ცნობილი მსახიობი ნინო მუმლაძე ხშირად აღნიშნავს, რომ წონას ებრძვის. მისი თქმით, წონაში კლების არაერთი მცდელობის შემდეგ, უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა... თუმცა ამ ჩანაფიქრს მისთვის მოულოდნელი გულისტკივილი და იმედგაცრუება მოჰყვა, რაზეც ამ ვიდეოში საუბრობს:
„მშობიარობის შემდეგ ძალიან მიჭირს წონის დაკლება, ძალიან ბევრი ხერხი ვცადე, მაგრამ ვერ დავიკელი. გადავწყვიტე, უფრო რადიკალურ გზებს მივმართო. გარკვეული მიზეზების გამო, ბარიატრიას ვერ გავიკეთებ. ერთ-ერთ კლინიკაში აღმოვაჩინე ბევრად დამზოგველი მეთოდი, ნაკლებად მტკივნეული, ვიდრე ბარიატრიაა. დიდი დროც არ სჭირდება რეაბილიტაციისთვის. თუმცა ვინაიდან ამ პრცედურას სჭირდება 17 000, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი თანხაა და დარწმუნებული ვარ, უმრავლესობისთვისაც. სესხითაც წარმოუდგენელია ჩემთვის. ამიტომ გადავწყვიტე ბედი მეცადა - დავუკავშირდი კლინიკას და შევთავაზე ბარტერი. გადავწყვიტე, შევხვდე მათ წარმომადგენელს და ავუხსნა, რომ შემიძლია, ჩემს საკუთარ მაგალითზე დეტალურად ვაჩვენო ამ ოპერაციის პროცესიც, შედეგიც, ანუ ამ პროცედურის მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით თუ დაინტერესდებით, მინდა ბარტერული გაცვლა შემოგთავაზოთთქო.
როცა შევხვდი წარმომადგენელს, ძალიან უცნაური იყო ჩემს მიმართ დამოკიდებულება. ვითომ არ იცოდა, ვინ ვარ... ავუხსენი და ვუთხარი ჩემი იდეა. შემომთავაზა მცირე ფასდაკლება, ანუ ცდილობდა მაინც მოეყიდა ეს პროცედურა. ვუთხარი, რომ 1-2 ათასის დაკლება ჩემთვის ვერაფერი შეღავათი იქნებოდა. აიღო ტელეფონი, რომ ენახა, რამდენი გამომწერი მყავს. უცებ მომძებნა ინსტაგრამზე და მაჩვენა, რომ ჩემი ფასი ნულის ტოლია. მითხრა, რომ გამომწერების რაოდენობა ძალიან მცირე მყავს და რომ მათთვის არანაირ ინტერესებში არ შედის ამ პროცედურის ჩემთვის ჩუქება ან სიმბოლურ ფასად გაკეთება.
რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია, რა უღირთ, რა არ უღირთ. გული დამწყდა არა იმაზე, რომ პროცედურა ვერ მივიღე უფასოდ, არამედ იმაზე, რომ დღეს ვცხოვრობთ გარემოში, სადაც არავითარი ფასი აღარ აქვს შენს მოღვაწეობას, შენს მიღწევებს, წლებს, როცა საყვარელი იყავი შენი მაყურებლებისთვის, რამდენად დასამახსოვრებელი სახეები შექმენი, რამდენი ადამიანი გაახალისე შენი შემოქმედებით. ამას დღეს არავითარი ფასი აღარ აქვს. ჩვენს ღირებულებას განსაზღვრავს, თუ რამდენი გამომწერი გყავს. არ ვიცი, შეიძლება მე ვარ ცოტა მოძველებული შეხედულების ადამიანი და ამიტომ ვუყურებ ასე გულისწყვეტით. ამოყირავდა ის ღირებულებები, რაზეც მე გავიზარდე და გული მწყდება ამ ყველაფერზე“ - ამბობს ნინო მუმლაძე.