ინდუსტრიული დიზაინერი და ინტერიერის არქიტექტორი ინანო მუშკუდიანი, რომელიც წლებია, იტალიაში წარმატებით საქმიანობს, გადაცემაში "მონოლოგი" საკუთარი ინტერესებისა და ხელოვნებისადმი სიყვარულის შესახებ საუბრობს. ინანო ხელოვანთა ოჯახში დაიბადა.
დედა - მსახიობი ეკა ჩხეიძეა, ბაბუა - რეჟისორი თემურ ჩხეიძე, დიდი ბებია - მსახიობი მედეა ჩახავა. მამა - არქიტექტორი ლევან მუშკუდიანი, ბაბუა მამის მხრიდან - საოპერო მომღერალი და კინომსახიობი თენგიზ მუშკუდიანი.





- ბალეტი ძალიან მიყვარდა და საბალეტო სკოლაში დავდიოდი, მაკა მახარაძესთან. მგონი, 5 წლის ვიყავი, რომ შემიყვანეს. პატარაობაში თავად მოვინდომე და პრეტენზიით გამოვედი, ფორტეპიანოზე დაკვრა რატომ არ ვიცი-თქო. მოვითხოვე, რომ ფორტეპიანოზე აუცილებლად უნდა მევლო. თუ არ ვცდები, 5 წელი ვიარე. ჩემივე ინიციატივით, ცოტ-ცოტა ყველაფერი ვცადე. ხელოვნება ძალიან მიყვარდა. თან მხიარული და ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ხიდან რომ ვერ ჩამოჰყავთ ხოლმე, ასეთი ბავშვიც ვიყავი. თან კარგად ვსწავლობდი. რაც გასაკეთებელი იყო, ყოველთვის ვაკეთებდი. ძალიან სწრაფად ვაკეთებდი და ამიტომ, მეცალა, ხეზეც ვმჯდარიყავი და გაკვეთილებიც მომემზადებინა.
იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვობაში მაინც ხელოვნებისკენ მივდიოდი, რამდენი გატაცებაც მქონდა, იმდენ პროფესიას ვირჩევდი, ასაკის მიხედვით.
პირველი, მინდოდა, რომ მხატვარი ვყოფილიყავი. მაშინ არც განიხილებოდა, რომ რამე სხვა შეიძლებოდა, ვყოფილიყავი. ოღონდ, გაუცნობიერებლად. 4 წლის ასაკში პროფესიაზე არ ფიქრობ, მაგრამ იცი, რომ მთელი ცხოვრება დახატავ.
მერე საბალეტო სტუდიაში რომ შევედი და 7-8 წელი ვიყავი, მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ ბალერინა გავმხდარიყავი.
მე-7-მე-8 კლასში სამეფო უბნის თეატრში, სპექტაკლში ვითამაშე. დათო საყვარელიძის სპექტაკლი იყო - ,,სახლი საზღვარზე“. ოჯახიდან გამომდინარე, თეატრი ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა. შენობიდან დაწყებული, კონცეფციით დამთავრებული, ყველაფერი მიყვარდა. ამ სპექტაკლში რომ ვითამაშე, მერე დამეწყო "ჩაციკვლა", რომ მსახიობობა მინდოდა. სამწუხაროდ, ჩემი ბენდი ვერ მეყოლებოდა, მაგრამ მუსიკითაც ვიყავი გატაცებული. იტალიაში რომ წამოვედი, 23 წლის ვიყავი. 20-21 წლის ასაკში უცებ გადავწყვიტე, რომ ჩამებარებინა მაგისტრატურაზე, ოღონდ მუსიკის განხრით. ციფრული მუსიკის კომპოზიციის კურსები ავიღე და ისიც ვისწავლე.
ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარე. რეალურად, ის გადაწყვეტილებაც, რომ დიზაინი უნდა მესწავლა და აქ უნდა წამოვსულიყავი, ეგეც ერთ-ერთი ექსპერიმენტი იყო, ოღონდ ასაკიდან გამომდინარე, უფრო რეალიზდა.