16 წლის ავა კლარკი, რომელიც "ნორთვესტ რენკინის" სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. ჩვილობიდანვე მისისიპის ბავშვთა საავადმყოფოს პაციენტი გახლავთ. მას დაბადებისთანავე ალბინიზმის დიაგნოზი დაუსვეს - ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი მელანინს მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს ან საერთოდ არ წარმოქმნის. გარდა იმისა, რომ მელანინი თვალის, კანისა და თმის ფერს განსაზღვრავს, ის თვალის განვითარებასა და ფუნქციონირებაშიც დიდ როლს ასრულებს.
ავა კლარკი მცირედ მხედველია, თითქმის უსინათლო; მას ნისტაგმი (თვალის კაკლების უნებლიე, განმეორებადი მოძრაობა) და ასტიგმატიზმი აღენიშნება.



პარალელურად, გოგონას ძალიან აქტიური და საინტერესო ცხოვრება აქვს და მედიის ყურადღებას ხშირად იპყრობს.
მხედველობის დარღვევას ავა კლარკისთვის ოცნებებისკენ სწრაფვაში ხელი არ შეუშლია. იგი "ნორთვესტ რენკინის" მედია აკადემიის წარჩინებული მოსწავლეა; მონაწილეობა აქვს მიღებული სარეკლამო გადაღებებში, ფილმებსა და ბიონსეს მუსიკალურ კლიპში. ამჟამად სკოლის საინფორმაციო გამოშვებებს უძღვება.

მომავალში კომუნიკაციების სფეროში მოღვაწეობას გეგმავს. სურს, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ბაკალავრის ხარისხი "აივი ლიგის" უნივერსიტეტში მოიპოვოს, რის შემდეგაც კარიერას მარკეტინგის მენეჯერად ან სპორტულ ჟურნალისტად წარმართავს.
ავა ოჯახის წევრებისთვის პატარა ანგელოზად იქცა. ისინი გაჩენის დღიდან გააოგნა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ავა კლარკის დედაც, მამაც და ყველა ნათესავიც შავკანიანია. როგორც აღვნიშნეთ, გოგონა თანდაყოლილი ანომალიით – ალბინიზმით დაიბადა და სწორედ ამ თავისებურებამ გაუთქვა სახელი მსოფლიოში.



ავას უჩვეულო გარეგნობა სამოდელო სააგენტოებმაც შენიშნეს და გოგონამ სამოდელო კარიერა 3 წლის ასაკში დაიწყო. სააგენტოებმა ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს, თუ ვის ერგებოდა ეს გოგონა. რამდენიმე სარფიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და რეგულარულად ღებულობდა მონაწილეობას მოდურ ჩვენებებსა და ფოტოსესიებში.






"მთელი ცხოვრებაა, მოდელობა მანიჭებს სიამოვნებას. ჩემი ადრეული და საუკეთესო მოგონებები სწორედ გადასაღებ მოედანს უკავშირდება. მქონდა ისეთი დიდი შესაძლებლობები, როგორიცაა ჟურნალ ESSENCE-ში, Vogue-სა და Teen Vogue-ში გამოჩენა. ბიონსესთან კი ორჯერ ვიმუშავე. მასთან მიღებული გამოცდილება ჩემი კარიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახლავთ", - ამბობს ავა.


აქტიური ცხოვრების წესის მქონე ავა კლარკი მისისიპის მეტროპოლიტენის ცეკვის აკადემიის ბალეტის კლასში ირიცხებოდა, ახლა კი "ნორთვესტ რენკინის" ცნობილ გუნდებში - The Allure-სა და The Ambassadors-ში მღერის. გარდა ამისა, იგი სკოლის ბენდში დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ქსილოფონსა და ტიმპანზე უკრავს.
