15-წლიანი განათლების უწყვეტი ციკლი - რატომ იწყება წარმატება ბაღიდან? - მშობლები

15-წლიანი განათლების უწყვეტი ციკლი - რატომ იწყება წარმატება ბაღიდან?

2026-03-10 15:06:45+04:00

თანამედროვე სამყაროში განათლება აღარ არის მხოლოდ ფაქტების დამახსოვრება. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც პიროვნების ფორმირებას ადრეული ასაკიდანვე იწყებს. ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA) საქართველოში ერთ-ერთი პირველია, ვინც განათლების ჰოლისტიკური მოდელი დანერგა. ის გულისხმობს მიდგომას, სადაც სწავლის პროცესი ორიენტირებულია არა მხოლოდ აკადემიურ მოსწრებაზე, არამედ ადამიანის, როგორც ერთიანი სისტემის, განვითარება-სრულყოფაზე.

რას გულისხმობს 15-წლიანი სწავლების ციკლი, რატომ არის „0 კლასი“ სკოლის განუყოფელი ნაწილი და როგორ ეხმარება კემბრიჯის კურიკულუმი 3 წლის ბავშვებს სამყაროს აღქმაში? ამ და სხვა აქტუალურ თემებზე აკადემიის დაწყებითი საფეხურის ხელმძღვანელი თემო ვაშაკიძე გვესაუბრება.

თემო, დავიწყოთ ფუნდამენტური საკითხით. რატომ მიიჩნევთ ბაღს საგანმანათლებლო სისტემის საწყის წერტილად და არა უბრალო გასართობ სივრცედ?

ბაღი დიდი სტრუქტურის პირველი საგანმანათლებლო რგოლია. აქ ბავშვი ცხოვრებაში პირველად ხვდება სტრუქტურულ გარემოში. ჩვენი ფილოსოფია მარტივია - რამდენადაც მყარი და სწორი იქნება ეს საწყისი, იმდენად წარმატებით განვითარდება მოზარდის აკადემიური გზა. ბრიტანულ-ქართული აკადემია მოსწავლეებს სთავაზობს 15-წლიან უწყვეტ მოდელს, რაც გულისხმობს განათლების დაწყებას ბაღიდან და მის ლოგიკურ გაგრძელებას მე-12 კლასის ჩათვლით. თითოეული წელი, თითოეული კლასი დინამიკურად ებმის ერთმანეთს, რაც ქმნის განვითარების ერთიან, უწყვეტ ჯაჭვს.

რამდენადაც ცნობილია, BGA-ს ბაღში საგნობრივი სწავლება 3 წლის ასაკიდან იწყება. რა მიზანს ემსახურება ეს სტრუქტურა და რას სთავაზობთ 3-4 წლის პატარებს?

თანამედროვე ეპოქაში დაბადებული ბავშვები საოცარი სისწრაფით ითვისებენ ინფორმაციას. ჩვენ, როგორც კემბრიჯის კურიკულუმის ერთადერთი განმახორციელებელი ბაღი საქართველოში, მათ ვთავაზობთ მათემატიკას, ინგლისურს, ცურვას, ხელოვნებას, მუსიკას და სხვა საგნებს. აქ მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, რისიც მშობლებს ხშირად ეშინიათ. საგნობრივი კომპეტენციების დაუფლება არ ნიშნავს სიმკაცრეს ან სრულყოფილ საგაკვეთილო პროცესს. ეს არის თამაშის პრინციპით სწავლება. დღის განმავლობაში მოსწავლეები თამაშით ითვისებენ დათვლას, ანგარიშსა და ენობრივ უნარებს.

629888324-940512271798094-6913380170204955912-n-1773140870.jpg

რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება წინასასკოლო ასაკის ბავშვებისთვის?

არაფორმალური განათლება ჩვენთვის პრიორიტეტულია. ბაღში ფუნქციონირებს მოზაიკის, ბალეტის, ხატვის და სხვა კლუბები. ეს არა უბრალოდ გართობა, არამედ თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების საშუალებაა. ჩვენი მიზანია, ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩინოს საკუთარი ინტერესები.

ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სასკოლო სწავლება იწყება 0 კლასიდან. ეს ფრესქულია თუ უშუალოდ სკოლა?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ბრიტანული განათლების მოდელი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოში, 13-წლიანია, ქართული კი - 12-წლიანი. რადგან საერთაშორისო პროგრამას ვახორციელებთ, ჩვენი სტრუქტურაც 13 წელზეა გათვლილი. 0 კლასი ჩვენთან პირველი კლასია. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვი, რომელიც 0 კლასში მოდის, პირდაპირ სკოლაში ხვდება. აქ ზუსტად ისეთივე გარემოა, როგორიც შემდეგ კლასებში. 15-წლიანი ციკლიც სწორედ აქედან გამომდინარეობს: 13 წელი სკოლა და 2 წელი ბაღი.

649068515-1479106483919261-128709992809668874-n-1773140895.jpg

როგორ ეხმარება 15-წლიანი სისტემა მოსწავლეებს, რომელთაც სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება სურთ?

ჩვენი პროგრამა სრულად ორიენტირებულია იმაზე, რომ მოსწავლისთვის საერთაშორისო განათლება მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით ირიცხებიან ინგლისის, ამერიკისა და ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში. სკოლაში მე-8 კლასიდანვე ფუნქციონირებს საუნივერსიტეტო მრჩევლის სექცია, რომელიც მოსწავლეებს პროფესიულ ორიენტაციასა და უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრაში ეხმარება.

უცხო ენის სწავლება 3 წლის ასაკიდან იწყება. რას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება?

ჩვენ ბრიტანულ-ქართული აკადემია ვართ და ეს ინგლისურის ადრეულ საფეხურზე სწავლება ბუნებრივია. მართალია, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე აქვთ წვდომა უცხო ენოვან მასალებზე, მაგრამ ენის დაუფლება სრულიად სხვა პროცესია, ვიდრე უბრალოდ ვიდეოების ყურება. სკოლამდე ინგლისურს მხოლოდ ფონეტიკის დონეზე ვასწავლით. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მიდგომა გვაქვს ქართული ენის შემთხვევაშიც. ჩვენ ვთვლით, რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყებს ბავშვი ამ კომპეტენციის ათვისებას, მით უფრო ორგანული იქნება მისთვის თანამედროვე სამყაროსთან კომუნიკაცია.

რას გვეტყვით, წინასასკოლო საფეხურზე მშობლების როლზე? რამდენად ღიაა აკადემია მათთან თანამშრომლობისთვის?

ჩვენი ხედვით, განათლების მოდელი მხოლოდ მასწავლებლისა და მოსწავლისგან არ შედგება. ეს არის სამკუთხედი: მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე. მყარ შედეგს მხოლოდ ამ სამი რგოლის თანამშრომლობით მივაღწევთ. განსაკუთრებით ბაღის პერიოდში, როდესაც ბავშვი პირველად სცილდება ოჯახს. ამ დროს ავტორიტეტების შეცვლა ხდება. სწორედ ამიტომ, გვაქვს ორკვირიანი საადაპტაციო პერიოდი, როცა მშობელი ბავშვთან ერთად ატარებს დროს ბაღში, რათა ნდობა მოიპოვოს. ნდობის გარეშე სასწავლო პროცესი ვერ წარიმართება.

627718129-936184162260977-7323625239382927105-n-1773140923.jpg

საინტერესოა, როგორ ფასდება პროგრესი წინასასკოლო საფეხურზე?

ჩვენ არ ვიყენებთ ციფრულ ქულებს. წელიწადში ორჯერ გვაქვს ოფიციალური შეფასება, რომელიც არის სიტყვიერი რეზიუმე. ვაფასებთ როგორც მიღწევის დონეს, ისე მოსწავლის მცდელობას. ეს საშუალებას გვაძლევს, მიდგომა იყოს მაქსიმალურად ინდივიდუალური და გამოიკვეთოს ის მიმართულებები, სადაც ბავშვს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენი გარემო, თავისი მულტიფუნქციური სივრცეებით, უზრუნველყოფს, რომ ბავშვმა განივითაროს როგორც წინარეაკადემიური, ისე მოტორიკის უნარები და სკოლაში გადასვლა მისთვის სრულიად ბუნებრივი და სასიამოვნო პროცესი იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ბაღის მოსწავლე ყოველდღიურად ხედავს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და წინასწარ იქმნის წარმოდგენას, თუ როგორი იქნება მისი სასკოლო ცხოვრება. ეს დამატებითი სტრესისგან იცავს მას.

როგორ ხდება ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბაღში მიღება?

ჩვენი ბაღი 3 წლიდან იწყება. თუმცა შემდგომ საფეხურებზე შემოერთებაც შესაძლებელია. დაინტერესებულ მშობლებსა და ბავშვებთან ვნიშნავთ გასაუბრებას, ვაცნობთ ჩვენს ძირითად პრინციპებს, ვათვალიერებინებთ სივრცეებს. ვცდილობთ, ჩვენთან ყველაფერი ნდობაზე იყოს დამყარებული, ამიტომ მათ საცდელ დღესაც ვთავაზობთ.

ბრიტანულ-ქართული აკადემია - ლეო კვაჭაძე 17 (ლისის ტბა),

თბილისი, 0186 საქართველო

+995 322 251 253

www.bga.ge

R