როგორც წესი, გვგონია, რომ ნებისმიერი დედა შვილებს მხოლოდ კარგს უსურვებს და ბავშვისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი მის გვერდითაა. თუმცა ზოგჯერ ხდება ისე, რომ ადამიანის ფანატიკური რწმენა რეალობას მთლიანად ცვლის და სწორედ ამ რწმენამ შეიძლება ბავშვების კეთილდღეობაც კი საფრთხის წინაშე დააყენოს.
ასეთი ისტორია რუსეთში სულ ცოტა ხნის წინ მოხდა და საზოგადოება ძლიერ შეაშფოთა.
2026 წლის 9 თებერვალს 18 წლის მარინამ სკოლიდან თავისი 11 წლის და ირინა წამოიყვანა. ამის შემდეგ გოგონები უკვალოდ გაუჩინარდნენ. მათი გაუჩინარება მაშინვე შენიშნეს მამამ, ალექსანდრემ, და ბებიამ, მარიამ. სად არ ეძებეს ბავშვები, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ოჯახის წევრებს თავიდანვე ჰქონდათ ეჭვი, რომ რაღაც ცუდი მოხდა — ოჯახში კრიზისი უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში მწიფდებოდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, გოგონების დედამ, ანამ, შვილები ფარულად გაიყვანა ქალაქიდან. მას სურდა გოგონებთან ერთად ტოტალიტარულ სექტაში — „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია — სამეფო იმპერიაში“ მოხვედრილიყო, სადაც ყველა ე.წ. „უკანასკნელ იმპერატორს“ემორჩილება, ხოლო პასპორტებსა და საბანკო ბარათებს „ანტიქრისტეს ბეჭდებად“ მიიჩნევენ და წვავენ.

გოგონების ძებნა თითქმის ათი დღე გაგრძელდა. ოპერაციაში მოხალისეები და სხვადასხვა რეგიონის გამომძიებლები მონაწილეობდნენ. როდესაც საბოლოოდ ბავშვები ვლადიმირის ოლქში იპოვეს, ბებია მარიამ პირველად შეძლო შვებით ამოესუნთქა.
თუმცა სიხარული, რომ შვილიშვილები ცოცხლები და ჯანმრთელები იყვნენ, მალე ახალმა შიშმა შეცვალა — როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა ბავშვების ფსიქიკაზე?
ბებიის თქმით, ყველაფერი დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც გოგონების მშობლები დაშორდნენ. ამის შემდეგ ანამ შვილები წაიყვანა და პსკოვის ოლქში, ყოფილ ქმრის მიერ დატოვებულ კერძო სახლში გადავიდა. გარეგნულად ცხოვრების პირობები ნორმალური იყო: წყალი, გათბობა, მეზობლები.
მაგრამ როდესაც მამამ ერთი წლის შემდეგ შვილების ნახვა გადაწყვიტა, ნანახით შოკირებული დარჩა.
მისი თქმით, გოგონები არსად სწავლობდნენ და ექიმებთანაც არ დაჰყავდათ. ანამ უთხრა, რომ ბავშვები „სუფთა ჰაერზე საცხოვრებლად“ წაიყვანა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ საუბარი სექტანტების სოფელზე იყო.
ალექსანდრემ შვილები უკან, სანქტ-პეტერბურგში დააბრუნა. გოგონები ექიმებთან წაიყვანეს, საჭირო აცრები გაუკეთეს და სკოლაში შეიყვანეს. რაც მთავარია, მათთან ფსიქოლოგებმა დაიწყეს მუშაობა. ბებიამ ოფიციალურად მიიღო შვილიშვილებზე მინდობილობა, ოჯახმა კი სიმ-ბარათებიც კი შეცვალა, რათა ბავშვები დედისა და სექტის გავლენისგან სრულად დაეცვათ.
დროთა განმავლობაში გარკვეული პროგრესიც გამოჩნდა, განსაკუთრებით უმცროს გოგონაში. ბებია სითბოთი იხსენებდა, როგორ უბრუნდებოდა ნელ-ნელა ბავშვი ჩვეულ ცხოვრებას: გაიჩინა მეგობრები სკოლაში, გაიგო რა იყო კომპიუტერული თამაშები და ოჯახსაც კი გაუხარდა, რომ ბავშვები თამაშობდნენ.
ფსიქოლოგებმა ახლობლებს ურჩიეს მოთმინება გამოეჩინათ და დაეცადათ, სანამ გოგონები უფრო ზრდასრულ ასაკს მიაღწევდნენ და კრიტიკულად აზროვნებას შეძლებდნენ. თუმცა უფროსი და, 18 წლის მარინა, დედის მიერ ჩაგონებულ შეხედულებებს არ ივიწყებდა. სპეციალისტთან მხოლოდ რამდენჯერმე მივიდა და მათი მოსმენა საერთოდ არ სურდა.
ამავე დროს მამა სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებდა. ის ანას ოფიციალურად გაშორდა და სოციალური სამსახურისთვის მიმართა, რათა ყოფილ ცოლს მშობლის უფლებები ჩამოერთმია. სასამართლო პროცესი 2026 წლის 10 მარტისთვის დაინიშნა.
მაგრამ დედამ მოვლენებს წინ გაუსწრო. 4 თებერვალს მან საეწრთო ჩატში დაწერა: „ახლა ჩვენს ჩატს ვშლი და კავშირი აღარ იქნება“. რამდენიმე დღეში — 9 თებერვალს — გოგონები გაუჩინარდნენ.
გაუჩინარებიდან ერთ დღეში ოჯახმა უცნობი ანგარიშიდან გამოგზავნილი ვიდეო მიიღო. კადრებში ანა და მისი ორი შვილი ჩანდა. ისინი უცნობ ბინაში დივანზე ისხდნენ, გრძელი ქვედაბოლოებითა და თავსაფრებით. მარინა ქაღალდიდან კითხულობდა წინასწარ დაწერილ ტექსტს.
ვიდეოში მან განაცხადა, რომ აქვს უფლება იცხოვროს იქ, სადაც თავად სურს და ვისთანაც სურს. ასევე თქვა, რომ რელიგიური მიზეზების გამო უარი თქვა დოკუმენტებზე და აღარ იყენებს მათ, თუმცა მამა აიძულებდა პასპორტისა და საბანკო ბარათების გამოყენებას.
გაუჩინარებიდან თითქმის ათი დღის შემდეგ, 18 თებერვალს, გამომძიებლებმა ოჯახის ადგილსამყოფელი დაადგინეს. დედა და ორივე გოგონა ვლადიმირის ოლქში, ნაცნობის სახლში იპოვეს. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა და მათ მიმართ ძალადობა არ განხორციელებულა.
მცირეწლოვანი ირინა მაშინვე მამას გადასცეს. ახლა ოჯახის წევრები ცდილობენ გოგონას აუხსნან, რომ საბანკო ბარათისა და სატრანსპორტო ბილეთის გამოყენება ჩვეულებრივი და უსაფრთხო რამ არის.
ბებიის თქმით, გოგონა სკოლაში უკვე დაბრუნდა. ოჯახი ცდილობს მას მაქსიმალურად დაეხმაროს და მუდმივად აკონტროლებს — სკოლაში აცილებენ და უკანაც ხვდებიან.
2026 წლის 10 მარტს სასამართლომ უნდა განიხილოს საქმე, რომელიც ანასთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევას ეხება.
ოჯახის წევრებს ერთი მთავარი კითხვა აწუხებთ — როგორ შეძლო დედამ საკუთარ შვილებს ასეთი რამ გაუკეთოს? ბებია დარწმუნებულია, რომ ანა თავად გახდა სექტის გავლენის მსხვერპლი. მისი თქმით, ქალს წლების განმავლობაში „ტვინს ურეცხავდნენ“ ქადაგებებით და თანდათან სრულიად სხვა რეალობაში აღმოჩნდა.
სექტა „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია — სამეფო იმპერია“ პირველად სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში 2018 წელს მოექცა. მას ხელმძღვანელობს 43 წლის ლეონიდ ვლასოვი, რომელიც საკუთარ თავს „მამა ზოსიმას“, „წინასწარმეტყველს“, „პატრიარქს“ და არარსებული სახელმწიფოს — „სამერთიანი რუსეთის“ — „უკანასკნელ იმპერატორსაც“ კი უწოდებს.
ვლასოვი, რომელიც წარმოშობით ყაზახეთიდანაა და ოთხჯერ ნასამართლევია, განმარტოებულ ცხოვრებას ქადაგებს როგორც „ანტიქრისტესგან ხსნის გზას“. მისი სწავლების მიხედვით, თანამედროვე სამყარო თითქოს დოკუმენტებისა და ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით იმართება. სწორედ ამიტომ სექტის წევრები წვავენ პასპორტებს, საბანკო ბარათებსა და სხვა დოკუმენტებს, მათ „ეშმაკის ბეჭდებს“ უწოდებენ და ნახევრად დანგრეულ სახლებში, მძიმე პირობებში ცხოვრობენ, სამყაროს დასასრულის მოლოდინში — რომელიც, მათი ლიდერის პროგნოზით, 2028 წელს უნდა დადგეს.
2024 წელს ვლასოვი და მისი რამდენიმე თანამოაზრე დააკავეს. ამჟამად იგი სამარის ოლქში სასამართლოს წინაშე დგას. მას ბრალად ედება ორგანიზაციის შექმნა, რომელიც მოქალაქეების უფლებებს არღვევს, ასევე ტერორისტული საქმიანობისკენ მოწოდებები.
ამ სექტის მიმდევრებს მოეთხოვებოდათ უარი ეთქვათ ყველა ამქვეყნიურ სიკეთეზე, არ მიეღოთ პენსია და არ ჰქონოდათ ოფიციალური სამსახური, არამედ რეგულარულად ელოცათ და ემუშავათ. არსებობდა კიდევ ერთი პირობა: ვლასოვის მოწაფეებს უნდა გაეწყვიტათ ყველა კავშირი საყვარელ ადამიანებთან, რომლებიც მათ ულიანოვსკის რეგიონში გადასვლაში ხელს უშლიდნენ. ასეთი მიმდევრები „შავ სიაში“ შეიყვანეს....
2024 წლის თებერვალში ვლასოვი მეოთხედ დააკავეს, ამჯერად ტერორიზმის ხელშეწყობისა და ორგანიზაციის შექმნისთვის, რომელიც არღვევს ინდივიდის და მოქალაქეების უფლებებს. თუმცა, მისი მიმდევრები მაინც აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.