30 წელია ვაცხობ და ამ რეცეპტს არასდროს უღალატია - ტრადიციული პასკა ელენე გოგილაშვილის რეცეპტით - მშობლები

30 წელია ვაცხობ და ამ რეცეპტს არასდროს უღალატია - ტრადიციული პასკა ელენე გოგილაშვილის რეცეპტით

2026-03-05 22:11:32+04:00

აღდგომის დღესასწაულამდე სულ ცოტა დრო რჩება. მალე ბევრ ოჯახში დატრიალდება პასკის სურნელი. ყოველთვის მოიძებნებიან დიასახლისები, რომლებიც პასკას პირველად აცხობენ. ამიტომ ახალ-ახალი რეცეპტები წინასააღდგომოდ ყოველთვის აქტუალურია.

ამჯერად ელენე გოგილაშვილის 30 წლის გამოცდილ რეცეპტს გთავაზობთ:

"ასე 30 წელია ვაცხობ და არასდროს არ უღალატია...
მასალად საჭიროა:

10 ცალი მოზრდილი ან 12 პატარა კვერცხი,

1 კილო და 200 გრამი შაქარი,
500 გრამი მარგარინი ან კარაქი,
250 გრამი ზეთი,
1 ლიტრი რძე,
5 სადილის კოვზი მშრალი (მე თურქულს ვიყენებ) საფუარი,
1 ჩაის კოვზი მარილი,
2 პაკეტი ვანილი,
1 ცალი მოზრდილი ლიმონის წვენი,
300 გრამი ქიშმიში,
1 ცალი მუსკატის კაკალი წვრილ სახეხზე გახეხილი,
ამდენივე რაოდენობის ილი.
შეგვიძლია ცუკატების დამატებაც, რომელიც ძალიან ძვირია
და მე არ გამომიყენებია,თუმცა უმაგისოდაც არაჩვეულებრივი გემრიელი პასკა გამომდის.
3 კილომდე ფქვილი.
2a6ff7be-f7da-45dc-a439-02f64c9f8472-1772735355.jpg
არ ვიყენებ მიხაკ-დარიჩინს
მომზადება:
თავდაპირველად 500 გრამ ცხელ რძეში გავადნოთ სრული რაოდენობა მარგარინის,დარჩენილ 500 გრამ თბილ (და არა ცხელ რძეში) გავხსნათ
კარგად საფუარი და 1 სადილის კოვზი შაქარი.10 წუთში მასა ამოფუვდება.
ავთქვიფოთ მაქსიმალურად კვერცხი და შაქარი,მაქსიმალურად უნდა ვთქვიფოთ გაორმაგებამდე.(მე ხელის
სათქვეფს ვიყენებ მიქსერს არ ვიყენებ), ეტაპობრივად დავამატოთ წინასწარ ამოყვანილი თბილი საფუარი (არ უნდა გავაციოთ!!!!!)და ასევე თბილ რძეში გახსნილი ცხიმი+ზეთი
ლიმონის წვენი, მუსკატის კაკალი, ილი,
ვანილი,მარილი და კვლავ ვთქვიფოთ..
წინასწარ გავცრათ უმაღლესი ხარისხის ფქვილი და გადავიდეთ ხელით ზელვაზე, ფქვილი ერთიანად არავითარ შემთხვევაში არ ჩაამატოთ, ეტაპობრივად. შეიძლება ამდენი არ დასჭირდეს (გააჩნია რომელი ფირმის გექნებათ).
ცომი ვზილოთ დაახლოებით 20 წუთი.
ცოტა რომ შესქელდება, ზეთიანი ხელებით ვიმუშაოთ, მხოლოდ ამის შემდეგ შევფუთოთ კარგად და თბილ ადგილას გაუნძრევლად მოვათავსოთ!!!
პირველად ამოდის 4 ან 5 საათში.
შემდეგ ფრთხილად ჩავზელთ ზეთიანი ხელებით და კვლავ შევფუთავთ, მეორეჯერ ნაკლები დრო სჭირდება ამოსვლას. მეორეჯერ ჩაზელვის დროს
დავუმატებთ წინასწარ დალბობილ და უკვე გადაწურულ-გამშრალ ქიშმიშს. მე ფქვილში არ ვურევ.
ადრინდელ წლებში 3-ჯერ ამომყავდა. ამ ბოლოს 2-ჯერ და მესამეჯერ უკვე ამომყავს ცხიმწასმულ ფორმებში. ქაღალდებს არ ვუფენ.
ცომის მასას ვდებ მოცემული ფორმის ნახევრამდე და ვაცდი ამოფუებას 1 საათი. ამის შემდეგ წინასწარ ვახურებ გაზს და მერე ძალიან დაბალზე ვუწევ და ისე ვათავსებ ფორმებს. სჭირდება 1 საათი ცხობა. მზაობას ვამოწმებ ხის ჩხირით. საცხობად ვიყენებ სახლში რაც მაქვს, იმ ქვაბებს - ალუმინის სქელძირიანებს.
მე ვიწყებ დილის 11 საათზე,დაძინებამდე მეორეჯერ ჩავზელ და მეორე დღეს საღამოს ვამთავრებ. არცერთ ღამეს არ ვათენებ!" - წერს ელენე გოგილაშვილი.