სოციალურ ქსელებში პოპულარული ბლოგერი, თამაზ ლოხიშვილი (თამაზა) გადაცემაში "სხვა ნანუკა" საკუთარ ოჯახში მომხდარ ტრაგედიებს იხსენებს და საუბრობს, როგორ დაკარგა ორი ძმა:
- 2 წელი გახდება შემოდგომაზე, რაც მეორე ძმა გარდამეცვალა. უკრაინაში გარდაიცვალა. თავიდანვე ეგ მოწოდება ჰქონდა. მამაჩემიც ჯარისკაცია, ბიძაჩემიც. ერთი ბიძა გარდაცვლილია, ისიც სამხედრო. ჩემს ძმასაც ბავშვობიდან აინტერესებდა და მამაჩემს ძალიან უხაროდა ხოლმე. მის ზომაზე აკერინებდა ფორმას, ფეხსაცმელს. ყველაფერი უყვარდა, რაც ჯართან იყო დაკავშირებული.... მე მაშინ გავიგე, როცა უკვე უკრაინაში იყო. ერთად ვცხოვრობდით. ვიცოდი, რომ მეგობრებთან ერთად წავიდა. რა არ გავაკეთეთ, კონტაქტზე გასვლა ძალიან გაგვიჭირდა. თავად სამხედროში ჩავერიეთ და "დავბრაკეთ" ისე, რომ ჩემმა ძმამ არც იცოდა. ჩემი ძმა მზარეული იყო. ისეთი საბუთი მივაცემინეთ უკრაინაში, რომ ეთქვათ, ომში ბრძოლა არ შეიძლებაო. თბილისში წამოვიდა... რესტორანი გახსნა, წილში იყო. ისეთი ხათრიანი იყო, ვერც მიბედავდა, ეთქვა, რომ მისი რესტორნისთვის რეკლამა ჩამეწერა. თურმე, ფული რაც ერიცხებოდა, უკრაინაში, ბიჭებს ურიცხავდა. 2000 ლარი ჩაერიცხა ხელფასი და ლარი არ დაუტოვებია თავისთვის....
მეგობრების შეკრების დღე მქონდა ხოლმე. სოფელში დიდი სუფრა გავაკეთე. მთელი სამეგობრო მყავდა. იმ საღამოს, ჩემს მეგობრებთან ერთად დაესწრო და იმავე საღამოს უკრაინაში მაინც გაიპარა. რომ ჩავიდა, იცოდა, თუ ქართველების ბანაკში მოხვდებოდა, ისევ არ შეუშვებდნენ, აქედან ყველა გაფრთხილებული მყავდა... ისეთი ეშმაკი იყო, იცოდა, ქართველებთან თუ ჩავიდოდა, უკან გამოუშვებდნენ და უკრაინელების მხარეს წავიდა. ისინიც ეუბნებოდნენ, წადიო. დედაჩემმა უთხრა, ერთი შვილი გარდაცვლილი მყავსო... არც მქონია იმის განცდა, რომ ვერ ჩამოვიდოდა. რომ ვწერდით, მოკლედ გვპასუხობდა. მერე დარეკა, უნდა წამოვიდეო. ძალიან გაგვიხარდა. თურმე, უკრაინის ომში დრონებს აგდებდა. ძალიან მაგარი მიზანი ჰქონდა. უთხრეს, შემჩნეული ხარო და ძებნაზე აიყვანეს. მეთაურმა უთხრა, რაკი გეძებენ, აქ სხვებსაც პრობლემას შეუქმნი და წადი საქართველოშიო. მოწერიდან რამდენიმე დღეში, რასაც ებრძოდა, იმან იმსხვერპლა...
8 წლის იყო პირველი ძმა, რომ გარდაიცვალა. ბიძაჩემი თავისი ცოლ-შვილის სანახავად გვერდით სოფელში მიდიოდა. ჩემმა ძმამ თქვა, გავყვებიო. ბიძაჩემი და მეზობელი სიგარეტს ეწეოდნენ. წინ ბენზინის ბალონი ჰქონდათ ჩადგმული. ერთ-ერთმა მოწევის დროს "ბიჩოკი" გადააგდო, შუშას მოხვდა, უკან დაბრუნდა და აფეთქდა. ორივე შიგნით ჩაიწვა. იქამდე ჩემი ძმა ფანჯრიდან გადმოაგდეს, რომ გადარჩენილიყო... ჩვენი სახლიდან 2 სახლის იქით მოხდა. ამ ამბავს თავად ვუყურეთ. 18 დღე იცოცხლა. მთელი კანი დამწვარი ჰქონდა. კანი დედაჩემმა გადაუნერგა, მაგრამ მე-18 დღეს ორგანიზმი მოეწამლა.