამჭერია თიბისი, ხოლო მისი პარტნიორები არიან გაეროს ქალთა ორგანიზაცია, GAIA, ICT ასოციაცია, ლინეიტი, ეპამი და ბლოქსი.
2026 წლისთვის ოლიმპიადაზე წარსადგენად საქართველოს ნაკრების წევრობის მსრუველი გოგოების რეგისტრაცია პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 მარტიდან დაიწყო და 14 მარტამდე გაგრძელდება. მთავარი პირობაა, რომ ის საქართველოს ნებისმიერ სკოლას წარმოადგენდეს და იყოს 18 წლამდე ასაკის. რეგისტრაციის ბმული
მარიამ ფიფია ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებს ურჩევს, აუცილებლად სცადონ ბედი.
„ბევრი გოგო შესაძლოა ყოყმანობდეს რეგისტრაციისას, რადგან ჰგონიათ, რომ საამისოდ საკმარისი ცოდნა არ აქვთ. რას ეტყოდი მათ, ვინც ახლა აპირებს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, გოგოების საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევ ტურში მონაწილეობას — რა არის ის ერთი მთავარი თვისება, რაც მათ წარმატებაში დაეხმარებათ? იმ გოგოებს, რომლებიც ახლა ყოყმანობენ რეგისტრაციისას და ფიქრობენ, რომ ცოდნა არ ჰყოფნით, ვეტყოდი: სწორედ ეს ეჭვი არის ის მომენტი, როცა ყველაზე მეტად ღირს სცადოთ. ოლიმპიადებში მონაწილეობა არ იწყება სრულყოფილი ცოდნით, ის იწყება სურვილით რომ საკუთარი თავი გამოიწვიო. თუ ერთი მთავარი თვისება უნდა გამოვყო, რაც წარმატებაში ყველაზე მეტად მეხმარება, ეს არის გამძლეობა. არა ის, რამდენი ამოცანა ამოხსნა იცი დღეს, არამედ რამდენჯერ ხარ მზად, რომ არ გამოგივიდეს და მაინც გააგრძელო. გზაზე აუცილებლად იქნება რთული ამოცანები, შეცდომები და თვითეჭვის მომენტები, მაგრამ სწორედ ამ პროცესში იზრდება ცოდნაც და თავდაჯერებაც. რეგისტრაცია არ ნიშნავს მზადყოფნის გამოცხადებას, ის ნიშნავს გზის დაწყებას. ამიტომ, თუ ოდნავ მაინც გაინტერესებთ პროგრამირება, ეს უკვე საკმარისი მიზეზია პირველი ნაბიჯის გადასადგმელად. დანარჩენს შრომა, დრო და საკუთარ თავზე რწმენა მოიყვანს,“ - აღნიშნავს ის.
შეგახსენებთ, რო ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების ფორმირებას, წვრთნასა და მხარდაჭერას ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს ინფორმატიკის ოლიმპიადებზე, რათა საქართველო ტექნოლოგიურ სფეროში ღირსეულად წარმოჩინდეს და საუკეთესო საოლიმპიადო შედეგები დააფიქსიროს.
R