"ჩვენი ოჯახი დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა... ანდროს 4 წლის შვილმა იცის, რომ მამა გადაღებაზეა საფრანგეთში" - ინტერვიუ მსახიობის დედასთან - მშობლები

"ჩვენი ოჯახი დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა... ანდროს 4 წლის შვილმა იცის, რომ მამა გადაღებაზეა საფრანგეთში" - ინტერვიუ მსახიობის დედასთან

2026-03-07 16:03:57+04:00

"იმას, რაც ახლა ანდროს თავს ხდება, სიზმარშიც ვერ ვნახავდი. თან ჩემი შვილი, რომელიც აბსოლუტურად არააგრესიული ადამიანია, მას ჯგუფურ ძალადობაში სდებენ ბრალს" -ამბობს ლიკა გუნცაძე მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, რომლის შვილიც უკვე წელიწადი და 2 თვეა, დაპატიმრებულია ჯგუფური ძალადობის ბრალდებით.

ქალბატონი ლიკა თავადაც მსახიობია, ამასთან წლებია, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. აქვს თავისი სტუდია, მოსწავლეებთან მუშაობს. ძალიან უყვარს თავის საქმე, მაგრამ ამ პერიოდში უჭირს საყვარელი საქმის კეთება, თუმცა ამ რთულ პერიოდში ისევ თავის პროფესია და ადამიანები ეხმარებიან, ამხნევებენ, რომლებიც მას და მის ოჯახს მხარში უდგანან...

ლიკა გუნცაძე:

- კი, თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე, ლილი იოსელიანის სახელოსნო. რაღაც გარკვეული პერიოდი ვიმუშავე მარჯანიშვილის თეატრში, მერე იზა გიგოშვილმა "სამეფო უბნის თეატრში" წამიყვანა. მაშინ ახალი გახსნილი იყო, რაღაცებს ჩვენი ხელითაც ვაკეთებდით, ვალაგებდით, ვაწყობდით თეატრს... იქაც ორ სპექტაკლში ვითამაშე, ერთ-ერთი „სტუმარ-მასპინძელი“ იყო, ცოტნე ნაკაშიძემ დადგა და აღაზა ვიყავი. მოგვიანებით გადავწყვიტე, გამეხსნა ჩემი სტუდია და ის სახლში გავხსენი. ამისთვის ერთი ოთახი გამოვათავისუფლე. მაშინ სტუდიები ასე თითქმის არავის ჰქონდა... სარკეები დავკიდე და ძელი დავამაგრე. მხოლოდ ბალეტს ვასწავლიდი. შემდეგ თეა დარჩიას სტუდიაში ვასწავლიდი ბალეტს და მალევე შევქმენი სტუდია, რომელსაც ჰქვია "პლასტიკისა და დრამის სახელოსნო".

ვასწავლით ბალეტს, თანამედროვე ცეკვას და მსახიობის ოსტატობას. წლის ბოლოს ვაკეთებთ სპექტაკლებს და ვუშვებთ რომელიმე თეატრში. ეს ყველაფერი რთულიც არის და საინტერესოც. ვცდილობ, ბავშვები დავაინტერესო. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე.მოსწავლეები გვყავს 6 წლიდან და ზემოთ, ჯგუფების მიხედვით არიან. წარმოიდგინეთ, ყველაზე უფროსი - 56 წლის ქალიც მყავს, ძალიან ნიჭიერი ქალბატონია. რომელმაც მითხრა, ბავშვობის ოცნება უნდა ავისრულოო...

- საინტერესოა... როგორც ჩანს, საბალეტო მიმართულებითაც გაქვთ განათლება, ხომ?

- ქორეოგრაფიული სასწავლებელში ჭაბუკიანის დროს ვსწავლობდი, ორი-სამი წელი მის სამხატვრო ხელმძღვანელობას მოვესწარი. არაჩვეულებრივი სკოლა იყო. არანაირად არ ჰგავდა საბჭოთა სკოლებს, იქ სულ სხვა სამყაროში ვიყავით, სადაც მეხუთე კლასიდან გადამიყვანეს. ეს იყო მუსიკის და ბალეტის სამყარო. შესანიშნავი პედაგოგები მოღვაწეობდნენ. დაუვიწყარია ჩემთვის ის პერიოდი...მყავდა საუკეთესო პედაგოგი თამარა ვიხოდცევა, რომელიც ჭაბუკიანმა პეტერბურგიდან ჩამოიყვანა და ის 10 წელი ჩვენი მასწავლებელი იყო. თეატრალურ ინსტიტუტში ამ სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე, სადაც უკვე ლილი იოსელიანმა, ჩემმა პედაგოგმა შეიძლება ითქვას, რომ მასწავლა ცხოვრება, თავისუფლების შეგრძნება და პროფესია. მასთან სიცოცხლის ბოლომდე ვმეგობრობდი...

- და ანდროს მსახიობობაც თქვენი დამსახურებაა, ხომ?

- თვითონ ინტერვიუში ამბობს, რომ დედაჩემს არ უმოქმედია ჩემზე, რომ მსახიობები გამოვსულიყავიო. მე თვითონაც პატარა შოკი მქონდა, როცა მეთერთმეტე კლასში მყოფს ვკითხე, - რა პროფესია გინდა-მეთქი და მსახიობობაო. ძალიან გამიკვირდა, რადგან მორცხვი იყო. თავის გამოჩენა დიდად არ უყვარდა. მისი მსახიობობა მაინცდამაინც არ მინდოდა, რადგან ვიცი, რა შრომასთან არის ეს პროფესია დაკავშირებული. ვუთხარი - ამას შეძლებ, რადგან ეს არის ბრძოლა, ფიზიკური, მორალური, ყველანაირი დატვირთვა და ამისთვის მზად ხარ-მეთქი? კიო... მე პატივს ვცემ ჩემი შვილის ყველანაირ არჩევანს და დავთანხმდი. „თეატრალურში“, ჭოლას, ლევან წულაძის სახელოსნოში მოხვდა. საკმაოდ მაღალი ქულები აიღო და ასე დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა. თავიდან ძალიან აღტკინებული იყო, თეატრი უზომოდ მოსწონდა. მერე თქვა, კინო უფრო მიზიდავსო და კინოზე გადაერთო. ბევრ ფილმში გადაიღეს. განაგრძეთ კითხვა