თანამედროვე მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა ბავშვის ეკრანთან გატარებული დროა. ტელეფონი ხშირად იქცევა „სწრაფ გამოსავლად“ — როცა ბავშვი მოწყენილია, როცა მშობელს საქმე აქვს ან უბრალოდ როცა გვინდა ბავშვი ცოტა ხნით გაჩუმდეს ან გაჩერდეს.
ეს წერილი ერთ-ერთ დედას ეკუთვნის, რომელიც, სხვა დედების მსგავსად, ძალიან შეშფოთებული იყო შვილის ეკრანზე დამოკიდებულით.
"3 წლის ბიჭი მყავს. არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემი შვილი ეკრანდამოკიდებული იყო. ძალიან ცოტა ხნით ვაძლევდი ხოლმე ტელეფონს, უფრო ხშირად ჭამის დროს. ოჯახის სხვა წევრებიც იგივეს აკეთებდნენ.
ერთ დღესაც დავაკვირდი, რომ სულ უფრო ხშირად ითხოვდა ტელეფონს. მის გარეშე აღარც ჭამა უნდოდა, არც თამაში. გავაცნობიერე რომ სატამაშოების მილაგება საერთოდ აღარ მიწევდა და მართალი გითხრათ, შიში ვიგრძენი. ქცევებიც შეეცვალა, ჩაძინება თანდათან უჭირდა. ლოგინშიც ტელეფონს ითხოვდა. შეზღუდვა უკვე შეუძლებელი იყო. თუ მივცემდი, უკან ვეღარ ვართმევდი ისტერიკების გარეშე. ამიტომ გადავწყვიტე, თუნდაც ერთი კვირა საერთოდ არ მიმეცა მისთვის ტელეფონი.
პირველი დღე ყველაზე რთული იყო. მთელი დღე ტიროდა. ნორმალურად არც უჭამია. რამდენჯერმე მთხოვა ტელეფონი და აშკარად ვერ ხვდებოდა, რატომ არ ვაძლევდი. იმ დღეს დაძინებაც ძალიან გაუჭირდა და ღამესი რამდენჯერმე გაიღვიძა. ეს ყველაფერი მიმდინარეობდა ოჯახის წევრების "აჯანყების" ფონზე: "ნუ აწვალებ ბავშვს", "თავიდანვე არ უნდა მიგეჩვია", "უფრო დაისტრესება" და მსგავსი ფრაზები უფრო მაგიჟებდა, ვიდრე ბავშვის ტირილი. თვითონ უფრო უჭირდათ ბავშვის თვალწინ ტელეფონის გამოყენებისგან თავის შეკავება. ყველას დავაწევინე ზარის ხმაც. ბოლოს დედაჩემთან წავედით, მოვიმიზეზე, რომ რამდენიმე დღით მოხმარება სჭირდებოდა.
იქ უფრო მშვიდად ვიყავი და უფრო მიადვილდებოდა ტელეფონის დამალვა, განსხვავებით ჩემი დედამთილ-მაზლისგან. მესამე დღეს მდგომარეობა ნელ-ნელა შეიცვალა. ისევ ითხოვდა ტელეფონს, მაგრამ შეეგუა, რომ პასუხი არ იცვლებოდა და ტირილი შეწყვიტა. როგორც კი შევატყვე, რომ უბრალოდ, მოიწყინა, ფერადი ფურცლები, ლეგო და ძველი ფაზლები, რომლებითაც ბებოსთან დიდი ხანია, უსარგებლოდ იდო. წიგნიც წავიკითხეთ, რაც ბოლო დროს იშვიათად ხდებოდა, რადგან აღარ მისმენდა და ამაში საკუთარ თავსაც ვადანაუშაულებ.
მეხუთე დღისთვის საინტერესო ცვლილება შევამჩნიე: ბავშვი თვითონ მეუბნებოდა, რა გვეთამაშა. ზოგჯერ ხატავდა, სათამაშოებით თამაშობდა. ყველაზე მეტად გამიკვირდა, როცა ერთხელ უბრალოდ ეზოში ვისხედით და გარეთ მომხდარ ამბებს აკვირდებოდა — ადრე ასეთ მომენტში აუცილებლად ტელეფონს მომთხოვდა.
მეექვსე-მეშვიდე დღეს კიდევ ერთი ცვლილება შევამჩნიე - უფრო დიდხანს თამაშობდა ერთ თამაშს. მაგალითად, ლეგოს კუბების აწყობას ბევრად მეტხანს ანდომებდა. უფრო ბევრსაც მელაპარაკებოდა.
ორ კვირაში სულ სხვა ცხოვრება გვქონდა - უფრო მეტი დროს ვატარეთ ერთად და თვითონაც უფრო დიდხანს თამაშობდა მარტო.
რა ვისწავლე ამ ორკვირიანი "ექსპერიმენტიდან"?
ეს არ ნიშნავს, რომ ტექნოლოგიები მთლიანად უნდა ავკრძალოთ. დღევანდელ სამყაროში ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ერთი პატარა ექსპერიმენტიც კი აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბალანსი და სიფრთხილე, რომ ეკრანი არ იქცეს ბავშვსი მთავარ გასართობად.
თავიდანვე დააწესეთ კვირაში ერთი ან ორი დღე სრულად ეკრანის გარეშე, როცა ტელეფონი უბრალოდ არ არსებობს."