"გილოცავ, გვანცუკინა დედიკო, ყველაზე განსაკუთრებულ დაბადების დღეს. მიყვარხართ..." - წერს მუსიკოსი აჩიკო გულედანი და მეუღლის და შვილის ფოტოს აქვეყნებს.

აქვე იღებს წყვილი დაგვიანებულ მილოცვებს, რადგან ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი სიახლე მათ ოჯახში - აჩიკო და მისი მეუღლე, მომღერალი გვანცა ჯაფარიძე პატარა თემის მშობლები გახდნენ. წყვილს შვილი დაახლოებით ერთი თვის წინ შეეძინა, თუმცა მუსიკოსის სოციალურ ქსელში თემი დღეს წარდგა საზოგადოების წინაშე.

წყვილმა 2019 წელს იქორწინა. მაშინ აჩიკო გულედანი 45 წლის იყო, გვანცა - 25-ის. გვანცა ცნობილი კონკურს "საქართველოს ვარსკვლავიდან" გახდა, მიმზიდველმა გოგონამ მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, თუმცა მოდელობას თავი მალევე დაანება და სიმღერასთან ერთად პიარ-მარკეტინგულ საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა კონპანიაში.

გარდა მუსიკის სიყვარულისა, წყვილს მშობლიური კუთხეც აკავშირებს - ორივე სვანია და ორივეს განსაკუთრებულად უყვარს ეს მხარე.




გვანცასთვის ეს პირველი ქორწინებაა, აჩიკოსთვის კი - მეორე. მისი პირველი მეუღლე ჟურნალისტი და ცნობილი რადიოწამყვანი ნინი ბუკია გახლდათ, რომელმაც შემდეგ პიარში გადაინაცვლა. აჩიკოს და ნინის ორი შვილი ჰყავთ. საზოგადოებისთვის ცნობილია მათი ქალიშვილი მარიამ გულედანი, რომელიც გარკვეულ ხანს ტელეწამყვანი იყო.


