რა უნდა ასწავლონ ოჯახში გოგონებს, რათა თავდაჯერებულები და ბედნიერები გაიზარდონ - მშობლები

რა უნდა ასწავლონ ოჯახში გოგონებს, რათა თავდაჯერებულები და ბედნიერები გაიზარდონ

2026-03-09 09:02:13+04:00

უფროსი თაობის ბევრ ქალს უჭირს მიიღოს თანამედროვე ეპოქის მოწოდება — „აირჩიე საკუთარი თავი“. ისინი სხვანაირად გაიზარდნენ: უწინ გოგონებს ასწავლიდნენ მოთმენას, სხვებისთვის კომფორტის შექმნას და საკუთარი სურვილების გვერდზე გადადებას. მაგრამ დრო შეიცვალა და დღეს სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა — რა უნდა ვასწავლოთ გოგონებს, რომ ისინი თავდაჯერებულ და ბედნიერ ადამიანებად გაიზარდონ?

ქვემოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელსაც მშობლები შვილებს ადრეული ასაკიდანვე უნდა აცნობდნენ.

სხეულის საზღვრები — უპირველეს ყოვლისა

ყველაზე მთავარი, რაც გოგონამ უნდა იცოდეს, არის ის, რომ მისი სხეული ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება, მას შეეხოს ან გააკეთოს ისეთი რამ, რაც თავად არ სურს — არც უცხოს, არც მეგობარს და არც ნათესავს.

ამ თემაზე საუბარი ოჯახში ბუნებრივად უნდა მიმდინარეობდეს. თუ ოჯახში არ არის ჩვევა, ოთახში შესვლამდე კარზე დაკაკუნების; თუ ბავშვს აიძულებენ საჭმლის ბოლომდე ჭამას ან ნათესავებთან ძალით ჩახუტებას — მომავალში მას შესაძლოა საკუთარი საზღვრების დაცვა გაუჭირდეს.

სწორი დამოკიდებულება ფულთან

ბავშვმა უნდა იცოდეს ყოველდღიური ფინანსური უნარები — მაღაზიაში წასვლა, სკოლის სასადილოში საკვების ყიდვა, ბანკომატით ან მობილური აპლიკაციით სარგებლობა.

მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გოგონამ გააცნობიეროს: ფულზე ზედმეტი დამოკიდებულება შეიძლება სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდეს. ზოგჯერ დანაშაულები, ქურდობა ან სხვადასხვა დამოკიდებულება სწორედ მატერიალური სურვილების დაუკმაყოფილებლობიდან იწყება — მაგალითად, ძვირად ღირებული ნივთების სურვილიდან.

თუ ოჯახში ბავშვი ხედავს, რომ ურთიერთობები მატერიალურ ინტერესებზეა აგებული, მხოლოდ სიტყვიერი ახსნა შედეგს ვერ გამოიღებს. მაგალითი ყველაზე ძლიერი გაკვეთილია.

უსაფრთხოების ძირითადი წესები

უსაფრთხოების წესები მკაფიო და ხშირად განმეორებული უნდა იყოს. მაგალითად:

  • არ შევიდეს ლიფტში უცნობ ადამიანებთან ერთად;

  • არ ჩაჯდეს არავის მანქანაში, თუ ამის შესახებ ახლობლებს არ აცნობა;

  • უცხო ადამიანებისგან სასმელი ან საკვები არ მიიღოს;

  • წვეულებაზე ჭიქა უყურადღებოდ არ დატოვოს.

ცალკე ყურადღება უნდა დაეთმოს კიბერუსაფრთხოებას. ინტერნეტში უცნობ ადამიანებთან არ უნდა იგზავნებოდეს:

  • ინტიმური ფოტოები,

  • ტელეფონის ნომერი,

  • სახლის მისამართი,

  • სკოლა ან სხვა პირადი ინფორმაცია.

ემოციების დაფასება

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ყველა ემოცია ბუნებრივია. ადამიანს აქვს უფლება არა მხოლოდ სიხარულის, არამედ სევდისა და ბრაზის განცდისაც.

შესაძლებელია, ბავშვმა საკუთარი ემოციები სხვადასხვა გზით გამოხატოს — წეროს დღიური, ხატოს, ცეკვოს, დაწეროს ლექსები.

თუ მას რთული განცდები აქვს, მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც მოუსმენს და გაუგებს — მშობელი, ახლობელი ან ფსიქოლოგი. ზოგჯერ მოზარდს მშობელთან საუბარი უჭირს, ამიტომ სასარგებლოა ფსიქოლოგიური დახმარების სერვისების შესახებ ინფორმაციის ცოდნაც.

სილამაზის სტანდარტების დევნის გარეშე

მოზარდობის ასაკში მეგობრებისა და თანატოლების შეფასება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სოციალური ქსელები კი ხშირად ქმნის იდეალურ, მაგრამ არარეალურ სილამაზის სტანდარტებს.

ამ დროს მნიშვნელოვანია, მშობელმა შვილს მხარდაჭერა გამოუცხადოს. არ ღირს მხოლოდ ისეთი ფრაზების თქმა, როგორიცაა „გარეგნობა მთავარი არ არის“ — ეს ხშირად კომპლექსებს უფრო აძლიერებს.

უმჯობესია, ბავშვს მისცეთ შესაძლებლობა თავად აირჩიოს ტანსაცმელი, ექსპერიმენტები ჩაატაროს სტილში და თავი კომფორტულად იგრძნოს საკუთარ სხეულშიც და სამოსშიც.

ასევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ზრუნვა — მაგალითად, საჭიროების შემთხვევაში ბრეკეტები, კანის მოვლის საშუალებები და სხვა.

ჯანსაღი ეგოიზმი

გოგონას უნდა ასწავლოთ საკუთარი თავის წინ დაყენება — ეს ჯანსაღი ეგოიზმია. ის ეხმარება ადამიანს თავიდან აიცილოს უიმედო ურთიერთობები და ისეთი საქმეები, რომლებიც ჯანმრთელობასა და ბედნიერებას აზიანებს.

ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ სირთულეზე უარი უნდა თქვას. მაგრამ ასევე არ არის სწორი მუდმივად „ვიღაცის ზურგით თრევა“ — მაგალითად, ურთიერთობის გადარჩენის უსასრულო მცდელობა ქმრის "გამოსწორები" ან მუშაობა საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.

დისკომფორტი ხშირად სიგნალია, რომ დროა დაფიქრდე — სწორ გზაზე მიდიხარ თუ არა.

და ბოლოს — ტრადიციებიც მნიშვნელოვანია

ასწავლეთ, რომ საოჯახო საქმეებიც და ახლობლებზე ზრუნვა ცხოვრების ნაწილია. ასწავლეთ დალაგებაც და კერძების მომზადებაც. მაგრამ ეს მისი სურვილიც უნდა იყის და არა მხოლოდ ვალდებულება.

მთავარია, ბავშვმა იცოდეს: თავის ოჯახში წესებს ის თავად ქმნის — პარტნიორთან ერთად, თანასწორად, და არა მხოლოდ სხვისი სურვილის შესაბამისად.

მოზარდის ერთი დღის მენიუ მარი მალაზონიას რჩევით: განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ გოგონების მშობლებს