თინეიჯერობის დასაწყისი და საშუალო საფეხური მოსწავლის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს უნდა აღვიქვათ არა მხოლოდ საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მომზადების პერიოდად, არამედ ბავშვის პიროვნული და პროფესიული იდენტობის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანეს ხანად.
„მწვანე სკოლის“ საშუალო საფეხურის ხელმძღვანელი ნია თხელიძე განმარტავს, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფთან განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ისეთი უნარების განვითარებაზე როგორიცაა: პასუხისმგებლობის გრძნობა, დროის მართვა, კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, ორგანიზებულობა, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობა. შედეგად, მოსწავლეები საკუთარ სასწავლო პროცესს ეფექტიანად მართავენ, რაც არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ ბევრი ზრდასრულისთვისაც სირთულეს წარმოადგენს.
„საშუალო საფეხურზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, პროექტულ მუშაობას და მიღებული ინფორმაციის რეალურ კონტექსტთან დაკავშირებას. ჩვენთან ცოდნა არ რჩება თეორიად, ის გარდაიქმნება უნარად, რომელიც მოზარდს არა მხოლოდ მაღალი აკადემიური წარმატების მიღწევაში, არამედ მყარი ღირებულებების, მკაფიო მიზნებისა და პასუხისმგებლობიანი თვითიდენტობის ჩამოყალიბებაში ეხმარება“, — აღნიშნავს ნია, რომელიც საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება.
ნია, როგორია სკოლის როლი პიროვნული უნარების განვითარების მიმართულებით? „მწვანე სკოლაში“ რამდენად ექცევა ყურადღება აღნიშნულს?
პიროვნული ზრდა არ არის დამატებითი აქტივობა. ეს სასწავლო ციკლის განუყოფელი ნაწილია, რომელიც დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე და სწორი ფასეულობების მქონე მოქალაქეს აყალიბებს. მოსწავლეები „მწვანე სკოლაში“ მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას არ იღებენ. აქ ბავშვები ყოველთვის გრძნობენ მენტორულ მხარდაჭერას, რაც მათ ფსიქო-ემოციურ მდგრადობას უზრუნველყოფს. აღნიშნული კი შემდგომ მაღალი აკადემიური მოსწრების საწინდარია.
ჩვენი მეთოდოლოგია მთლიანად მოსწავლეზეა ორიენტირებული და გულისხმობს მოზარდის აქტიურ მონაწილეობას საკუთარი განათლების პროცესში. ისინი სწავლობენ შემეცნების დაგეგმვას, მონიტორინგსა და შეფასებას. ეს მიდგომა ეხმარება, ჩამოაყალიბონ განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება, რომელიც, მაგალითად, შეცდომას აღიქვამს როგორც სწავლის რესურსს და არა როგორც მარცხს. აღნიშნული ძალიან კარგად ვლინდება პროექტულ დავალებებში, სადაც მოზარდები დამოუკიდებლად გეგმავენ კვლევას, ანაწილებენ როლებს, ადგენენ ვადებს და საბოლოოდ, საჯაროდ იცავენ ნამუშევარს. ასევე, რეგულარული რეფლექსია და მენტორული შეხვედრები მათ საკუთარი პროგრესის, სირთულეებისა და სამომავლო მიზნების განსაზღვრაში ეხმარება.
თქვენ ისაუბრეთ პროექტული სწავლების მნიშვნელობაზე. კონკრეტულად რა აქტივობები ხორციელდება სკოლაში ამ მიმართულებით?
„მწვანე სკოლა“ ყოველთვის იყენებდა ამ მეთოდს, თუმცა მიმდინარე აკადემიურ წელს მასზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა. ჰოლანდიიდან მოწვეული კონსულტანტი, რომელსაც ამსტერდამის საჯარო და კერძო სკოლების მართვისა და პროექტული სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, აქტიურადაა ჩართული ჩვენს ყოველდღიურობაში. მისი მხარდაჭერით, ბავშვებმა საკმაოდ საინტერესო პროექტები განახორციელეს: შექმნეს კონსტიტუცია, გადაიღეს დოკუმენტური ფილმები, ააწყვეს მცენარეების სარწყავი სისტემა და სხვა. ამ აქტივობებში სხვადასხვა საგნის თეორიული ცოდნაა თავმოყრილი. პროექტული სწავლების მთავარი მომხიბვლელობაც სწორედ ეს არის - მოსწავლეები თეორიულ მასალას რეალურ კონტექსტში იყენებენ.

როგორია სკოლის მიდგომა ბულინგის პრევენციისა და ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის კუთხით?
ჩვენთვის უსაფრთხო გარემო ის ფუნდამენტია, რომელზეც აკადემიურ წარმატებას ვაშენებთ. ბულინგის პრევენცია მხოლოდ მყისიერი რეაგირების პროცესი არ არის. ის იწყება შესაბამისი კულტურის შექმნით - ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და დიალოგის წახალისებით. სკოლაში მოქმედებს მკაფიო პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს როგორც პრევენციულ, ისე შემდგომი ქმედების მექანიზმებს. სისტემატურად ვმუშაობთ ღირებულებებზე: პატივისცემაზე, თანასწორობასა და პასუხისმგებლობაზე. ბავშვებისთვის რეგულარულად ტარდება ცნობიერების ამაღლების შეხვედრები კლასის ტუტორთან, ფსიქოლოგთან და სპეციალურად მოწვეულ სტუმრებთან. გარდა ამისა, ჩვენი აკადემიური პერსონალი მუდმივად აკვირდება ჯგუფურ დინამიკას, რაც საშუალებას გვაძლევს, პატარა კონფლიქტის შემთხვევაშიც კი საწყის ეტაპზევე ჩავერიოთ. ჩვენი მიზანი არა დასჯა, არამედ ქცევის კორექცია და პასუხისმგებლობის გააზრებაა.
როგორ ეხმარება სკოლა მე-10-12 კლასელებს პროფესიული ინტერესების განსაზღვრაში? გაქვთ თუ არა კონკრეტული კარიერული კონსულტაციის პროგრამები?
ჩვენთან ფუნქციონირებს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან კარიერულ შეხვედრებს გეგმავს. ბავშვებს საშუალება ეძლევათ, პირველწყაროსგან მოისმინონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და გაიზიარონ გამოცდილება. სპიკერებს თითქმის ყოველთვიურად ხვდებიან. მაგალითად, ამ თვეში მოზარდები ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენლებს ეწვივნენ და დიპლომატიური კარიერა განიხილეს. მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებს აძლევს რეალურ ინფორმაციას, პრაქტიკულ გზამკვლევს და ფართო ხედვას საკუთარი მომავლის დაგეგმვისთვის.
როგორია თქვენი სკოლის მე-12 კლასელების ცხოვრება?
აბიტურიენტის ყოველდღიურობა ყოველთვის სტრესთანაა დაკავშირებული. მათ უწევთ გაუმკლავდნენ უძილო ღამეებს, უწყვეტ მეცადინეობას, შფოთვასა და შიშს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს დაძაბულობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. სექტემბერშივე ვთხოვეთ მშობლებს, კერძო რეპეტიტორებთან არ მიეყვანათ შვილები და საგამოცდო მომზადება სრულად ჩვენთვის მოენდოთ. აქვე დავძენ, რომ მსგავსი პასუხისმგებლობის აღება წარმოუდგენელია ორმხრივი თანამშრომლობის გარეშე. საბედნიეროდ, ჩვენი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სწავლის დაგეგმვაში და კარგად აცნობიერებენ თავიანთ როლს ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში. მასწავლებლები ვცდილობთ, ძირითადი მასალა სკოლაშივე დავფაროთ, რომ სახლში ცოტა სამეცადინო დარჩეთ. ვატარებთ ე.წ. Mock Exams-ს, რაც აბიტურიენტებს საგამოცდო სტრუქტურასთან აჩვევს. ისინი დაახლოებით წინასწარ ხვდებიან თავიანთ ქულებს და მასწავლებლების უკუკავშირზე დაყრდნობით, გამუდმებით მუშაობენ საკუთარ თავზე. ინფორმირებულობა კი ღელვის საფუძველს აღარ უტოვებს. რეპეტიტორებისგან გამოთავისუფლებული დროს ბავშვები საყვარელ საქმიანობებს უთმობენ.
როგორ აფასებთ სწავლის ხარისხს წლის განმავლობაში და რა როლი აქვს ამ პროცესში მოსწავლეთა უკუკავშირს?
სწავლის ხარისხის კონტროლი ჩვენს სკოლაში მრავალფაქტორიანი და სისტემური პროცესია. ის არ შემოიფარგლება მხოლოდ საგამოცდო შედეგებით. ჩვენ რეგულარულად ვაანალიზებთ მიღწევებს და მიმდინარე დინამიკას ვაკვირდებით. ამაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდების უკუკავშირს, რომელსაც სხვადასხვა ფორმატით: ანონიმური კითხვარებით, რეფლექსიური წერილებით, ფოკუს ჯგუფებითა და ინდივიდუალური მენტორული შეხვედრებით ვიღებთ. როდესაც ხედავს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია, ის უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ განვითარებაზე.
თქვენი დაკვირვებით, რა არის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა ქართველი მოზარდებისთვის მაღალ კლასებში და როგორ პასუხობს სკოლა ამ გამოწვევებს?
საშუალო საფეხურზე მთავარი სირთულე მაღალ აკადემიურ მოლოდინებსა და ფსიქო-ემოციურ დატვირთვას შორის ბალანსის პოვნაა. აქ ერთდროულად იკვეთება რამდენიმე ფაქტორი: მოახლოებული ეროვნული გამოცდების წნეხი, პროფესიული არჩევანის გაურკვევლობა და ციფრული გარემოს გავლენა. სწრაფად ცვალებადი ინფორმაციული სივრცე ზრდის სტრესს და ქმნის კონცენტრაციის პრობლემებს, რაც საბოლოოდ დემოტივაციას იწვევს. აღნიშნულის საპასუხოდ, მოსწავლეებს ვთავაზობთ მხარდამჭერ გარემოს, სადაც ბავშვებს აქვთ მკაფიო სასწავლო გეგმა და ეფექტიანი უკუკავშირი. საჭიროებისამებრ ჩართულია ფსიქოლოგიც. მოზარდის შფოთვის დიდი ნაწილი უკავშირდება „არ ვიცი, რა მინდა“ განცდას, ამიტომ სკოლა ჯერ ინტერესების იდენტიფიცირებაზე მუშაობს, შემდეგ კი სათანადო პროფესიულ მიმართულებებს აცნობს. სწორად სტრუქტურირებული გარემო ამ გამოწვევებს შესაძლებლობად გარდაქმნის. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდა გავუშვათ არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნით, არამედ ემოციურად მდგრადი პიროვნების სტატუსით. დღევანდელი მოზარდისთვის ინფორმაციის მშრალი მიღება აღარაა საინტერესო. მათი მთავარი მიზანი საკუთარი თავისა და გზის პოვნაა და სწორედ აქ უნდა იყოს სკოლა მათი კომპასი.

რა არის ის მთავარი თვისება, რაც „მწვანე სკოლის“ მოსწავლეს სხვა სკოლის მოსწავლეებისგან გამოარჩევს?
პირველ რიგში, ყველა მოსწავლე უნიკალურია. თუმცა, ჩვენს ბავშვებს მაინც გამოარჩევს შინაგანი სილაღე, ასევე აზროვნების, გამოხატვისა და არჩევანის თავისუფლება. ჩვენთან სილაღე თავდაჯერებულობის გამოხატულებაა. ის არ არის შეზღუდული შიშით ან ფორმალური ჩარჩოებით. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქვს სივრცე შეცდომებისთვის, სწავლისა და საკუთარი თავის პოვნისთვის.
R