დედა ქალიშვილს ანონიმურად უგზავნიდა მუქარის შემცველ, დამამცირებელ მესიჯებს და თვითმკვლელობისკენაც მოუწოდებდა - მიზეზად შვილის შეყვარებულის მიმართ სიმპათიებიც დასახელდა - მშობლები

დედა ქალიშვილს ანონიმურად უგზავნიდა მუქარის შემცველ, დამამცირებელ მესიჯებს და თვითმკვლელობისკენაც მოუწოდებდა - მიზეზად შვილის შეყვარებულის მიმართ სიმპათიებიც დასახელდა

2026-03-11 19:06:07+04:00

2025 წლის ბოლოს პლატფორმა Netflix-ზე გამოვიდა დოკუმენტური ფილმი „უცნობი ნომერი: ქეთფიშინგი სკოლაში“.

ფილმი რეალურ ისტორიას მოგვითხრობს ამერიკელი მოზარდის, ლოურენ ლიკარის შესახებ, რომელიც 2021 წელს, 13 წლის ასაკში, კიბერბულინგის მსხვერპლი გახდა. ყველაზე შოკისმომგვრელი კი ის აღმოჩნდა, რომ ამ ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე თავად მისი დედა იყო.

ლოურენი მიჩიგანის შტატში ცხოვრობდა და თანაკლასელ ოუენ მაკკენის ხვდებოდა. მათი ურთიერთობა მშობლებისთვისაც არ დაუმალავთ — უფროსებმა იცოდნენ მოზარდების ურთიერთობის შესახებ და, მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ „ზრდასრულ“ ურთიერთობებს შეიძლება გარკვეული შედეგები მოჰყვეს, წინააღმდეგიც არ იყვნენ.

960x540-0xqhi2l0ix-6464557594526192807-1773242621.jpg
ლოურენი და ოუენი

გარედან ყველაფერი იდეალურად გამოიყურებოდა: ლოურენი და ოუენი ერთად ატარებდნენ დროს, დადიოდნენ სასკოლო ღონისძიებებზე და ბედნიერ წყვილად ითვლებოდნენ. მაგრამ მალე მათი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად გადაიქცა. ორივე მათგანს ტელეფონზე უცნობი ნომრიდან მუქარის შემცველი შეტყობინებები მისდიოდა.

ყველაფერი 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. ლოურენი ოუენთან ერთად ჰელოუინის წვეულებაზე წასვლას გეგმავდა, თუმცა უცნობი ადამიანისგან მიღებულმა შეტყობინებამ გეგმები შეცვალა. მესიჯში თითქოს ოუენის სხვა თაყვანისმცემელი წერდა:

„გამარჯობა, ლოურენ. ოუენი შენთან დაშორებას აპირებს. შენ აღარ მოსწონხარ. მას მე ვუყვარვარ და ჩემს თმას აღმერთებს... არ ვიცი, გითხრა თუ არა ჩვენ შესახებ, მაგრამ ჰელოუინზე ერთად მივდივართ. შენ კარგი გოგო ხარ, მაგრამ მას ვერ აძლევ იმას, რაც სჭირდება.“

ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ლოურენი ყოველდღიურად იღებდა 5-დან 50-მდე შეტყობინებას. ბევრი მათგანი აშკარა მუქარას და დამცირებას შეიცავდა. უცნობი ავტორი წერდა, რომ ოუენი სინამდვილეში სხვა გოგოსთან იქნებოდა, რომ მათი ურთიერთობა მალე დასრულდებოდა და რომ ლოურენი საბოლოოდ მარტო დარჩებოდა.

1456x957-1-a5b6db325e8b1ed0ae1ba29c0a2361ad2066x1358-0xpfn56wqq-3584523933253454795-1773242638.jpg.webp
ლოურენის დედა, კენდრა

ზოგი მესიჯი განსაკუთრებით დამამცირებელი იყო. მაგალითად:

  • „პარასკევი, როცა თქვენი დაშორება გამოცხადდება, ეპიკური იქნება.“

  • „იცი მაინც რას ამბობს ის შენზე ზურგს უკან?“

  • „ის აღარასდროს იქნება შენი. ეს ჩემი გამარჯვება იქნება.“

მოზარდები დარწმუნებული იყვნენ, რომ სტალკერი მათი გარემოცვიდან იყო ვინმე. შეტყობინებებში ისეთი დეტალებიც ჩანდა, რომელიც მხოლოდ ახლოს მყოფ ადამიანს შეეძლო სცოდნოდა. მაგალითად, ერთ-ერთში ეწერა: „ლეგინსებში საშინლად გამოიყურები — ძალიან გამხდარი ხარ.“

ეს იმას ნიშნავდა, რომ ვიღაცამ ლოურენი ამ ტანსაცმლით ნახა.

ასეთი შეტყობინებების ყოველდღიურმა ნაკადმა გოგონა ძლიერ სტრესამდე მიიყვანა. წარმოიდგინეთ: ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად იღებდა შეურაცხყოფებს, მუქარებს და თვითმკვლელობისკენ მოწოდებებს.

ლოურენი ამაზე თავის მეგობარ ბიჭსაც ესაუბრებოდა. ოუენი ამტკიცებდა, რომ სხვა არავინ ჰყავდა და რომ უცნობი ადამიანი სპეციალურად ცდილობდა გოგოსთვის ტკივილის მიყენებას. თუმცა დროთა განმავლობაში მათმა ურთიერთობამ ამ ზეწოლას ვერ გაუძლო — კიბერდევნა წყვილს შორის მუდმივ კამათს იწვევდა, რამაც ნდობა შეარყია.

შეტყობინებები სპეციალური საიტიდან იგზავნებოდა, რომელიც ტელეფონის ნომერს ცვლიდა, ამიტომ გამგზავნის კვალის პოვნა თითქმის შეუძლებელი იყო. ლოურენის დედა, კენდრა, ტელეფონის ნომრის შეცვლასაც არ ეთანხმებოდა — ფიქრობდა, რომ ეს პრობლემას ვერ მოაგვარებდა.

საბოლოოდ გოგოს მშობლებმა პოლიციას მიმართეს. საქმეში FBI ჩაერთო. გამოძიებას დიდი დრო არ დასჭირვებია: IP-მისამართის დადგენის შემდეგ სამართალდამცველებმა გაარკვიეს, საიდან იგზავნებოდა შეტყობინებები.

960x540-0xghxmnhgz-0874863505027007151-1773242652.jpg
ლოურენი მშობლებთან ერთად

შედეგმა ყველა შოკში ჩააგდო — ლოურენის კიბერბულინგის უკან მისი საკუთარი დედა, კენდრა ლიკარი იდგა.

პოლიციამ ოჯახში ჩხრეკის ორდერი მიიღო და მალევე იპოვა მტკიცებულებები, რომ სწორედ კენდრა აგზავნიდა იმ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ მესიჯებს. ქალი დანაშაულს არ უარყოფდა.

ლოურენის მამა შოკში იყო — მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მის გვერდით ასეთი საქციელის ჩამდენი ადამიანი ცხოვრობდა. ოუენის დედაც გაოგნებული დარჩა. მისი აზრით, კენდრას ოუენის მიმართ უცნაური სიმპათია ჰქონდა, მაგრამ რადგან ოუენი მის შვილთან — ლოურენთან იყო ურთიერთობაში, კენდრას მასთან ურთიერთობა ვერ ექნებოდა.რადგან მასთან ურთიერთობა ვერ შეძლო, გადაწყვიტა ყველასთვის ცხოვრება გაემწარებინა.

დაკითხვის დროს კენდრა ამტკიცებდა, რომ პირველი შეტყობინებები — სადაც თითქოს ოუენი ლოურენთან დაშორებას აპირებდა — თავად არ გაუგზავნია. მისი თქმით, თავდაპირველად ცდილობდა გაერკვია, ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ ყველაფრის უკან, მაგრამ იმ პერიოდში სამსახური დაკარგა და ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საბოლოოდ ისე ჩაითრია ამ პროცესმა, რომ თავად გახდა კიბერბულინგის ავტორი.

„არ ვიცოდი, როგორ უნდა შევჩერებულიყავი. იმ მომენტებში თითქოს სხვა ადამიანი ვიყავი. ფსიქოლოგიურად არ ვიყავი წესრიგში — თითქოს ნიღაბი მქონდა მორგებული და ვეღარ ვხვდებოდი, ვინ ვიყავი სინამდვილეში,“ — განმარტა მან.

მიუხედავად ამ ახსნისა, ქალი დააკავეს. სასამართლომ მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობით. 2024 წლის აგვისტოში კენდრა ციხიდან გამოვიდა. ამ დროისთვის მისმა ქმარმა უკვე განქორწინება მოითხოვა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალიშვილზე სრული მეურვეობა მიიღო.

960x670-0xrbn0rhap-2830347045920456117-1773242709.jpg
ლოურენი 15 წლის ასაკში

დოკუმენტურ ფილმში კენდრას საქციელს „ქეთფიშინგს“ უწოდებენ — ეს არის თაღლითობის ფორმა, როდესაც ადამიანი ყალბ ანგარიშებს ქმნის და სხვის ნდობის მოსაპოვებლად სხვა პირად იდენტობას იყენებს. თუმცა ფსიქოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში საქმე უფრო კიბერ-მიუნჰაუზენის სინდრომთან გვაქვს. ეს მდგომარეობა მაშინ ხდება, როდესაც მშობელი საკუთარი შვილითაა შეპყრობილი და ყურადღების მისაქცევად უცნაურ და დამაზიანებელ გზებს მიმართავს. სიტყვა „კიბერ“ კი მიუთითებს, რომ ყველაფერი ონლაინ სივრცეში მიმდინარეობდა.

საქართველოში ლურჯი ვეშაპის მსგავსი თამაში ჩარლი გამოჩნდა - 6 წლის ბიჭის იტორია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ
დაჩოქილი შემევედრები, რომ რომელიმე სახურავიდან გადაგაფრინო! - რას წერს გოგონა, რომლის ძმაც ლურჯი ვეშაპის დავალებით ფანჯრიდან გადახტა