რატომ შეიძლება, ჩაიკეტოს ბავშვი და აღარ სურდეს კომუნიკაცია მშობლებთან - თემაზე ფსიქოლოგი, ნანა გოგიჩაშვილი, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:
- ამას თავისი რეალური გამომწვევი პირობები აქვს:
პირველი - ეს შეიძლება, ფსიქოფიზიოლოგიური მახასიათებლები იყოს. ხასიათი, ტემპერამენტი, ნაკლები აქტივობა, კომუნიკაციის დაბალი ხარისხი. სხეული მოჭიმული, დაძაბულია, მზერას გაურბის, თავის პატარა მიკროსამყაროშია ჩაკეტილი.
მეორე ოჯახი და აღზრდაა. შეიძლება, ჰიპერმზრუნველობა იყოს, რომლისგანაც ბავშვი გადაიღალა. შეიძლება, დისფუნქციური ოჯახი იყოს. ვიცით, რომ ოჯახის ორი სისტემა არსებობს: ფუნქციური და დისფუნქციური. ფუნქციურ ოჯახში მეტი სიყვარული, მეტი პატივისცემა, მეტი გახსნილობა, მეტი დიალოგია, რისი დეფიციტი დღევანდელ მშობლებსა და შვილებს ნამდვილად აქვთ. სამსახურსა და ოჯახს შორის ბალანსის დაცვა ძალიან გართულებულია.
თიკა ფაცაცია: დავუშვათ, ბავშვი ბაღიდან მოდის და რაღაცის მოყოლა უნდა. მშობელი კი ეუბნება: "დედა, 1 წუთი ახლა რაღაცას გავაკეთებ და მერე." ასე, თითქოს, ბავშვიც გადაეჩვევა გაზიარებას...
- პირდაპირ გეტყვით, ეს დანაშაულია საკუთარი შვილის წინაშე. 15 წუთით გადაავადეთ თქვენი სარეცხიც, ჭურჭელიც, დალაგებაც. დაუჯექით და უთხარით: "დედიკო, რა მაგარია, მომიყევი, არსად მეჩქარება, გისმენ." თუ ვაჩქარებთ და ვეუბნებით, "დროზე მომიყევი", შეიძლება, ენაბორძიკობაზე გავიდეთ. იმიტომ, რომ მას ემოციის გაზიარება სჭირდება, თქვენ გეჩქარებათ იმიტომ, რომ რაღაც გაქვთ გასაკეთებელი და ის ცდილობს, სწრაფად გითხრათ. აქ უკვე სხვა პრობლემამდე მივდივართ. ემოციის გაზიარების საჭიროებით მოდის. არც დარიგებას გთხოვთ, არც რჩევას, უბრალოდ გიზიარებთ საკუთარ ემოციას. დღეს, უკიდურესად სტრესულ გარემოში, ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციური ინტელექტია, რომლის პირველი ნიშანი თვითშემეცნება და ემოციების მართვაა კომუნიკაციის პროცესში. ხვალ აღარ მოვა. ქუჩაში გავა, მეგობართან იტყვის, მეგობრის დედასთან წავა, რომელიც მოუსმენს. მერე ვსაყვედურობთ, რატომ ვშორდებით ჩვენს შვილებს...
ჩაკეტილობის შემდეგი მიზეზი ტრავმებია. ტრავმა შეიძლება, იყოს როგორც განქორწინება, ისე ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალება. აქ მთავარია, როგორ მიგვაქვს ბავშვამდე ის რეალობა, რაც ხდება.
სოციალური ფაქტორები - ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია. შეიძლება, ბავშვი ბულინგის მსხვერპლია სკოლაში, საბავშვო ბაღში, ოჯახში... ბულერი არის ის, ვინც რაღაც სივრცეში, ვიღაცისგან თავადაა დაჩაგრული. კომპენსაციას თავისზე სუსტ ადამიანზე ახდენს. სამწუხაროდ, ორივე ტრავმირებულია.
იხილეთ გადაცემა სრულად: