ქართველი ბიჭუნა სახის მძიმე ანომალიით: "მისი სახე დანაწევრებული იყო. მსოფლიოშიც კი ძალიან მცირეა მისი სტატისტიკა " - მშობლები

ქართველი ბიჭუნა სახის მძიმე ანომალიით: "მისი სახე დანაწევრებული იყო. მსოფლიოშიც კი ძალიან მცირეა მსგავსი შემთხვევები"

2026-03-13 13:56:31+04:00

5 წლის თომა სახის მძიმე დეფორმაციით დაიბადა. დედა 4 თვის ფეხმძიმემ იყოს, როცა რთული დიაგნოზი დაუსვეს - ნაყოფის განვითარების შეფერხება და სახის მძიმე ანომალია. სახის ასეთი მძიმე ანომალიის გამომწვევი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი, ორსულობის დროს გადატანილი ინფექციები ან სხვა გარემო პირობები.

თომა დაბადებიდან რამდენიმე თვე საავადმყოფოში დატოვეს. მძიმე დიაგნოზის მიუხედავად, პატარას საკვების მიღება არ გაუჭირდა. ოჯახმა ბრძოლა პირველი დღეებიდანვე დაიწყო და ერთი წლის ასაკში უკვე პირველი ოპერაციაც ჩატარდა. ბავშვს სულ 5 აღდგენით-რეკონსტრუქციული ოპერაცია აქვს ჩატარებული. აღდგენილია კანის, კუნთების და რბილი ქსოვილების მთლიანობა.

ნათია როჭიკაშვილი, თომას დედა:

„რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ იმედი არ დამიკარგავს, რომ ბედნიერი დედა ვიქნებოდი და ჩემს შვილს ყველაფერი ეშველებოდა. ყველა ოპერაციაზე დიდი განცდებში ვიყავი. თავს ვეუბნებოდი, უნდა გამაგრდე და შვილს მიხედო. ძალიან რთული იყო, როცა ტრანსპორტში ამყავდა. ყველა მეკითხებოდა, ეს რა არის...

დავით ჯმუხაძე, ციციშვილის სახელობის ბავშვთა რეგიონული ჰოსპიტლის ყბა-სახის ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი:

„ავუხსენი მშობლებს, რომ დიდი და რთული გზის გავლა მოგვიწევდა. გარდა ვიზუალური დეფექტისა, არის კვების ფუნქცია, მეტყველების ფუნქცია, ყბა-კბილთა თანმხლები ანომალია. გვქონდა სახის ორმხრივი ნაპრალი. მისი სახე დანაწევრებული იყო, საკმაოდ იშვიათ თანდაყოლილ ანომალიათა ჯგუფს ეკუთვნის. მსოფლიოშიც კი მისი სტატისტიკა ძალიან მცირეა. დარღვეული ანატომიური მთლიანობის აღდგენა შევძელით. აღვადგინეთ ფუნქციებიც, თუმცა მაკორეგირებელი ოპერაციები კიდევ გვჭირდება.

ეს არ არის განაჩენი და სტიგმა, ამის გამოსწორება შესაძლებელია."

მარიამ მარხვაშვილი, თომას ბებია:

„იმდენად არარსებული სახე ჰქონდა, ექიმებსაც ეჭვი ეპარებოდათ, რომ კვებას შეძლებდა. შეიძლებოდა, ყელში გადასცდენოდა, მაგრამ ჩვენ არასდროს გვიფიქრია, რომ ბავშვზე უარი გვეთქვა. ზუსტი მიზეზი ამ ანომალიის ვერავინ გვითხრა. მემკვიდრეობითი არ არისო, მაგრამ რაღაც გენეტიკური კოდი არის დარღვეულიო.

რომელი პროდუქტები გვეხმარება დნმ-ის, გენური საუნჯის დაცვაში? - მარი მალაზონია გირჩევთ

გაგვიმართლა, ნამდვილად ღვთის საჩუქარი იყო ჩვენთვის ექიმი დავით ჯმუხაძე, რომელმაც მხოლოდ ექიმობა არ გაგვიწია. მან ჩვენ სიყვარული და იმედი მოგვცა.

ნათია უძლიერესი დედაა. მე სულ ტირილით დავდიოდი, მაგრამ ნათიას თვალზე ცრემლი არ შემიმჩნევია. ბავშვს არაჩვეულებრივი გონებრივი შესაძლებლობები აქვს, მეტყველებაში გვაქვს ცოტა ხარვეზები, ესეც სასის ბრალია. ამასაც ძალიან მალე ეშველებაო."

საბედნიეროდ, თომას განვითარება ასაკის შესაბამისია. დედის თქმით, მას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს და "ფეხის ფრჩხილიდან თმის წვერამდე ჯანმრთელია". ბიჭუნას წინ კიდევ გამოწვევებით სავსე რამდენიმე ოპერაციაა. თომამ უნდა შეძლოს და სრულფასოვნად, ბედნიერად იცხოვროს.

ბავშვს 70-ზე მეტი ოპერაციის ჩატარება მოუწევდა... - 3 წლის გოგონა ბეტმენის ლაქით შინ ბრუნდება