ტელეკომპანია ITV-ის დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით "ფერგის სტილისტი და მკვლელი: ჯეინ ენდრიუსის ისტორია", ეკრანებზე მისი მილიონერი საყვარლის, ტომას კრესმანის მკვლელობისთვის სასჯელის მოხდიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა. ენდრიუსმა დანაშაული 2001 წელს ჩაიდინა და წლების განმავლობაში სასჯელს იხდიდა. წელსვე გამოვიდა სერიალი "ლედი", რომელიც ჯეინ ენდრიუსის შესახებ უამბობს მაყურებელს.
თემა კვლავ აქტუალური გახდა და მსოფლიომ კიდევ ერთხელ გაიხსენა სკანდალი, რომელიც დიდ ბრიტანეთში დიდხანს ახსოვდათ...
ჯეინი 1967 წელს ბრიტანეთის ჩრდილოეთით, ლინკოლნშირის საგრაფოში, ქალაქ კლითორპსში დაიბადა. მოზარდობის ასაკში მრავალი სირთულის გადალახვა მოუხდა - დეპრესიით, პანიკური შეტევებითა და კვებითი აშლილობით იტანჯებოდა. ბავშვობაში, დაახლოებით 8 წლის ასაკში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც გახდა, თუმცა ეს ამბავი მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გაამხილა და ბევრისთვის გახდა ცხადი, საიდან იღებდა სათავეს მისი ფსიქიკური ტრავმები და კომპლექსები.
15 წლის ასაკშით ვითმკვლელობაც კი სცადა, თუმცა მედიკამენტების გადაჭარბებული დოზისგან სიკვდილს იმის წყალობით გადაურჩა, რომ დედამისმა სკოლის გაცდენის შესახებ შეიტყო და მიუსწრო.
როგორც მისი ახლო გარემოცვა იხსენებს, ერთადერთი, რაც მას მოსწონდა და კარგ ხასიათზე აყენებდა, იყო ოცნება იმაზე, როგორ გააღწევდა პატარა პროვინციული ქალაქიდან, აღმოჩნდებოდა ლონდონში და გახდებოდა ცნობილი დიზაინერი, დიდი ქალბატონი ან სულაც - პრინცესა...
17 წლის ასაკში დაორსულდა და აბორტი გაიკეთა. ეს ფაქტი კიდევ ერთ ტრავმად დარჩა მის ცხოვრებაში...
მოდის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ჟურნალ The Lady-ში გამოქვეყნებულ ანონიმურ განცხადებას გამოეხმაურა. "დასაქმებული დედისთვის" პირად სტილისტს ეძებდნენ. ექვსი თვის შემდეგ იორკის ჰერცოგინიასთან გასაუბრებაზე მიიწვიეს - ბრიტანეთის პრინც ენდრიუს ცოლთან, სარა ფერგიუსონთან, რომელსაც ხმაურიანი ცხოვრების წესისა და ქცევის გამო, უკვე საკმაოდ კარგად იცნობდნენ ბრიტანეთში.
ქალი მაშინ პრინცესა ბეატრისზე ახალი ნამშობიარევი იყო.
ბუკინგემის სასახლემ გოგონა სტილისტის პოზიციაზე აიყვანა და წლიურად 18 ათასი ფუნტი სტერლინგი დაუნიშნა. იგი პრინცი ენდრიუს მეუღლის გარდერობზე ზრუნავდა და მას სხვადასხვა ტურნეშიც კი თან ახლდა.

შეიძლება ითქვას, რომ გოგონას ოცნება მოულოდნელად ახდა. სტილისტისთვის სამეფო კარზე მუშაობა მნიშვნელოვან სტატუსსა და მაღალ საზოგადოებასთან კავშირებს ნიშნავდა. ჯეინი სარას სულ თან ახლდა, ფაქტობრივად მის პირად ასისტენტად იქცა და მაშინაც მის გვერდით იყო, როცა სარა და ენდრიუ განქორწინდნენ, სარას ხარჯები შეუმცირეს და სულ რამდენიმე მოახლის ანაბარა დარჩა.

თუმცა, 9 წლის შემდეგ მაინც დაითხოვეს. ოფიციალურ მიზეზად ხარჯების შემცირება და სარას ვალები დასახელდა, თუმცა რეალურ მიზეზად ტოსკანელი არისტოკრატის, გრაფ გადო დელა გერარდესკას მისდამი გამოჩენილი ინტერესი მიიჩნეოდა. ამბობდნენ, რომ გრაფთან ფერგის იმ დროს რომანი ჰქონდა და მან იეჭვიანა…
1990 წლის აგვისტოში 23 წლის ჯეინი IBM-ის აღმასრულებელ დირექტორზე, კრისტოფერ დან-ბატლერზე დაქორწინდა, რომელიც მასზე 20 წლით უფროსი გახლდათ. ხუთი წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, რის შემდეგაც ენდრიუსმა აღიარა, რომ რამდენიმე ისეთი გატაცება ჰქონდა, რომლითაც თავადაც არ ამაყობდა. მისმა ყოფილმა მეუღლემ კი მოგვიანებით აღნიშნა, რომ ჯეინს საკმაოდ ფეთქებადი და ცვალებადი ხასიათი ჰქონდა და რთული იყო მასთან ცხოვრება.
მოგვიანებით გოგონას ლონდონის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის ბერძენი მაგნატის ვაჟთან, დმიტრი ჰოუმთან ჰქონდა რომანი. ზოგიერთი წყაროს თქმით, დაშორების შემდეგ ქალმა მათი საერთო საცხოვრებელი დაარბია და სუიციდი კვლავ სცადა, თუმცა გადარჩა…
მომავალი მსხვერპლი კი ჯეინმა 1998 წელს გაიცნო. ტომას კრესმანი მას საერთო მეგობარმა გააცნო. მამაკაცი ყოფილი მაკლერი იყო. ავტომობილების აქსესუარების წარმატებულ ბიზნესს მართავდა და ლონდონის ელიტარულ წრეებთან თანამშრომლობდა. ამ დროს ჯეინ ენდრიუსი სამეფო სამსახურიდან უკვე დათხოვნილი იყო და გავლენიანი და მდიდარი მამაკაცი გვერდით ნამდვილად სჭირდებოდა.
იგი კრესმანთან ფულჰემის რაიონში მდებარე ბინაში გადავიდა და მასზე დაქორწინებასა და ოჯახის შექმნას ითხოვდა.
2000 წლის სექტემბერში, ურთიერთობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, 34 წლის ქალი თავის 39 წლის რჩეულთან ერთად ფრანგულ რივიერაზე, მამაკაცის ოჯახის ვილაზე გაემგზავრა. ჯეინი ცოლობის შეთავაზებას ელოდა. სამწუხაროდ, მისი მოლოდინი არ გამართლდა. ტომასმა მას განუცხადა, რომ მსგავსი განზრახვა არ ჰქონდა.

ლონდონში დაბრუნებისთანავე მათ შორის სერიოზული უთანხმოება მოხდა. კრესმანმა პოლიციაშიც კი დარეკა და შეატყობინა, რომ შესაძლოა, ვინმე დაშავებულიყო. თუმცა, გამოძახებას რეაგირება არ მოჰყოლია...
მეორე დღეს, ენდრიუსმა მამაკაცს მძინარეს ჯერ ხელკეტი დაარტყა, მერე კი - დანა. ტომასი საწოლში მომაკვდავი მიატოვა და მიიმალა.
ორი დღის შემდეგ კორნუოლში, საკუთარ ავტომობილში მყოფს, სუიციდის მორიგი მცდელობა ჰქონდა, თუმცა პოლიციამ აღმოაჩინა და დააპატიმრა. მომდევნო წლის მაისში მკვლელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გოგონას ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ პარტნიორმა მასზე იძალადა. საქმის გამომძიებელმა, ჯიმ დიკიმ, ამის შესახებ აღნიშნა: "მან იგი ჯერ სიცოცხლეში მოკლა, სიკვდილის შემდეგ კი ხელმეორედ მოკლა, როდესაც მისი რეპუტაციის განადგურება სცადა".
მოგვიანებით ენდრიუსს შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმმა ისიც განაცხადა, რომ მისი ზოგიერთი მტკიცებულება კრესმანის შეურაცხმყოფელი და სასტიკი ქცევის შესახებ სიმართლე აღმოჩნდა…
პატიმრობის პერიოდში ჯეინი სხვა მამაკაცით დაინტერესდა, რომელიც სასჯელს თაღლითობისთვის სხვა ციხეში იხდიდა. როდესაც მამაკაცმა იგი არ მოინახულა, ჯეინი მეიდსტონში მდებარე ღია ტიპის ციხიდან გაიქცა. ქალი გაქცევიდან სამი დღის შემდეგ, 2009 წლის ნოემბერში, ახლომდებარე სასტუმროში დააკავეს. იქ იგო მშობლებთან ერთად იყო...
Daily Telegraph-ის მონაცემებით, პატიმრობისას ენდრიუსი მშობლებზე მუდმივად ნერვიულობდა, რის გამოც ახლობლების სანახავად გაქცევა გადაწყვიტა. იმ დროისთვის დამნაშავის გათავისუფლების სავარაუდო თარიღად 2012 წელი განიხილებოდა.
The Telegraph წერდა, რომ მას შემდეგ, რაც ენდრიუსი ციხიდან გაიქცა და რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ პოულობდნენ, მისი ყოფილი დამქირავებელი და უფროსი, იორკის ჰერცოგინია, თავზარდაცემული იყო და ეშინოდა.2009 წელს Daily Mirror იუწყებოდა, რომ ჰერცოგინიას დასაცავად შეიარაღებული პოლიცია გამოიყო: "ამბობენ, რომ 40 წლის ჯეინ ენდრიუსმა ფერგის შტატების შემცირების საბაბით მისი სამსახურიდან გაშვება არასოდეს აპატია", - წერდნენ გაზეთებში.
ჯეინის დაპატიმრების შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ სამეფო კარის თანაშემწეების ვარაუდით, მან სარას პირადი ანგარიშიდან 10 ათასამდე ფუნტი სტერლინგიც მიითვისა. აღნიშნული თაღლითობა მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც 1990-იანი წლების შუა პერიოდში ჰერცოგინია პრინც ენდრიუსთან განქორწინდა და სამეფო ოჯახი დატოვა. The Sun-ის ინფორმაციით, სარასა და მის სტილისტს შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა არსებობდა. ჰერცოგინია მას "ლედი ჯეინს" უწოდებდა, ხოლო ციხეში იგი "ფერგის ჩიტუნას" სახელით გახლდათ ცნობილი. როგორც ცნობილია, ქალმა ამ დამოკიდებულებით ისარგებლა და ჰერცოგინია გაძარცვა...
ენდრიუსი 2015 წელს გაათავისუფლეს, თუმცა 2018 წელს, შევიწროების ბრალდებით, იგი New Hall-ის ციხეში ხელმეორედ მოხვდა. ამჟამად 58 წლის ჯეინი ლინკოლნშირში, Morrison-ის მაღაზიაში მუშაობს. თუმცა ტომას კრესმანის ახლობლებს ის ფაქტი, რომ ქალს ნორმალური ცხოვრების გაგრძელების შანსი მიეცა, უკიდურესად აშფოთებთ.
