რა სიმპტომები ახასიათებს საკვერცხის პოლიკისტოზურ სინდრომს და რატომაა ამ პრობლემის დროული მართვა - მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის წევრი, გურანდა ფხაკაძე, გადაცემაში "იმუნიტეტი" საუბრობს:
- საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი, გოგონებისა და ქალბატონების, დაახლოებით, 15%-ში გვხვდება. ეს პოლიორგანული, ენდოკრინული დაავადებაა, რადგანაც ამ დროს ოვულაცია არ ხდება. ერთი წლის განმავლობაში ქალთან შეიძლება, 1 ან 2 ბუნებრივი ოვულაცია იყოს. საკვერცხის პოლიკისტოზის დროს, საკვერცხეში დიდი რაოდენობით ცისტები წარმოიქმნება. ეს არის ფოლიკულები, რომლებმაც დომინანტ მდგომარეობამდე ვერ მიაღწიეს, არ მოხდა ოვულაცია, ამიტომაც ასეთი საკვერცხე ბევრი ფოლიკულითაა წარმოდგენილი.
ამ საკვერცხეში დიდი რაოდენობით ანდროგენები იწყებს ფუნქციონირებას. ანდროგენები გამოიტყორცნება სისხლში და ქალს ეწყება ისეთი ჩივილები, როგორებიცაა აკნე, ჭარბთმიანობა, ალოპეცია, ხშირადაა ბუდობრივი ალოპეცია, მომატებული ცხიმიანობა - როგორც თმის საფარველის, ასევე კანის საფარველის, ინსულინრეზისტენტობა და ეწყებათ ჭარბწონიანობა.
ხშირ შემთხვევაში, ქალებმა, რომლებთანაც პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომია, თუ დროულად არ აღმოაჩინეს და არ უმკურნალეს (აქვე ვიტყვი, ბოლომდე მისი განკურნება არ ხდება), ამ პაციენტებში ძალიან ხშირადაა ისეთი გართულებები, როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი, ჭარბწონიანობა და უნაყოფობა. ამიტომ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა.
პუბერტატულ ასაკში, როდესაც გოგონას ჩამოყალიბება ხდება, თუ ვხედავთ, რომ გოგონას აკნე, ჭარბთმიანობა დაეწყო და პოლიკისტოზური საკვერცხისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აქვს, დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება.
პოლიკისტოზური საკვერცხეების დიაგნოზი ისმევა მაშინ, როდესაც 2-3 ან მეტი სიმპტომი გვაქვს. თუ ულტრასონოგრაფიულ კვლევაზე დიდი ზომის საკვერცხეებსა და ასევე, საკვერცხეში კისტებს ვხედავთ და ასევე, თუ პაციენტს თან აქვს ჭარბთმიანობა, აკნე, ინსულინრეზისტენტობა. 60-70%-ში ინსულინრეზისტენტობა გვხვდება, მაგრამ, პირიქითაც, შეიძლება, ქალს წონის დეფიციტი ჰქონდეს და მაინც ჰქონდეს საკვერცხის პოლიკისტოზი. ჰორმონალური გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია.
ზოგადად, ჰორმონების შემოწმება ციკლის მე-3, მე-4 ან მე-5 დღეს ხდება. კეთდება უზმოზე. ერთადერთი პროგესტერონია, რომლის შემოწმებაც 21-ე დღეს ხდება. ჩემს ყველა პაციენტს წინასწარ ვაფრთხილებ, რომ აუცილებლად გამოიძინონ. პროლაქტინი სტრესის ჰორმონია და თუ პაციენტი გამოუძინებელი მოდის ან გზაში ნერვიულობს, შეიძლება, მაღალი იყოს და სწორი მონაცემი ვერ მივიღოთ.
პოლიკისტოზური საკვერცხეების დროს ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ მკურნალობის კუთხით, რა მიზანი გვაქვს. აქ აუცილებელია, გავითვალისწინოთ, პირველ რიგში, პაციენტს მენსტრუალური ციკლის დარეგულირება სჭირდება, შვილოსნობა, ჭარბ წონასთან და ინსულინრეზისტენტობასთან ბრძოლა თუ აკნე და ჭარბთმიანობაა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. რა მიზანიც გვაქვს, შესაბამის მკურნალობას ვუნიშნავთ პაციენტს.
რაც შეეხება ინსულინრეზისტენტობას, რა მკურნალობაც არ უნდა დავნიშნოთ, თუ პაციენტმა წონაში არ დაიკლო, არაფერი გამოგვივა. ინსულინრეზისტენტობის დროს ჭარბწონიანობა გვაქვს. ეს მენსტრუალური ციკლის დარღვევის ყველაზე მთავარი მიზეზია. პაციენტს ვეუბნებით, რომ ისეთი საკვები მიიღოს, რომლებიც არ შეიცავს შაქარს, დაბალანსებულია კალორიებით. ზომიერი ფიზიკური აქტივობა, ძილ-ღვიძილის რეჟიმის დარეგულირება, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
ნებისმიერი სიგნალი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი გვაძლევს, არ უგულებელვყოთ და აუცილებლად მივაქციოთ ყურადღება. ყოველთვის ჯობს, გინეკოლოგს დროულად მივმართოთ და თუნდაც რუტინული გამოკვლევები ჩავიტაროთ, ვიდრე რაღაც პრობლემა მივაყურადოთ და შემდეგ მივიღოთ ის გართულებები, რომლებზეც ვისაუბრეთ.