საქართველოში 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებისათვის "ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის" პრინციპი ამოქმედდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთ ქალაქში, კონკრეტულ პროგრამაზე მიღება, მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება შესაძლებელი.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია ყოველთვის მარტის დასაწყისში ცხადდებოდა. ჯერჯერობით, 2026 წლის გამოცდებზე რეგისტრაციის თარიღი უცნობია. უნივერსიტეტებს, პარალელურად, 3-წლიან საბაკალავრო და 1-წლიან სამაგისტრო პროგრამებზე გადასვლა უწევთ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამები სხვაგვარად გადალაგდა და შესაბამისად, აბიტურიენტთა ცნობარის გამოქვეყნება და რეგისტრაციის გამოცხადება გადავადდა.
ბუნებრივია, აბიტურიენტთა ჯგუფებში აბიტურიენტებს უამრავი სხვადასხვა შეკითხვა აქვთ. მათ დიდ ნაწილს აინტერესებს, ხომ არ დაიწყო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია, ან ხომ არ გამორჩათ თარიღი. ჯერჯერობით, როგორც აღვნიშნეთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის გამოცხადების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.
რაც შეეხება "ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის" პრინციპს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია ხშირად გაჟღერდა და ჩვენც არაერთხელ დავწერეთ, აბიტურიენტთა ნაწილი კვლავ დაბნეულია.
"ბიზნესზე, ჯავახიშვილის გარდა, რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტს მირჩევდით?", "ფსიქოლოგია რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტებში შემიძლია, ავირჩიო?" - მსგავსი შეკითხვები ჯგუფებში ხშირად იწერება.
"ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის" პრინციპით, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან ბიზნესის ადმინისტრირებაზე მიღებას მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოაცხადებს. 2026-2027 სასწავლი წლისთვის ადგილების რაოდენობა 1765 -ია. თუკი 2025 წელს აბიტურიენტებს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის არჩევა თსუ-ს გარდა, მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სოხუმის უნივერსიტეტში შეეძლოთ, წელს აღნიშნულ პროგრამაზე მიღებას თბილისში მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოაცხადებს. ქუთაისში აღნიშნული პროგრამა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმში კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება. თუ თბილისში ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე მიღებას მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოაცხადებს, აბიტურიენტი კერძო უნივერსიტეტების არჩევანში არ შეიზღუდება. იგი პროგრამათა ჩამონათვალში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სოხუმის უნივერსიტეტს ვეღარ დაწერს იმიტომ, რომ აღნიშნული პროგრამა გაუქმდა, მაგრამ მას შეუძლია თბილისში არსებული კერძო უნივერსიტეტებიდან ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა აირჩიოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან საგრანტო სისტემა უქმდება. ყველა, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს, უფასოდ ისწავლის. კერძო უნივერსიტეტებში კი 50, 70 ან 100%-იანი გრანტის გამოყენებას ვეღარ შეძლებთ.
ამავე პრინციპით, ფსიქოლოგიის პროგრამაზე თბილისში მიღებას მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოაცხადებს. აბიტურიენტი, 2025 წლის მსგავსად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიას ვეღარ აირჩევს, რადგან აღნიშნულ უნივერსიტეტში ეს პროგრამა გაუქმდა. ვერც სოხუმის უნივერსიტეტს დაწერს, რადგან აღარც სოხუმის უნივერსიტეტშია ფსიქოლოგიის პროგრამა ხელმისაწვდომი.
2026-2027 სასწავლო წლისთვის ფსიქოლოგიის პროგრამაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 150 ადგილია გამოყოფილი.
ასევეა სხვა პროგრამების შემთხვევაში. მაგალითად, ეკონომიკის პროგრამას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოხუმის უნივერსიტეტში ვეღარ აირჩევთ. აღნიშნული პროგრამა, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარჩა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სამართლის პროგრამას ვეღარ აირჩევთ. 2026-2027 სასწავლო წლისთვის თსუ პროგრამაზე 1130 სტუდენტს მიიღებს.
ასევეა, მაგალითად, პოლიტიკის მეცნიერების შემთხვევაში. პოლიტიკის მეცნიერების პროგრამაზე, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, მიღებას მხოლოდ თსუ გამოაცხადებს და 80 ადგილია განსაზღვრული. 2025 წელს აღნიშნული პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იყო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ცვლილებები სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეხო და შეზღუდვა კერძო უნივერსიტეტებზე არ ვრცელდება.
გარდა ამისა, 2026 წლის 9 მარტს საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების დაზუსტებული რაოდენობა გამოქვეყნდა და ინფორმაციას შეგიძლიათ, ბმულზე გაეცნოთ.
თამარ იაკობაშვილი