მსახიობმა დერილ ჰანამ საჯაროდ გააკრიტიკა რეჟისორ რაიან მერფის მაღალრეიტინგული მინისერიალი „ამერიკული სიყვარული - ჯონ ფ. კენედი უმცროსი და კეროლაინ ბესეტი“, რომელშიც ის მთავარი გმირი ქალის ანტაგონისტად არის წარმოდგენილი, რომელიც კოკაინს მოიხმარს და დაკრძალვის ჩაშლას ცდილობს.
ჰანა 1990-იანი წლების დასაწყისში ხუთი წლის განმავლობაში პერიოდულად ხვდებოდა ჯონ კენედი-უმცროსს, რაც, მედიის ცნობით, ჯონის დედას, ჟაკლინ კენედი ონასისს, არ მოსწონდა. მათი დაშორებიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ ჯონი ბესეტზე დაქორწინდა.


„ნიუ-იორკ თაიმსისთვის“ დაწერილ ესეში ჰანამ, რომელსაც აქამდე არასდროს უსაუბრია საჯაროდ თავისი რომანის შესახებ, განაცხადა, რომ მისი პერსონაჟი ორი მთავარი გმირის რომანტიკული ურთიერთობისთვის საფრთხედ არის წარმოდგენილი. თუმცა, მისი თქმით, ეს „ჯონთან მის ურთიერთობას ოდნავადაც არ შეესაბამება“, არადა ბევრმა ადამიანმა დაიჯერა ეკრანზე ნანახი, რადგან ვერ განასხვავებენ გამოგონილ დრამატიზაციას დოკუმენტირებული ფაქტებისგან.
მან უარყო სერიალში ასახული მრავალი მომენტი, მათ შორის სცენა, სადაც ის მეგობრებთან ერთად წვეულებას მართავს კოკაინის გამოყენებით. „ცხოვრებაში არასდროს მომიხმარია კოკაინი და არასდროს მომიწყვია კოკაინით წვეულება. არასდროს არავისთვის მიმიცია ძალით დაქორწინების უფლება. არასდროს შემიბილწავს ოჯახის რელიქვიები და არასდროს შემიშლია ხელი ვინმეს დაკრძალვაში“, - წერს ჰანა.
65 წლის მსახიობმა ასევე კომენტარი გააკეთა სცენაზე, სადაც მისი პერსონაჟი ჟაკლინ ონასისის სიკვდილს მისი ძაღლის სიკვდილს ადარებს და აცხადებს, რომ ეს არ გაუკეთებია.

ჰანამ სერიალის შემქმნელები მიზოგინიაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სერიალი ქალებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობს. „დაძაბულობა აუცილებელია მთხრობელობისთვის. მაგრამ რეალური, ცოცხალი ადამიანი არ არის თხრობის საშუალება. პოპულარული კულტურა დიდი ხანია, ამაღლებს ზოგიერთ ქალს, სხვებს კი წარმოაჩენს, როგორც მეტოქეს, დაბრკოლებას ან ბოროტმოქმედს. განა ეს კლასიკური მიზოგინია არ არის - ერთი ქალის დამცირება მეორის ასამაღლებლად? საშინელ მდგომარეობაში ვარ, რომ სატელევიზიო შოუსგან თავის დაცვაც კი მიწევს“, - თქვა მან და აღნიშნა პროექტის გავლენა მის რეპუტაციაზე და მრავალი მუქარის შემცველი შეტყობინება, რომელიც ფილმის გამოსვლის შემდეგ მიიღო.
მსახიობმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ყოველთვის პატივს სცემდა კენედის ოჯახის პირადი ცხოვრების უფლებას და ჯონთან რომანზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, მან მიანიშნა, რომ რეალურ ცხოვრებაში ჯეკი კენედისთან ურთიერთობა ისეთი პირქუში არ იყო, როგორც სერიალშია ასახული. უფრო მეტიც, ჯეკიმ მსახიობს რჩევაც კი მისცა. „მან მითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტაბლოიდები, ჟურნალები და გაზეთები ხშირად სასაცილო ტყუილებს ავრცელებენ, მეორე დღეს ისინი არაფერს წარმოადგენენ. იმ დროს ამ სიტყვებში დიდ ნუგეშს ვპოულობდი. მაგრამ დღეს ისინი აღარ არის სიმართლე“, - აღნიშნა ჰანამ.
კენედი და ჰანა 1980-იანი წლების დასაწყისში შეხვდნენ, როდესაც ოჯახებთან ერთად კარიბის ზღვის კუნძულ სენტ-მარტენზე ისვენებდნენ. 1994 წელს დაშორდნენ, მოსალოდნელი ქორწილის შესახებ ჭორების ფონზე.


დაახლოებით ორი წლის შემდეგ, ჯონ კენედი უმცროსი Calvin Klein-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ კეროლაინ ბესეტზე დაქორწინდა . ორივე მათგანი 1999 წლის 16 ივლისს ატლანტის ოკეანეში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. 38 წლის კენედი თვითმფრინავს მართავდა, თუმცა ცუდი ხილვადობის გამო შეცდომა დაუშვა, რის გამოც თვითმფრინავი შემოტრიალდა და მაღალი სიჩქარით ოკეანეში ჩავარდა. კეროლინი 33 წლის იყო. მისი დაც მათთან ერთად იმყოფებოდა. სამივე დაღუპულის ცხედარი ავარიიდან ხუთი დღის შემდეგ იპოვეს.
რაც შეეხება ჰანას, ის პირველად 2014 წელს, 57 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი ქმარი მუსიკოსი ნილ იანგია. წყვილს შვილები არ ჰყავს.
