ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის, ჯონ კენედი უმცროსისა და კეროლაინ ბესეტის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, სავსე სკანდალებით, ღალატით და დასრულებული საზარელი ავიაკატასტროფით - მშობლები

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის, ჯონ კენედი უმცროსისა და კეროლაინ ბესეტის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, სავსე სკანდალებით, ღალატით და დასრულებული საზარელი ავიაკატასტროფით

2026-03-09 11:32:17+04:00

14 თებერვალს რაიან მერფის ახალი სერიალი, სახელწოდებით "ამერიკული სიყვარულის ისტორია" (American Love Story) დაიწყო, რომლის პირველი სეზონიც კეროლაინ ბესეტისა და ჯონ კენედი უმცროსის ურთიერთობას ეძღვნება. ბევრი მაყურებელი აღფრთოვანებას ვერ მალავს, ჩვენ კი მთავარი გმირების სიყვარულის ამბავს გავიხსენებთ:

წელს ჯონ კენედი უმცროსს 66 წელი შეუსრულდებოდა, კეროლაინს - 60, მათ ქორწინებას კი - 30. მათ წყვილს უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა და ლამაზ ცხოვრებასა და მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ​სამწუხაროდ, ცხოვრების სცენარში მსგავსი არაფერი ეწერა. ბედისწერამ მეუღლეებს სულ სხვა, გაცილებით ნაკლებად სასიხარულო გზა არგუნა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მათი ურთიერთობა საბოლოო გაწყვეტის ზღვარზე იდგა. ყოველივე ამის მიზეზი კი ნარკოტიკები, ღალატი და უამრავი იმედგაცრუება გახლდათ. ​

jon-kenedi-2-1773041620.jpg
ჯონ კენედი-უმცროსისა და კეროლაინ ბესეტის როლების შემსრულებლები სერიალში "ამერიკული სიყვარულის ისტორია"

პრინცი და კონკია ​

ამერიკის "პირველ ვაჟს", ჯონ კენედისა და ჟაკლინ კენედის პირმშოს, აშშ-ის მთავარ ლამაზმანსა და ქვეყნის პოტენციურ პრეზიდენტს, ჯონ კენედი უმცროსს, შესაფერისი მეწყვილე სჭირდებოდა. ამის შესახებ თითქმის ყველა გაზეთი პირველ გვერდებზე წერდა. კანდიდატების ნაკლებობას არ უჩიოდნენ, თუმცა ყველა მათგანი, რატომღაც, შოუბიზნესის სამყაროსთან იყო დაკავშირებული. ისტორიკოსები ღიმილით აღნიშნავენ, რომ ჯონს ეს თვისება მამისგან გამოჰყვა. ​

jon-kenedi-1773041687.jpg
ჯონ კენედი-უმცროსი

ქარიზმატული და მომხიბვლელი კენედი-უმცროსი სარა ჯესიკა პარკერს, მადონასა და დერილ ჰანას ხვდებოდა. მის სასიყვარულო გამარჯვებათა სიაში ჟურნალისტებმა პრინცესა დიანას სახელიც კი შეიყვანეს, ხოლო ტაბლოიდი "The Sun" ნიუ-იორკის სასტუმრო Carlyle-ში ბრიტანელი პრინცესასა და ჯონის "ფანტასტიკურ ღამეს" დეტალებში აღწერდა, სადაც თავის დროზე ჯონ კენედი და მერილინ მონრო ფარულად ერთმანეთს ხვდებოდნენ.

​აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ვაჟის წარმატებებს პირად ფრონტზე პრესა განსაკუთრებული მონდომებით აღწერდა და ქალთა რომანებიდან აღებულ ეპითეტებს არ აკლებდა. თუმცა, ჯონის გზაზე კეროლაინიც რომ არ გამოჩენილიყო, ჩვენი გმირის დედა, ჟაკლინ კენედი, მის ოფიციალურ ურთიერთობას არც დერილთან, არც მადონასთან და არც სარასთან არ დაუშვებდა.

jon-kenedi-5-1773041713.jpg
ჯონ კენედი-უმცროსი და მადონა

კენედების გვარისა და ჰოლივუდის მორიგ შეუფერებელ კავშირს იგი ვერ გადაიტანდა! ​ყველა ეს ქალი კენედი უმცროსმა მალევე დაივიწყა...

​საბედისწერო შეხვედრა

შეხვედრა ნიუ-იორკის Calvin Klein-ის ბუტიკში შედგა. კეროლაინ ბესეტი VIP კლიენტებთან მომსახურების უფროს მენეჯერად მუშაობდა. მანამდე რამდენიმე წლით ადრე იგი პოდიუმზე გამოდიოდა და საკუთარ შესაძლებლობებს მოდის სამყაროში სცდიდა.

​კეროლაინი დამატყვევებელი გარეგნობით გამოირჩეოდა: 180 სმ სიმაღლე, 55 კგ წონა, ბზინვარე ქერა თმა, მომხიბვლელი ღიმილი და ლურჯი თვალები - ყოველივე ამას ჯონ კენედი უმცროსმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია! ​კეროლაინი უბრალო ოჯახიდან იყო: დედა - სკოლის ადმინისტრატორი, მამა - დურგალი, ხოლო მამინაცვალი - ექიმი.

kerolain-beseti-1773041779.jpg
კეროლაინ ბესეტი

ბესეტის წარმომავლობა მის მომავალ ქმარს სულაც არ ადარდებდა, თუმცა მის დედას ძალიან შეაშფოთებდა, მათი რომანის დაწყებამდე რომ ეცოცხლა - ჟაკლინი 1994 წლის მაისში გარდაიცვალა, მალევე კი 33 წლის ჯონმა 26 წლის კეროლაინთან რომანი წამოიწყო. ​

მათი რომანი მარტივად არ ვითარდებოდა, რადგან გოგონას საკმაოდ რთული ხასიათი აღმოაჩნდა. თუმცა, ჯონი საყვარელი ქალისთვის აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად იყო. ორი წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და კეროლაინი ნიუ-იორკში, ტრაიბეკაში, ჯონის უზარმაზარ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.

ქორწილი

​ცერემონია 21 სექტემბერს ჯორჯიის შტატში, კამბერლენდის კუნძულზე გაიმართა. წყვილმა ღონისძიების პაპარაცებისგან საიდუმლოდ შენახვა მოახერხა, რის გამოც დღესასწაულს მხოლოდ უახლოესი მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ. ​ყველაფერი პატარა ხის ეკლესიაში მოხდა, რომლის კიბეებზეც წყვილმა ერთადერთი ფოტო გადაიღო.

kerolain-beseti-1-1773041817.jpg
ჯონ კენედი-უმცროსისა და კეროლაინ ბესეტის ქორწილი

კეროლაინს ულამაზესი საქორწინო კაბა ეცვა. ეს კაბა წლების შემდეგ არაერთი გოგონასთვის შთაგონება აღმოჩნდა. კაბა იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობმა დიზაინერმა, ნარსისო როდრიგესმა შექმნა, რომელიც ქალმა Calvin Klein-ში გაიცნო. ყველაფერი მეტად ლაკონიური იყო - ფუმფულა ქვედაბოლოებისა და მძივებით მოქარგული კორსეტების ნაცვლად, მარგალიტისფერი აბრეშუმისგან შეკერილი უბრალო კომბინაცია გამოიყენეს. დაუდევრად შეკრული თმა (პატარძლის საყვარელი ვარცხნილობა), მინიმალური მაკიაჟი და აქსესუარის სახით მხოლოდ გამჭვირვალე ხელთათმანები ფიგურირებდა. კეროლაინმა ზედმეტ სამკაულებზეც უარი თქვა.

განსხვავებული რეალობა

​ქორწილის შემდეგ კეროლაინი მისთვის სრულიად უცხო სამყაროში აღმოჩნდა. ეს გარემო მას პირველივე დღიდან არ მოეწონა. პაპარაცები, რომლებიც საკუთარ თავს გამოტოვებულ ქორწილს ვერ პატიობდნენ, წყვილის ცხრასართულიან აგურის სახლს გამუდმებით ალყაში აქცევდნენ. იმ წლების კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ მისდევენ ფოტოგრაფები კენედების წყვილს, როდესაც მეუღლეები საყვარელ რესტორან The Odeon-ში სავახშმოდ ან ცენტრალურ პარკში სარბენად მიდიან. ​

kerolain-beseti-4-1773041889.jpg
ჯონ კენედი-უმცროსი და კეროლაინ ბესეტი

ჯონი ბავშვობიდანვე პრესის მხრიდან საკუთარ პირად ცხოვრებაში მსგავს უცერემონიო ჩარევას მიჩვეული იყო, კეროლაინისთვის კი ეს ყოველივე წარმოუდგენელი იყო.

ქუჩაში ფოტოგრაფის მიახლოებისთანავე იგი თვალებს დაბლა ხრიდა და თავს მხრებში მალავდა. "ეს ყველაფერი იქამდე მივა, რომ იგი "პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის" კვაზიმოდოს დაემსგავსება" - სინანულით აღნიშნავდა ბესეტის ყოფილი უფროსი, კელვინ კლაინი. კეროლაინს მოულოდნელად თავსდატეხილი პოპულარობა საშინლად თრგუნავდა, მან კი ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად სახლში ჩაკეტვაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა...

kerolain-beseti-6-1773041945.jpg
კეროლაინ ბესეტი

კეროლაინმა სამსახურს თავი დაანება და გარეთ თითქმის აღარ გადიოდა. ​მას ყველა ის ღონისძიება სძულდა, სადაც ყოველდღიურად ეპატიჟებოდნენ და სადაც სიარული მის ქმარს ასე ძალიან უყვარდა. ჯონს ყოველ ჯერზე დიდი მუდარა სჭირდებოდა, რომ ცოლი მასთან ერთად წასვლაზე დაეთანხმებინა.

​სტილის სიმბოლო

​თანამედროვე პრიალა ჟურნალები დაუფარავი აღფრთოვანებით აღწერენ იმას, თუ როგორ ესწრებოდა ქორწინებიდან პირველი ნახევარი წლის განმავლობაში კეროლაინ ბესეტ-კენედი ყველა საჯარო ღონისძიებას განზრახ ერთი და იმავე შავი კაბით... ქალი იმედოვნებდა, რომ ასეთი სახით იგი საზოგადოებას მალე მობეზრდებოდა, თუმცა მსგავსმა ქცევამ ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა. მალე კი მასზე, როგორც სტილის ახალ ხატზე, ისე ალაპარაკდნენ. ​

kerolain-beseti-7-1773042001.jpg
ჯონ კენედი-უმცროსი და კეროლაინ ბესეტი

პრესამ მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ კენედი უმცროსის უზარმაზარ ბინაში მისი ცოლის მთელი სამოსი ერთ საკიდზე ეტეოდა, რომლის ქვეშაც ფეხსაცმლის ყუთები ეწყო, ზემოთ კი სვიტერებისათვის განკუთვნილი თარო იყო დამონტაჟებული. ეს ამბავი მოგვიანებით ჟურნალისტებს კეროლაინის ყოფილმა ასისტენტმა, ჯორჯინამ გაუზიარა. ქალმა ასევე გაიხსენა ის მთავარი მოდური გაკვეთილი, რომელიც მან ბესეტისგან მიიღო: ​"თუ რაიმე მკვეთრი ფერის ჩაცმა გსურს, მხოლოდ ძვირადღირებული ნივთები შეარჩიე. თუ ფული ბევრი არ გაქვს, მაშინ ნაცრისფერი, ლურჯი, შავი, კრემისფერი და თეთრი ფერები შეიძინე", - უთქვამს კეროლაინს.

​სკანდალები, ინტრიგები და გამოძიება

​ფოტოებზე ჯონი და კეროლაინი საოცრად ბედნიერ წყვილად ჩანდნენ. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ლამაზი სურათი იყო. მათი მეგობრების მოგონებების თანახმად, მეუღლეების კამათი ხშირად ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადიოდა. ცოლს ქმრის მხიარულება და წვეულებების სიყვარული არ მოსწონდა, ქმარი კი მას მოსაწყენს უწოდებდა. ქორწილიდან უკვე ერთი წლის შემდეგ ისინი საღამოებს ხშირად ცალ-ცალკე ატარებდნენ...

jon-kenedi-4-1773042084.jpg
ჯონ კენედი-უმცროსი და კეროლაინ ბესეტი

​ადვილი მისახვედრია, რომ მალე მათ ურთიერთობაში მესამე ზედმეტი პირიც გამოჩნდა. ​ალბათ, მაშინვე გაიფიქრეთ, რომ მოღალატე ჯონი იყო. სულაც არა! ყოველ შემთხვევაში, ასე მისი მრავალრიცხოვანი ნაცნობი ამტკიცებს. აი, კეროლაინმა კი ერთ-ერთი განსაკუთრებით მძაფრი შელაპარაკების დროს ქმარს განუცხადა, რომ იგი მაიკლ ბერგინს ხვდებოდა. სწორედ იმ მოდელს, რომელთანაც მას Calvin Klein-ში მუშაობის პერიოდში რომანი ჰქონდა.

მაიკლმა, კეროლაინისა და მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, წიგნი დაწერა, სადაც აღწერა, თუ როგორ სტუმრობდა ბესეტი ხშირად მის პატარა ბინას. ერთხელ იგი სახლში სახანძრო კიბითაც კი ავიდა და ფანჯრის მინა მუშტით ჩაამსხვრია. ​"იმით, რომ ცნობილი მამაკაცის ცოლს ვხვდებოდი, სულაც არ ვამაყობდი. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთი გვიყვარდა", - დაწერა მამაკაცმა საკუთარ წიგნში. ზუსტად არავინ იცის, მაიკლი სიმართლეს ამბობდა თუ კეროლაინის გარდაცვალებით სარგებლობდა...

kerolain-beseti-8-1773042187.jpg
ჯონ კენედი-უმცროსი და კეროლაინ ბესეტი

რომელი ვარსკვლავური დრამა ჩაივლის ნარკოტიკების, ანტიდეპრესანტებისა და ფსიქოთერაპევტის გარეშე? ეს ყველაფერი კეროლაინის თავს ხდებოდა. ​საკუთარი ნებით უზარმაზარ ბინაში გამოკეტილი ქალი მოწყენილობისა და დაუსრულებელი ეჭვიანობისგან იტანჯებოდა - კეროლაინი დარწმუნებული იყო, რომ ქმარი მას ღალატობდა! პარანოიას ნაცნობი ექიმის მიერ გამოწერილი აბები კიდევ უფრო ამძაფრებდა. როგორც ამბობენ, ​ჯონი საყვარელ ქალს შიშით უყურებდა, თუმცა არაფერს აკეთებდა. არ სურდა? უფრო მეტად, ალბათ, უბრალოდ დაიღალა. ლამაზი სიყვარულის ისტორია სრულდებოდა…

​რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, შესაძლოა, სიტუაცია შვილების დაბადებას გადაერჩინა. კენედი უმცროსი ამაზე ოცნებობდა, თუმცა ბესეტი კატეგორიულ წინააღმდეგობას უწევდა. მისი სიტყვებით, ამ ცნობილი ოჯახის ატმოსფერო ბავშვების აღსაზრდელად სრულიად შეუფერებელი იყო. როგორც უკვე მიხვდით, მან მეუღლის ნათესავებიდან საერთო ენა ვერავისთან გამონახა.

kerolain-beseti-9-1773042219.jpg
ჯონ კენედი-უმცროსი და კეროლაინ ბესეტი

1999 წლის 15 ივლისს კეროლაინის უფროსმა დამ, ლორენმა, კენედების წყვილი რესტორანში დაპატიჟა, სადაც მათ შექმნილი სიტუაციის განხილვა შესთავაზა. როგორც ამბობენ, კეროლაინთან ვერც ერთმა ფსიქოთერაპევტმა პროგრესს ვერ მიაღწია, თუმცა ლორენი იმედს მაინც არ კარგავდა. ამ თემაზე საკმარისი რაოდენობის სტატიების წაკითხვის შემდეგ, მან იცოდა, რომ მეუღლეების შერიგების გზაზე პირველი ნაბიჯი მათთვის ხელების ჩაკიდების შეთავაზება იყო. თხოვნის რამდენჯერმე გამეორება გახდა საჭირო...

​ლორენმა იცოდა ისიც, რომ მომდევნო დღეს ჯონი თავისი ბიძაშვილის, რორის ქორწილში მიფრინავდა. კეროლაინიც დაპატიჟებული იყო, თუმცა მან მაშინვე უარი განაცხადა, რადგან ჯერ კიდევ ურთიერთობის დასაწყისში დაიფიცა, რომ ქმრის თვითმფრინავში არასოდეს ავიდოდა. ​დამ მას გამონაკლისის დაშვება სთხოვა და უთხრა, რომ მათ სიამოვნებით გაჰყვებოდა.

ასე დაშორდნენ და აეროპორტში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. "ყველაფერი შესანიშნავად იქნება!" - დააყოლა ლორენმა დამშვიდობებისას. ​

kerolain-beseti-10-1773042244.jpg
ჯონ კენედი-უმცროსი და კეროლაინ ბესეტი

კეროლაინს დილიდან საშინელი თავის ტკივილები ტანჯავდა, ჯონს ყველა შეხვედრა ჩაეშალა, ლორენი სამსახურში შეყოვნდა, შემდეგ კი პარასკევის საცობში მოჰყვა. ყოველივე ამას ისიც დაემატა, რომ მეორე პილოტი, რომლის წაყვანაც კენედი უმცროსს სურდა (მას ცოტა ხნით ადრე ფეხი ჰქონდა დაზიანებული და ყავარჯნებით გადაადგილდებოდა), შვებულებაში აღმოჩნდა.

მიუხედავად ამისა, 20:38 საათზე კერძო ბორტი ჰაერში მაინც აიჭრა. უკვე ბინდდებოდა. იმ საღამოს ამინდი შეიცვალა, რამაც, როგორც ბევრი პილოტი აღნიშნავდა, სირთულეები შექმნა. კენედი უმცროსი ღრუბლებს შეეჯახა. ​21:40 საათზე თვითმფრინავზე კონტროლი დაკარგა და ოკეანეში ჩავარდა.

jon-kenedi-umcrosi-da-kerolain-beseti-1773042296.jpg
ჯონ კენედი-უმცროსი და კეროლაინ ბესეტი

სამივე მათგანი დაიღუპა... ​მათი სხეულები ხუთი დღის შემდეგ იპოვეს. შემდეგ ცხედრებს კრემაცია ჩაუტარეს, ფერფლი კი კუნძულ მარტას-ვინიარდთან ახლოს მიმოფანტეს. ისინი იმ საბედისწერო საღამოს აღნიშნულ კუნძულზე მიფრინავდნენ. ​ეს ფრენა რომ არ შემდგარიყო, ჯონისა და კეროლაინის ქორწინების გარდაუვალი დასასრული მაინც დაშორება იყო. თუმცა, ამბავი ტრაგიკულად დასრულდა.

როგორც მათმა ერთ-ერთმა უახლოესმა მეგობარმა აღნიშნა, მხოლოდ ამ კატასტროფამ მისცა მათ საშუალება, ეკლესიაში დადებული ფიცი შეესრულებინათ და ერთად ყოფილიყვნენ მანამ, სანამ სიკვდილი არ დააშორებდათ…

არც ჟაკლინ კენედი შემიდარებია ძაღლისთვის და ბოროტმოქმედიც არ ვარ! - დერილ ჰანამ ახალი სერიალი მისი და ჯონ კენედი უმცროსის რომანის შესახებ ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა
„კენედების წყევლა“ გრძელდება - ჯონის და ჟაკლინის შვილიშვილს სიცოცხლის ერთი წელი დარჩა: მხოლოდ იმას დარდობს, რომ მის პატარა შვილებს არ დაამახსოვრდებათ