საქართველოში ყოველწლიურად ათეულობით ადამიანი იკარგება ისე, რომ მათ კვალს ვერც ოჯახის წევრები და ვერც სამართალდამცავები ვერ აგნებენ. დღეს არაერთი ადამიანი ეძებს დაკარგულ საყვარელ ადამიანს და იმის მიუხედავად, რომ მათი გაუჩინარებიდან საკმაო დროა გასული, ისინი იმედს მაინც არ კარგავენ, ცდილობენ როგორმე ხელჩასაჭიდი იპოვონ და მიაგნონ მათ კვალს. ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე ხშირად 25-დან 45 წლამდე ასაკის ადამიანები იკარგებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გასული წლის სტატისტიკა დევს.
ეს გასული წლის სტატისტიკაა და სამწუხაროდ მას მერეც გავიგეთ არაერთი ახალგაზრდის გაუჩინარების ამბავი. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სტატისტიკა მართლაც საგანგაშოა. მაგალითად 2024 წელს 114 პირი დაიკარგა, მათგან 57 მოიძებნა, მაგრამ დღემდე 42 იძებნება. მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი, ხოლო 18 პირი 25-დან 45 წლამდე ასაკის არის. სტატისტიკის მიხედვით, 1973 წლიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლითსაქართველოში სულ დაიკარგა 6747 ადამიანი და ამ დრომდე მოსაძებნი დარჩა 1024 ადამიანი. დაკარგულთა უმეტესობა 25- დან 45 წლამდე ასაკისაა. 66 პროცენტი კაცია, 34პროცენტი კი ქალი. დაკარგული 1024 ადამიანიდან 37 არასრულწლოვანია.
იმის მიუხედავად, რომ დრო გაურკვევლობაში გადის, უმძიმესი მდგომარეობაშია დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები, ისინი მაინც იმედს ებღაუჭებიან და აქვთ იმის მოლოდინი, რომ დაკარგულ საყვარელ ადამიანს იპოვიან. როგორც ცნობილია, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება სასამართლოს გზით ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილას, სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსს ანიჭებს. იმ შემთხვევაში, თუკი დაკარგულად აღიარებული პირი დაბრუნდება, ან მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენა მოხდება, სასამართლოს გადაწყვეტილება უქმდება.
ამ სტატისტიკაში ჯერჯერობით ვერ მოხვდებოდა 18 წლის ზურაბ გულაროვი, რომელსაც გასული წლის 12 დეკემბრიდან ეძებენ. ბიჭი კასპში ცხოვრობს. ის გამთენიას გავიდა სახლიდან და მას შემდეგ მის კვალს ვერსად მიაგნეს.
"საერთოდ არაფერი ხელჩასაჭიდი ამ დრომდე არ გვაქვს. უაღრესად კარგი ბავშვია ზუკა, სტუდენტი გახდა წელს, ჯავახიშვილში სწავლობდა. ღამე ადგა და სახლიდან გავიდა. მას მერე ვერსად ვპოულობთ. მობილური ტელეფონი სახლში დატოვა, არაფერი არ ვიცით გარდა იმის, რომ ვეძებთ. ღმერთს შევთხოვ ვიპოვოთ უვნებელი. ყველგან ვეძებთ, არსად არ არის ჯერჯერობით. არანაირი პრობლემები არ ჰქონია," – გვითხრა ზურაბ გულაროვის ნათესავმა.
ალექსანდრე მიქელაძე ბათუმში გაუჩინარდა 2025 წლის 16 იანვრის ღამეს. 22:00 საათის შემდეგ მოზარდის კვალს ვერავინ მიაგნო. მისი პირადი ნივთები, ჩანთა და ტელეფონი, ოჯახის წევრებმა ზღვის სანაპიროზე აღმოაჩინეს. დაკარგულის ძებნა ზღვაში კარგა ხანს მიმდინარეობდა. გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს რაიმე ხელჩასაჭიდი ინფორმაცია. ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ გაუჩინარებამდე მოზარდი ინგლისურის გაკვეთილსა და ვარჯიშზეც იმყოფებოდა, თუმცა შემდეგ მისი კვალი ზღვის სანაპიროსთან გაქრა. პერიოდულად აქვეყნებს სოციალურ ქსელში სტატუსებს მისი დედა. განაგრძეთ კითხვა