10 ხერხი, რომ ბავშვს დილით ადგომა გავუადვილოთ - მშობლები

10 ხერხი, რომ ბავშვს დილით ადგომა გავუადვილოთ

2026-03-10 08:08:56+04:00

დილით გაღვიძება უფროსებსაც უჭირთ, არათუ ბავშვებს. ადრე ადგომა რთულია და ეს სულაც არ არის დამოკიდებული იმაზე, „ბუ“ არის ბავშვი თუ „ტოროლა“.

თუმცა დილით ადგომას თავიდა ვერ ავიცილებთ. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რა განწყობით დაიწყებს ბავშვი დილას — ხშირად სწორედ ეს განსაზღვრავს, როგორი იქნება მისი მთელი დღე. არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი, რომელიც მშობლებს დაეხმარება, დილის გაღვიძება ბავშვისთვის ნაკლებად სტრესული გახადონ.

1. მზადება საღამოსვე

ბევრი საქმე შეიძლება საღამოსვე გაკეთდეს. მაგალითად, წინასწარ შეაგროვოთ წიგნები და რვეულები, მოამზადოთ მეორე დღის ტანსაცმელი ან დაგეგმოთ საუზმე. ასე დილა ნაკლებად ქაოტური იქნება და ბავშვს აღარ მოუწევს სიჩქარე და ნერვიულობა.

2. პირადი მაგალითი

თუ ოჯახში მშობლები თავად დგებიან დროულად და არ აჭიანურებენ გაღვიძებას „კიდევ ერთი წუთის“ მოთხოვნით, ბავშვებიც უფრო ადვილად სწავლობენ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას დილის რეჟიმის მიმართ.

3. კომფორტული გარემო ოთახში

დიდი მნიშვნელობა აქვს ოთახის გარემოს, სადაც ბავშვს სძინავს. ძილისთვის მნიშვნელოვანია სწორი განათება, კომფორტული საწოლი და მინიმალური ხმაური. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაღვიძებაც სასიამოვნო იყოს — ოთახში ადვილად შედიოდეს დღის შუქი, ნივთები თავის ადგილზე იყოს და ბავშვს სწრაფად შეეძლოს ტანსაცმლის ან საჭირო ნივთების პოვნა. სასურველია ოთახი მშვიდ, პასტელურ ფერებში იყოს გაფორმებული, ზედმეტი გამაღიზიანებელი დეტალების გარეშე.

4. გემრიელი და საინტერესო საუზმე

დილა ბევრად სასიამოვნოა, თუ მას გემრიელი საუზმე იწყებს. ზოგჯერ მშობლები ცოტაოდენ ფანტაზიასაც იყენებენ — მაგალითად, ამზადებენ კვერცხს ვარსკვლავის ფორმით, ბოსტნეულით ქმნიან მხიარულ ფიგურებს ან საუზმეს ლამაზად აფორმებენ. ასეთმა დეტალებმა შეიძლება ბავშვს მთელი დღის განმავლობაში კარგი განწყობა შეუქმნას.

5. „კოდური სიტყვა“

შეგიძლიათ ბავშვთან ერთად მოიფიქროთ სპეციალური სიტყვა ან ფრაზა, რომლის გაგონების შემდეგ უნდა ადგეს. ეს შეიძლება იყოს საყვარელი მულტფილმის სახელწოდება, პერსონაჟის ფრაზა ან უბრალოდ თბილი მიმართვა. მთავარი წესია — კოდური სიტყვის შემდეგ საწოლში დარჩენა აღარ შეიძლება.

6. საკუთარი მაღვიძარა

კარგი იდეაა, თუ ბავშვს საკუთარი მაღვიძარა ექნება. შეგიძლიათ ერთად აირჩიოთ — როგორი დიზაინი მოსწონს, რა ხმა აქვს, როგორი ფორმაა. როცა ეს მისი პირადი ნივთია, ბავშვი უფრო პასუხისმგებლიანად ეკიდება გაღვიძებას. დღეს არსებობს ბევრი საინტერესო მოდელიც — მაგალითად, მაღვიძარა, რომელიც მოძრაობს ან ზარის გასაჩერებლად პატარა ამოცანის ამოხსნა უნდა.

7. ნუ გაბრაზდებით

თუ ბავშვს დილით გაღვიძება უჭირს, არ ღირს ხმამაღალი შენიშვნები, გაბრაზება ან მით უმეტეს ფიზიკური დასჯა. ასეთი რეაქცია მხოლოდ გააძლიერებს უარყოფით ემოციებს ადრე ადგომის მიმართ. უმჯობესია სიმშვიდე, მოთმინება და თბილი დამოკიდებულება.

8. შეაქეთ ბავშვი

როცა ბავშვი დროულად იღვიძებს, მნიშვნელოვანია მისი შექება და წახალისება. სიტყვები, რომლითაც აჩვენებთ, რომ ამაყობთ მისით, ძლიერი მოტივაციაა და მომავალშიც დაეხმარება იმავე წესის დაცვაში.

9. სტაბილური რეჟიმი

ძალიან მნიშვნელოვანია ერთსა და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება. სასურველია, რომ ეს რეჟიმი დიდად არ დაირღვეს შაბათ-კვირას ან არდადეგებზე, რადგან შემდეგ მისი აღდგენა რთულია.

10. დილის პატარა რიტუალები

დილა შეიძლება უფრო სასიამოვნო გახდეს, თუ მას ექნება პატარა, სასიამოვნო რიტუალები. მაგალითად, ოჯახური ვარჯიში, საუზმის მომზადებაში დახმარება, საყვარელი მულტფილმის ერთი ეპიზოდის ნახვა ან სპეციალური „დილით დასალევი სასმელი“, რომელსაც მხოლოდ გარკვეულ დროს სვამენ.

მთავარია გვახსოვდეს, რომ ბავშვს ნებისმიერი ჩვევა და წესრიგი შეიძლება შევაჩვიოთ, თუ გამოვიყენებთ სამ მნიშვნელოვან კომპონენტს — მოთმინებას, ფანტაზიას და თანმიმდევრულობას.

ენერგიული და ფხიზელი ბავშვის ლოგინში ჩაწვენას მხოლოდ იმიტომ, რომ დილით ადრე უნდა გაიღვიძოს, აზრი არ აქვს - ძილის სპეციალისტის რჩევები