"მივხვდი, რომ ამ გარემოზე ვარ დამოკიდებული. იმ უიმედობისა და ლოდინის პერიოდში ეს თეატრი ჩემთვის კელაპტარივით იყო, რომელმაც ყველაფერი გაანათა და მას ვერ ვღალატობ" - ნიკოლოზ ფაიქრიძის გზა წარმატებამდე - მშობლები

"თუ ვინმეს ამ პროფესიაში მოსვლა იმიტომ უნდა, რომ "ლაქშერულ" ცხოვრებას, მუდმივ გადაღებებს, ინტერვიუებსა და ხალხის განსაკუთრებულ აღიარებას ელოდება - ეს ტყუილი და ზღაპარია" - ნიკოლოზ ფაიქრიძე

2026-03-10 11:34:09+04:00

ნიკოლოზ ფაიქრიძე 12 წელია, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. მან სცენაზე არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა და შემოქმედებითად კვლავ განსაკუთრებით დატვირთულია. ამბობს, რომ თეატრს მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ნიკა ასევე პოეტია და საკუთარ სათქმელს ამ ფორმითაც შესანიშნავად გამოხატავს. ორი შვილის მამაა და ამბობს, რომ როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, მას შვილებთან კომუნიკაციისთვის იყენებს.

ნიკოლოზი საკუთარი საქმიანობის, წარმატების, თეატრის მთავარი გამოწვევებისა და მშობლობის შესახებ ვრცლად გვესაუბრება:

- ჩემი სამსახიობო კარიერა, პირველ რიგში, ოჯახმა და გენეტიკამ განსაზღვრა. ბაბუა, დედა და ბიძა მსახიობები იყვნენ. დედაჩემი საკმაოდ მრავალმხრივი ადამიანია. ჟურნალისტადაც მუშაობდა, კულტურის სფეროში გამგეობაში საკმაოდ მაღალი თანამდებობაც ეკავა, ბიზნესსაც მართავდა, საკუთარი სალონი ჰქონდა, არაჩვეულებრივად ქარგავდა და ხატავდა. ​

დედას ყოველთვის ძალიან უნდოდა მსახიობობა, თუმცა ბაბუა კატეგორიული წინააღმდეგი იყო - არ სურდა, მას ამ სფეროში ემუშავა. ბაბუას სიტყვას ოჯახში დიდი წონა ჰქონდა. დედამ თეატრალურ ინსტიტუტში ჩუმად ჩააბარა და ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო კარიერა ჰქონდა. ზესტაფონის თეატრის სცენაზე მისი ორი გამორჩეული როლი მახსენდება: ხატია სპექტაკლში - "მე ვხედავ მზეს" და ნია სპექტაკლში - "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი". ეს სერიოზული განაცხადი იყო, თუმცა მოგვიანებით, ცხოვრებისეული გარემოებების გამო, მსახიობობას თავი დაანება და სხვა გზით წავიდა. ​

ჩემი ბავშვობაც ზესტაფონის თეატრთან ასოცირდება. მუდმივად მსახიობების გარემოცვაში ვიყავი. მაშინ რესტორნები და გასართობი ადგილები ნაკლებად იყო, ხშირად ჩვენთან მოდიოდნენ და დიდი სუფრა იშლებოდა. ​როცა პროფესიის არჩევის დრო დადგა, აღმოჩნდა, რომ მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია საერთოდ არ მაინტერესებდა. რაც ზუსტად ვიცოდი, მიყვარდა ლექსების წაკითხვა, ამბების საინტერესოდ მოყოლა, პაროდიების გაკეთება…

ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ქალბატონმა მაია მუმლაძემ ითამაშა, რომელსაც ახლა მინდა, მადლობა გადავუხადო. მას ზესტაფონში თეატრალური სტუდია "მეოცნებე ნიამორები" ჰქონდა, სადაც მიმიწვია და უშანგი ჩხეიძის ცხოვრების შესახებ დადგმულ სპექტაკლში მთავარი როლიც კი მათამაშა. ​ქალბატონი მაია ზესტაფონში ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა. აბიტურიენტობის პერიოდში სულ თეატრთან ვიყავი დაკავშირებული. შესაბამისად, ბევრი აღარ მიფიქრია. ​ძალიან გამიმართლა - პირველივე წელს უფასო ფაკულტეტზე მოვხვდი. საკმაოდ დიდი ქულები ავიღე. ოჯახს მანამ არ სჯეროდა, რომ 4 წელი სწავლის საფასურს არ გადავიხდიდი, სანამ ოქტომბერში დეკანატიდან ოფიციალური ცნობა არ მოვიდა. იმ პერიოდში რაიონის მასშტაბით ყველაზე აღიარებული ადამიანი გავხდი (იცინის). ასე დაიწყო ჩემი თეატრალური გზა. თუმცა, სწავლის დასრულების შემდეგ პირველი დიდი იმედგაცრუებაც გამოჩნდა…

ჩვენს პედაგოგს, გოგი თოდაძეს, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვნის იმაში, რომ ეს საქმე კიდევ მეტად შემიყვარდა. ვგრძნობ, სადაც არ უნდა ვიყო, რა გარემოშიც, რომელ ავტორთან და პიესასთან, ამ გზის გაკვლევა და რაღაცების სწორად გაკეთება შემიძლია. ეს მისი დამსახურებაა. სულ გვეუბნებოდა, ისე უნდა ითამაშოთ იმ სპექტაკლებში, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში, ერთად გავაკეთებთ, რომ თეატრები თქვენით დაინტერესდეს და გქონდეთ ადგილი, სადაც დიდ, შემოქმედებით საქმიანობას გააგრძელებთო. ძალიან ბევრი ვიშრომეთ და მოვინდომეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ინტერესი ნულს ქვემოთ იყო…. არც ერთი თეატრი არ დაინტერესდა. თეატრს მიღმა დავრჩით. ახალ თაობას ეს პრობლემა ნაკლებად აქვს. ყველა თეატრის კარი ღიაა, მიდიან, თამაშობენ… ჩვენთან ასე არ იყო. მეტსაც გეტყვით, ჩვენ, გოგის სტუდენტებს, აკრძალული გვქონდა, რომ სანამ არ დავამთავრებდით და მასთან არ გავივლიდით შემოქმედებით პროცესს, ჩვენთვის რეკლამა, სხვა პროექტში მონაწილეობა, გადაღება არ არსებობდა. დღეს სულ სხვა რეალობაა.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 2 წელი, სიცარიელესა და გაურკვევლობაში ვიყავი. 4 წლის განმავლობაში ნაგროვები კონსპექტები, ჩანაწერები გადმოვქექე და თავიდან დავიწყე სწავლა. თითქოს, ისევ პირველ კურსზე ვიყავი… ერთი სული მქონდა, ოჯახის წევრები სახლიდან გასულიყვნენ. როგორც კი კარს გაიხურავდნენ, იმწამსვე არტისტობას ვიწყებდი (იცინის). სხვა საქმეზე არ გადავრთულვარ. მოტივაცია მქონდა, რომ საკუთარი შესაძლებლობები უნდა დამემტკიცებინა. 4 წელი რომ გეუბნებიან, ყოჩაღ, ეს საქმე კარგად გამოგდისო და ნათამაშებ როლებსაც ეტყობა შენი ხასიათი, შესაძლებლობები, მონდომება, მაყურებლის განწყობასაც ხედავ და უცებ, ეს ყველაფერი იკარგება… ამის მიუხედავად, მივხვდი, რომ საკუთარ თავთან არ ვიქნებოდი მართალი, თუ ფარ-ხმალს დავყრიდი და სხვა სფეროში ჩემი ადგილის პოვნას დავიწყებდი. ამიტომ, დაველოდე "თეთრ რაშს", შანსს, რომელიც მომეცემოდა…

მოზარდ მაყურებელთა თეატრში კასტინგი გამოცხადდა. ახალგაზრდა მსახიობებს ეძებდნენ. სიმღერა, ცეკვა, იგავ-არაკი, ლექსი, პროზა - ეს ყველაფერი მოვამზადე, მოვედი და 10 დღეში დამირეკეს. პირველ რეპეტიციაზე დამიბარეს. ბატონი ლევან წულაძე დგამდა "რომეო და ჯულიეტას" და რომეოს როლზე დამამტკიცეს. აქედან იწყება დიდი მოგზაურობა. 12 წელია, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვარ.

- საქართველოში ხშირად ამბობენ, რომ მსახიობის პროფესია რთულია, დაუფასებელია, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- ალბათ, ეს ყველაფერი იმითაა განპირობებული, რომ მსახიობის ანაზღაურება ძალიან მწირია. ჩვენთან მსახიობს მხოლოდ ხელფასით ცხოვრება, ოჯახის რჩება ძალიან გაუჭირდება. ამ პროფესიას 12 წლის განმავლობაში რომ შემოვრჩი, ეს დედაჩემის, მისი ძალიან დიდი შრომის დამსახურებაა. დედა ემიგრაციაშია და ზურგს მიმაგრებს. 34 წლის ვარ და ხმამაღლა შემიძლია, ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია განსაკუთრებით მიყვარს, თეატრში არაადამიანურ ენერგიას ვხარჯავ, ნამდვილად არ შეიძლება, ვიყო უკმაყოფილო, მაგრამ დედა რომ არ მეხმარებოდეს, წარმოუდგენელია, არ ვიცი, რა იქნებოდა… ყველას, ვინც საღად ვაზროვნებთ, გვაქვს სურვილი, რაღაც უკეთესი შევქმნათ. თუმცა ჩვენთან ჯერ დიდი ინდუსტრია არ არის: არც კინოს იღებენ ბევრს და არც ბიზნესი დებს ფულს. გამოდის, რომ მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსების ამარა ვართ და წარმოიდგინეთ, ამით რამდენის გაკეთება შეიძლება? ​ძალიან რთულია, თუ კერძო სექტორმა არ მოინდომა, ბიზნესმა ფული არ ჩადო და ეს კომერციული მხარე არ გაძლიერდა. მე 34 წლის ვარ, მაგრამ თეატრში ისეთი ადამიანებიც მინახავს, 38-40 წელი იქ რომ გაუტარებიათ და ზუსტად იციან, ყველაზე დიდი რამ, რაზეც შეიძლება, იოცნებონ, 1000 ლარია.

​მაგრამ ჩვენ აქ ფულისთვის არ ვართ. ესაა მთავარი - იდეისთვის ვართ, მთელი გულით გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ. რაღაც სხვა გვამოძრავებს, რის გარეშეც უბრალოდ ვერ ვძლებთ. თუ ვინმეს ამ პროფესიაში მოსვლა იმიტომ უნდა, რომ "ლაქშერულ" ცხოვრებას, მუდმივ გადაღებებს, ინტერვიუებსა და ხალხის განსაკუთრებულ აღიარებას ელოდება - ეს ტყუილი და ზღაპარია. ჩვენი რეალობა ამისგან ძალიან შორს არის. ​რთულია, რა თქმა უნდა, და ყველას მაგას ვურჩევ: მიუხედავად იმისა, რომ სიგიჟემდე ვარ ამ საქმეზე შეყვარებული, უამრავი ბედნიერი წუთი მაჩუქა და ცხოვრების რთული პერიოდებიც გადამატანინა, თუ ვინმე აზრს მკითხავს, მაინც ვეტყვი, რომ კარგად უნდა გაიაზროს, რაზე აწერს ხელს, რომ მერე გული არ დასწყდეს და იმედები არ გაუცრუვდეს. როცა ვთქვი, რომ მსახიობობა მინდოდა, ვიცოდი, რაზე მივდიოდი და რაზე ვაწერდი ხელს, მზად ვიყავი ამ მოცემულობისთვის. ​დღეს ეს ყველაფერი ისე მძაფრად აღარ მტკივა... მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად დაკავებული ვარ და სულ მაქვს როლები, არიან მსახიობები, რომლებიც, ფაქტობრივად, ვერ რეალიზდნენ.

- რას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში ვერ რეალიზდნენ?

- ალბათ, სხვა სფეროებში გადადიან. თუ დამიჯერებთ, ყველაზე მეტად სწორედ ასეთ ხალხზე ვფიქრობ. ჩემს ცხოვრებაშიც რომ არ გამოჩენილიყო ის "თეთრი რაში", ადამიანებს სხვა თვალით რომ არ დავენახე, სად ვიქნებოდი? საერთოდ დავრჩებოდი ამ პროფესიაში? ​იცით, როგორი რთულია, სულ სხვის წარმატებას უყურო, სხვისი გამარჯვებით იყო აღფრთოვანებული, ტაშს უკრავდე და მუდმივად შენს რიგს ელოდებოდე, რომელიც ხან მოდის და ხან - არა? ასეთ ხალხს მართლა ვგულშემატკივრობ. მთავარია, არ გაბოროტდნენ და ნეგატივით არ აივსონ. არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს მე მეცხრე ცაზე ვარ და იქიდან ვმოძღვრავ ვინმეს. არა, ხვალ ან ზეგ შეიძლება, ყველაფერი ისე შეიცვალოს, მეც უკანა პლანზე გადავიდე და სულ სხვა რამის კეთება მომიწიოს. ეს სავსებით ჩვეულებრივი მოცემულობაა. ​ხვალ და ზეგ რა იქნება, არავინ იცის. აქ ყველაფერი "დომინოს პრინციპით", ერთმანეთზეა გადაბმული. ჯანმრთელობამ თუ გიღალატა ან შენს მენტალურ მდგომარეობაში რამე შეიცვალა, იმწამსვე ჩაგანაცვლებენ... თეატრს თავისი, უხილავი კანონები აქვს. როცა ადამიანმა თეატრი შექმნა, იქ თავიდანვე ჩაიწერა ისეთი რამ, რასაც ვერ შეცვლი. შეუცვლელი არავინაა. გადავხედოთ, რა რანგის მსახიობები წავიდნენ, ვინ მივაბარეთ მიწას...

nika-paikrize-8-1773128624.jpg

- თქვენთვის ვინაა ყველაზე გამორჩეული ქართველი მსახიობი?

- ჩემთვის ასეთი მაგალითი რეზო თავართქილაძეა. საინტერესოა, რომ, თითქოს, მის როლებსა და გამოცდილებას ფეხდაფეხ მივდევ. გარდა ამისა, მან პრინციპულად აირჩია, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრი ყოფილიყო მისი სცენა, საიდანაც სიმართლეს იქადაგებდა. არასოდეს უღალატია ამ თეატრისთვის. მეც მქონია სხვადასხვა შემოთავაზება, მაგრამ მივხვდი, რომ ამ გარემოზე ვარ დამოკიდებული. იმ უიმედობისა და ლოდინის პერიოდში ეს თეატრი ჩემთვის კელაპტარივით იყო, რომელმაც ყველაფერი გაანათა და მას ვერ ვღალატობ. ჩემი სწორებაც ასეთია - თუ მან შეძლო, რომ აქ, ამ "საბავშვო" თეატრში ასეთი შედეგისთვის მიეღწია, ესე იგი, ყველაფერი შესაძლებელია.

- ხშირად ამბობენ იმასაც, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, სპექტაკლებზე მოთხოვნა გაცილებით გაიზარდა…

- დიახ, ასეა. ის 3-4 წელი ძალიან დიდი დრო აღმოჩნდა იმისათვის, რომ დაგვეფასებინა ის, რაც გვქონდა. ჩვენ ხომ ხშირად ასე ვართ - ჯერ რაღაც უნდა დავკარგოთ, რომ მერე მის ფასს მივხვდეთ და გამოსწორებაზე დავიწყოთ ფიქრი. პანდემიისას გავიაზრეთ, რომ ადამიანზე ბევრი არაფერია დამოკიდებული. ხდება რაღაც კატაკლიზმი და რჩები სრულიად უსუსური... როგორც კი თეატრები გაიხსნა, გვერდიგვერდ დაჯდომა და პირბადის გარეშე ერთმანეთთან კომუნიკაცია შეგვეძლო, პირველი, რაც ადამიანმა გააკეთა, სულიერი საკვების ძებნა დაიწყო. თეატრი კი ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია.

- როგორი რეაქცია გაქვთ ხოლმე მსახიობებს სპექტაკლის დროს დარბაზში ხმაურზე, ტელეფონის ზარზე, ჩურჩულზე, ლაპარაკზე?

- რა თქმა უნდა, ხელისშემშლელია. განსაკუთრებით იქ, სადაც სცენა კამერული პრინციპითაა მოწყობილი, თითოეული მაყურებლის სუნთქვა გესმის, ყველაფერს ხედავ. როდესაც ვთამაშობთ და ტელეფონი რეკავს ან საუბარი ისმის, არასასიამოვნოა. თუმცა, მაყურებელსა და სცენას შორის რაღაც უხილავ კედელს ვაგებთ. თითქოს, აქ რაც ხდება, ჩვენ იქ არ უნდა შევიმჩნიოთ. ამას ოთხი წელი ვსწავლობთ, ამიტომ ასე მძაფრად აღარ ვრეაგირებთ. ​თუმცა, სმენითაც ყველაფერი გვესმის და თვალითაც ყველაფერს ვხედავთ. მქონია შემთხვევები, როცა შემინიშნავს და მერე ანტრაქტზე მითხოვია კაპელდინერისთვის: "გეხვეწები, აი იქ ზის და აბა, მოვიდეს, რა უნდა?" ​ძირითადად სულ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ ხოლმე და რაღაცნაირად მეგობრულად, "მამაშვილურად" მითხოვია, რომ ასე არ შეიძლება. ესეც ჩვენი თეატრის ერთ-ერთი ვალდებულება და მოთხოვნაა, რომ ბავშვებს, ახალგაზრდებს ჩვენც ვასწავლოთ რაღაც.

- ბავშვები რამდენად ყურადღებიანი მაყურებლები არიან?

​- ბავშვებთან თამაში ურთულესი ამბავია. ​ბავშვი დაუნდობელია, ოღონდ ამას კარგი გაგებით ვამბობ. ის ყველაზე კარგად ხვდება, სპექტაკლი რეჟისორისა და მსახიობების მიერ სწორად არის აგებული თუ - არა. თუ ის ხედავს და გრძნობს, რომ სცენაზე რაღაც უინტერესო პროცესი მიმდინარეობს, პირველი, რასაც აკეთებს - იწყებს ფეხების ბაკუნს, სკამს მოარტყამს, სავარძლის ქვეშ შეძვრება... აღარ აინტერესებს.

თუ სპექტაკლს "ხერხემალი" მყარად აქვს აწყობილი, ის გაფაციცებით გიყურებს და ერთი დეტალიც არ გამოეპარება. ზრდასრული ადამიანი მაინც ლობიერია - ჩუმად დახედავს საათს და მიხვდება, რომ კიდევ 40 წუთი უნდა გელოდოს. ბავშვს კი ეს 40 წუთი არ აქვს, ის მაშინვე, იმ წამსვე იწყებს რეაგირებას. ​ამიტომაც ეშინიათ და ამიტომაა ბავშვებისთვის გაკეთებული სპექტაკლი ყოველთვის სანერვიულო. ფაქტობრივად, რამდენიმე ახალგაზრდა რეჟისორს თუ არ ჩავთვლით, ჩვენს თაობაში ხუთ ან ოთხ რეჟისორსაც ვერ დავასახელებ, რომელსაც საბავშვო სპექტაკლის დადგმა უნდა, უყვარს და ამ კუთხით მუშაობს. ჩეხოვი, ბრეხტი, შექსპირი - ეს მათი "სტიქიაა", მაგრამ საბავშვო სპექტაკლს ოფიციალურად არ ეკარებიან, არც კი ცნობენ, იმიტომ რომ ურთულესია.

ჯერ მათი ენა უნდა გესმოდეს კარგად, მათი ინტერესები უნდა იცოდე და პროცესს მიჰყვე. ​ამ ბოლო დროს, "კორონვირუსის" შემდგომ პერიოდს რომ შევადაროთ, Pixar-ის ანიმაციებმა თავიანთი ფერადოვნებითა და უსასრულო ფანტაზიით ბავშვებს მოთხოვნილება გაუჩინეს - დარბაზში დაჯდომისას იგივე თუ არა, რაღაც მიახლოებული მაინც ნახონ. რაც უფრო ფერადია სპექტაკლი, რაც უფრო დინამიკურია მოქმედება, მეტად აინტერესებთ. ​

nika-paikrize-2-1773128364.jpg

- თეატრის ახლანდელ მრავალფეროვან რეპერტუარზე რას გვეტყვით?

​- ბოლო პერიოდში ძალიან გამდიდრდა. მინდა, ბევრი ვისაუბრო "ჰამლეტზე", ოღონდ არა იმიტომ, რომ მე ვთამაშობ. მგონია, რომ დიმა ხვთისიაშვილმა თავისი გადაწყვეტითა და იდეით ძალიან საინტერესო ვერსია შემოგვთავაზა. "ჰამლეტს" "ო, ღმერთო, ღმერთო", შემდეგ კი "ლამბალო და ყაშა" მოჰყვა. მინდა, რომ ვინმემ ეს ყველაფერი ჯანსაღად აღნიშნოს. ხშირად ისმის კითხვები იმის შესახებ, თუ რომელ თეატრში რა და როგორ ხდება. ჩვენი თეატრი კი ამ მხრივ საოცარია - ამ დალოცვილი სცენიდან ყველაფერს ვამბობთ, რაც სათქმელია. თუ ვინმეს რაიმეს გაგონება, სამშობლოს სიყვარულის, პატრიოტიზმის ან მტრის ამოცნობისა და მასთან ბრძოლის გზების ნახვა სურს, ჩვენი დადგმები უნდა ნახოს. მტერი განათლებითა და ცოდნით უნდა დაამარცხო, რადგან სხვაგვარად გადარჩენა შეუძლებელია. ​მოზარდ მაყურებელთა თეატრი არის სივრცე, რომელიც თეთრსა და შავს ერთმანეთისგან მკაფიოდ განასხვავებს. იმ მთავარი მტრისა და ბოროტებისთვის კისრის მოსაგრეხად რომელ გზას აირჩევ, ეს უკვე შენი გადასაწყვეტია. მინდა, თქვენი ინტერვიუთი ვისარგებლო და ბატონ დიმას მადლობა გადავუხადო. ამას ყოველგვარი კეკლუცობისა გარეშე ვამბობ. მადლობას ვუხდი მას, როგორც ადამიანს, მოქალაქესა და რეჟისორს, რომელმაც თეატრი ძალიან სწორი მიმართულებით წაიყვანა. მიხარია, რომ ამ აზრში მარტო არ ვარ და ბევრი ასე ფიქრობს. ძალიან საინტერესო პიროვნებაა და თეატრისა თუ თითოეული მსახიობისთვის ბევრს აკეთებს. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ აქ ისეთი მსახიობი არ მოიძებნება, რომელთანაც მას მეგობრული თუ შემოქმედებითი ურთიერთობა არ აქვს. ყველას ეხმარება. დღეს ასეთი დამოკიდებულება დიდი დეფიციტია. თავისი საქმითა და სპექტაკლებით ის საკუთარ პოზიციასა და მხარეს ყოველთვის ნათლად აჩვენებს. მის დადგმებში დაინახავთ, თუ როგორ უყვარს სამშობლო, არტისტი და ქართული თეატრი.

- თქვენს ოჯახზეც მოგვიყევით - მსახიობი მეუღლე გყავთ (ნიკა ფაიქრიძის მეუღლე მსახიობი თაკო ცქვიტინიძეა - რედ.). როგორია ერთ ოჯახში ორი მსახიობის თანაცხოვრება?

​- სხვათა შორის, თავიდან ამის ძალიან მეშინოდა. მეგონა, ერთმანეთს დავხოცავდით, მაგრამ ახლა ამ მხრივ აბსოლუტური იდილია გვაქვს (იცინის). მე უფრო დიდი დოზით რეპეტიციებზე ყოფნა, გასტროლებზე სიარული და აქტიურობა მიწევს. თაკო ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. თუ რაიმე კარგს ვაკეთებ, ყველაზე მეტად მას უხარია. ჩემს ნებისმიერ პრემიერას ყველაზე მეტად ის ელოდება. ​შეფასებებს ერთმანეთს ობიექტურად ვეუბნებით. სხვათა შორის, რადგან ეს საქმე კარგად იცის, ამ მხრივ, ცოტა დაუნდობელიც კია. თანაც ჟურნალისტია და სიტყვათა მარაგი, ღვთის წყალობით, იმდენი აქვს, რომ სანამ ყველაფერს ამომწურავად არ გაგაგებინებს, მანამდე ვუსმენ… სულ ვცდილობ, მისი, საკუთარი თავისა და მაყურებლის მოლოდინები გავამართლო.

nika-paikrize-7-1773128491.jpg
ნიკოლოზ ფაიქრიძე მეუღლესთან ერთად

- ორი შვილი გყავთ - როგორი მამა ხართ?

- ​საკუთარ თავზე საუბარი ძნელია, თუმცა ერთი ვიცი - თუ ჩემს ცხოვრებაში მცირე დრო ან თავისუფალი სივრცე არსებობს, ყოველთვის შვილებთან ერთად ვატარებ. მათთან ერთად ყოფნა არასდროს მეზარება, რადგან დროის დეფიციტი მუდმივად მაქვს. ​სამწუხაროდ, ეს დრო ჩემს ნათესავებსა და ძმაკაცებს დააკლდათ. მათ წინაშე ძალიან შერცხვენილი ვარ. სპექტაკლი როგორც კი დამთავრდება, მაშინვე სახლში მივდივარ, რომ ბავშვს ჩავეხუტო და ვეთამაშო. ეს ყველაფერი სხვა ურთიერთობების ხარჯზე ხდება. სპექტაკლის შემდეგ სადმე წასვლა რომ დავიწყო, მაშინ შვილებისთვის დროს ვეღარ გამოვნახავ. პრიორიტეტები ასე მაქვს დალაგებული. ადრე მეც ცხოვრების სხვა წესი მქონდა. თუმცა ახლა მივხვდი, რომ თუ დროულად არ დავიძინე, მეორე დღეს ენერგია აღარ მექნება. ​მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობრებიც, თითქმის ყველანი, ამავე აზრამდე მივიდნენ. ჩვენს რეალობაში რაღაც შეიცვალა, რაც 10 წლის წინ ასე არ ჩანდა. ყველამ ოჯახი მეტად დააფასა, პასუხისმგებლობა აიღო და გაიაზრა, რომ ერთმანეთს საქმეში ხელი არ უნდა შევუშალოთ. დღეს ნორმალური სამსახურის პოვნა რთულია და მისი არასწორი ქმედებების გამო დაკარგვა აღარავის სურს. თან ისეთი სამსახური არ მაქვს, ცხრიდან ხუთამდე რომ გრძელდებოდეს. ხშირად დილიდან ღამის თერთმეტ საათამდე აქ ვარ, ამიტომ ბალანსის დაცვა ჩემთვის ორმაგად რთულია. ​

უფროსი, თომა, თერთმეტი წლისაა და ეს ყველაფერი ძალიან მოსწონს. თუ გაიგებს, რომ პრემიერა მაქვს, მაშინვე ადგილს მთხოვს. ვუთხარი, სანამ ამ პროფესიაში ვიქნები, ნებისმიერ სპექტაკლზე ერთი ადგილი ყოველთვის მისი იქნება. ​პატარა ჯერ წლისა და ექვსი თვისაა. მოუთმენლად ველოდები, როდის გახდება სამი-ოთხი წლის. მახსოვს, თომაც ამ ასაკში რეპეტიციებზე როგორ დამყავდა. ახლა პატარას წამოზრდას ველოდები. მათთან ყოფნისას სულ სხვა ძალასა და ენერგიას ვგრძნობ. როცა ვიცი, რომ დარბაზში სხედან, მშვიდად ვარ.

nika-paikrize-3-1773128525.jpg
ნიკოლოზ ფაიქრიძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად

- დაბოლოს, რა გინდათ მკითხველს, მაყურებელს კიდევ უთხრათ?

​- ერთი რამ მინდა, ვთქვა: ახლა ქვეყანაში ისეთი პერიოდი გვაქვს, რომ ეს პოლარიზაცია და დაპირისპირება, სამწუხაროდ, ძალიან გაგრძელდა. ორივე მხარეს მინდა ვთხოვო - მოეშვან ერთმანეთის გაგიჟებასა და ცეცხლზე ნავთის დასხმას, რადგან უკვე ვიწვით. სხვანაირი ხალხი გავხდით, ამას ვგრძნობთ და ერთმანეთს მხოლოდ ვაბრკოლებთ. იმის ნაცვლად, რომ უფრო ლაღები, სიყვარულით სავსენი ვიყოთ, ამ საზიზღარი პოლიტიკით, რომელიც ყველას ოჯახში შემოიჭრა და ჩასახლდა, უბრალოდ ვანადგურებთ ერთმანეთს. ალბათ, ამ ყველაფერს მერე ისეთი დიდი და ღირსეული სიტყვები შეეწირება, როგორიცაა "სამშობლო". მივალთ მაგ ზღვრამდე და ეს არავის მოეჩვენოს წარმოუდგენლად. ყველაფერი ზიზღითა და ერთმანეთის განადგურების სურვილით იწყება, რაც საბოლოოდ ყველაფერს მოედება. ​ქართველ ერს - ჩემს ჭკვიან, განათლებულ და მოაზროვნე ხალხს ვთხოვ, რომ შევიყვაროთ ერთმანეთი. რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ ამაღლება, საკუთარ თავზე გამარჯვება და იმის რწმენა, რომ თუ ერთმანეთი გვეყვარება, აღარ იარსებებს ძალა, რომელიც ასე მარტივად მოგვერევა. დღეს, სამწუხაროდ, მოქმედებს პრინციპი: "დაქსაქსე, იბატონე, დაშალე და გაიმარჯვე". ჩვენ კი ყველანი ცალ-ცალკე ვართ ჩვენი პოზიციებით და სწორედ ამით გვჯაბნიან. მინდა, ერთ დღეს მაინც გამარჯვებულ საქართველოში გავიღვიძოთ. თუ ეს ცოტა პათეტიკურად ჟღერს, მაპატიონ, მაგრამ გულითა და სულით მხოლოდ ეს მინდა - შევძლოთ გაერთიანება სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაში. აი, ეს არის ჩემი სათქმელი.